სოჭი და სირიის სახელმწიფოს მომავალი

ჟენევისა და ასტანის შემდეგ სოჭი – ეს უკვე მესამე ქალაქია, სადაც სირიის სახელმწიფოს მომავალი წყდება. გასული წლის დეკემბრის მიწურულს ასტანის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში სამი წამყვანი მოთამაშე – რუსეთი, თურქეთი, ირანი – ერთხმად შეთანხმდა, რომ 29-30 იანვარს სოჭში სირიაში მშვიდობიანი პოლიტიკური ტრანზიციისთვის ეროვნული დიალოგის კონგრესი ჩატარდებოდა.

კონგრესის მთავარ ამოცანას მასში სირიის ოპოზიციის მაქსიმალური ჩართულობა წარმოადგენდა, რათა სამშვიდობო პროცესს ყოვლისმომცველი ხასიათი ჰქონოდა. ფორუმი ადრე გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელიც ორ ძირითად დოკუმენტს ეყრდნობოდა – 2012 წლის ჟენევის კომუნიკე I-ს და 2015 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2254-ს. დოკუმენტები სამ ძირითად პრინციპს ემყარება: ქვეყანაში შეწყდეს საომარი მდგომარეობა (არ იგულისმხება დაეშისა და ალ-ნუსრას წინააღმდეგ ბრძოლის შეჩერება), გაეროს ზედამხედველობით ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი და საყოველთაო  საპარლამენტო არჩევნები და დაიწყოს ახალი კონსტიტუციის შექმნის პროცესი, რომელიც სირიის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას განაპირობებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დოკუმენტებში არ არის ნახსენები პრეზიდენტ ასადის გადაყენების საკითხი, რაც დღეს მთავარ სადაო თემად რჩევა საყოველთაო კონსესუსის მისაღწევად.

30 იანვარს, სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესმა 12 პუნქტიანი დოკუმენტი დაამტკიცა, რომლის მთავარი მიღწევა არის ის, რომ შეიქმნება 150 კაციანი საკონსტიტუციო კომიტეტი, რომელშიც შევა სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ექსპერტები, თემის ლიდერები და ა.შ. მაგრამ რამდენად ექნება მას საყოველთაო ხასიათი, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. საკონსტიტუციო კომიტეტი შემდგომში განიხილავს რუსეთის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო პროექტს, რომელიც კონსტიტუციონალისტების მიერაა შედგენილი. კონგრესი შეთანხმდა, რომ ახალი კონსტიტუციის მიღება სირიის მიწაზე, სირიელების მიერ უნდა მოხდეს.

კონგრესზე ოპოზიციურ ჯგუფთა 1600-მდე წევრი იყო მოწვეული, საიდანაც 1500 დაესწრო მოლაპარაკებების პროცესს. ეროვნული დიალოგის კონგრესზე მოწვეული იყვნენ იორდანია, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ერაყი, ლიბანი, ყაზახეთი და წარმომადგენლები გაეროში აშშ-დან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან. სოჭში იმყოფებოდა გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებებში სტეფან დე მისტურა. მისტურას თქმით, კონგრესის შედეგების შესრულება სავალდებულო არ არის და ამით ხაზი გაუსვა სოჭის კონგრესის მიმართ გაეროს სკეპტიციზმს. მისტურას ვიზიტი დადებითად შეაფასა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმაც, რომელმაც რუსეთისა და გაეროს სხვა წევრების ინტერესების დაახლოების საჭიროებას გაუსვა ხაზი. თუმცა, მისტურას კონგრესზე ყოფნა კრიტიკის საგანი გახდა ოპოზიციური ჯგუფების ნაწილისგან.

ღონისძიებაზე დასწრებაზე უარი თავიდანვე განაცხადა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ -უმაღლესი მოლაპარაკებების კომიტეტმა (HNC). თურქული მხარის მოთხოვნით მონაწილეებს შორის არ იყო მთავარი ქურთული პოლიტიკური ძალა, დემოკრატიული ერთობის პარტია (PYD) და მისი მეტოქე ძალაც, თურქების მიერ აღიარებული, ქურთული ეროვნული საბჭო (KNC). უმაღლესი მოლაპარაკებების კომიტეტის ნაწილი სოჭში ჩაფრინდა, მაგრამ მათ აეროპორტი არ დაუტოვებიათ, რადგან ქალაქის კონგრესის სიმბოლიკებთან ერთად სირიის სახელისუფლებო დროშებით გაფორმება გააპროტესტეს. კონგრესში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს შედარებით რბილ ოპოზიციას – ე.წ. კაიროსა და მოსკოვის პლატფორმებს. მათთვის ასადის პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენება მთავარ კრიტიკულ საკითხს არ წარმოადგენს.

 

კონგრესი კონგრესისთვის

ასტანის და ახლა უკვე სოჭის სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსულ-თურქულ-ირანული ინსტრუმენტია, რითაც ეს მოთამაშეები ცდილობენ დასავლური კოალიციის მიერ ინიცირებული ჟენევის მოლაპარაკებების ეფექტური ალტერნატივა შექმნან და ამ ფორუმით საკუთარი ინტერესების გატარება უკეთ მოახერხონ. ჟენევის მოლაპარაკებებთან შედარებით, რომელიც წლების განმავლობაში ხელშესახები შედეგების გარეშე სრულდებოდა, ასტანის პროცესი შედარებით უკეთესი მიღწევებით გამოირჩა – სამშვიდობო პროცესის სამი ბროკერი მხარე სირიაში დეესკალაციის ზონების შექმნაზე შეთანხმდა და ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიაღწია. მიუხედავად ამისა, ასტანის შედეგები დღეს კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – სირიის სამთავრობო ძალების მიერ საბრძოლო მოქმედებები უკვე თვეზე მეტია, ორ დეესკალაციის ზონაში, როგორც იდლიბის პროვინციაში, ასევე აღმოსავლეთ გუტას რეგიონში მიმდინარეობს.

სოჭის პირველმა კონგრესმა აჩვენა, რომ შესაძლოა ფორუმმა ჟენევის ბედი გაიზიაროს და ჩიხში შევიდეს. მიზეზი ერთია – რუსული მცდელობა, რომ ჟენევისგან გასხვავებით სოჭში ყოვლისმომცველი, ინკლუზიური და საქმიანი მოლაპარაკებები შემდგარიყო და სირიაში პოლიტიკურ ტრანზიციაზე საუბრები დაწყებულიყო, ჩავარდა. სოჭის კონგრესს ლეგიტიმაცია არ მისცა დასავლეთმა – აშშ-მა და ბრიტანეთმა. ამასთანავე, გაეროს წარმომადგენლის ვიზიტიც დიდწილად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მაგრამ გარეზე მეტად სოჭის კონგრესისთვის შიდა, სირიული ლეგიტიმაციაა სასიცოცხლო, რომელიც ამ ღონისძიებას არ ჰქონია.

სირიის მთავარი ოპოზიციური ძალის კონგრესში არ მონაწილეობა და ამასთანავე, ქურთების არ ყოფნაც, კონგრესის მნიშვნელოვან დელეგიტიმაციას ეწევა და მას ცალმხრივ და ექსკლუზიურ ფორმატად აქცევს. უმაღლესი მოლაპარაკებებების კომიტეტის (HNC) მთავარი მოთხოვნა ასადის ხელისუფლებიდან წასვლაა და მხოლოდ ამის შემდგომ არჩევნების ჩატარება და სირიისთვის ახალი კონსტიტუციის შექმნა. ეს მოთხოვნა კატეგორიულად მიუღებელია, როგორც რუსეთისთვის, ასევე ირანისთვისაც. სირიაში რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდერ ლავრენტიევმა განაცხადა, რომ იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომელთა მთავარი მოთხოვნა ბაშარ ალ-ასადის გადაყენებაა, სოჭის კონგრესი დახურულია, და რომ ამ ჯგუფებს მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის გაგრძელება სურთ. კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ოპოზიციის ნაწილის არ ყოფნა კონგრესის მსვლელობას ხელს არ შეუშლის და მის საბოტაჟს ვერ მოაწყობს.

ასადის ოპოზიცია სამხედრო კუთხით რამდენიმე თვეა, რაც წამგებიან პოზიციაშია და მათი აზრით, რუსეთის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო პროცესში ჩართვა მათ სრულ მარცხს გამოიწვევს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რუსეთი, როგორც ასადის რეჟიმის მთავარი მოკავშირე, ამ კონფლიქტში ნეიტრალური მხარე არ არის და რეალურად, ვერც იქნება. სოჭის კონგრესი მათთვის აღიქმება რუსულ მცდელობად შექმნას ახალი, საკუთარი პოლიტიკური ჩარჩო, რომელიც ჟენევისა და გაეროს მიერ მიღებულ დოკუმენტებს ჩაანაცვლებს.

სოჭის კონგრესის დააანონსებისთანავე, ოპოზიციის 40 ფრაქციამ, რომლებიც ასტანის მოლაპარაკებებშიც იღებდნენ მონაწილეობას, ფორუმს ბოიკოტი გამოუცხადა. მათ რუსეთი აგრესიულ ოკუპანტად გამოაცხადეს, რომელიც სირიის ტერიტორიაზე ომის დანაშაულებებს ჩადის და არ შეიძლება იყოს სირიაში პოლიტიკური ტრანზიციის მთავარი მოდერატორი. ოპოზიციის ეს ფრაქციები კონგრესში მონაწილეობას რუსული ოკუპაციის აღიარებასა და ოპოზიციის დამარცხებად მიიჩნევენ. რუსეთის მიმართ განსაკუთრებით რადიკალურები სამხედრო-ოპოზიციური დაჯგუფებები არიან – თავისუფალი სირიული არმია და სირიული მუსლიმთა საძმო. ისინი მიიჩნევენ, რომ ის, ვინც სოჭის კონგრესში მონაწილეობას მიიღებს მოღალატე და მტერია.

როგორც ჩანს, სოჭის ეროვნული დიალოგის კონგრესი იმგვარად ეფექტური ვერ იქნება, როგორც ეს მოსკოვს სურს და გეგმავს. სირიაში პოლიტიკური ტრანზიციისთვის მოლაპარაკებების სავარაუდო შედეგი ვერ გახდება საყოველთაოდ მიღებული – მას როგორც საერთაშორისო (გაერო), ასევე შიდა სირიული აღიარება აკლია. საერთოდ, რაიმენაირი შედეგის მიღწევაც შეიძლება გართულდეს იმ პირობებში, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პრატიკულად დარღვეულია და სამხედრო ოპერაციები ხორციელდება დეესკალაციის ზონებში. ამას ემატება თურქეთის მხრიდან ქურთულ ანკლავ აფრინზე ანტიტერორისტული სამხედრო იერიშის წამოწყებაც, რაც სირიელ ქურთებს საერთოდ თიშავს ტრანზიციის პროცესში ჩართულობისგან.

რუსეთისთვის საკუთარი სამხედრო წარმატების პოლიტიკურში კაპიტალიზაცია ისეთი მარტივი არ აღმოჩნდა, როგორც ამას მოსკოვში ფიქრობდნენ. ის კვლავ ამდიდრებს საკუთარ გამოცდილებას, როდესაც კონფლიქტში მოდერატორის როლის თამაში სურს მაშინ, როცა ამავე კონფლიქტის არაღიარებული მონაწილე მხარეა. ეს გარემოება მისდამი, როგორც ‘ნეიტრალური’ მოთამაშის მიმართ, როგორც მონაწილე მხარეებში, ასევე საერთაშორისო აქტორებში ნდობას ამცირებს.

 

ფოტო გარეკანზე: sana.sy

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.