ზეთისხილის რტო ანუ თურქული მათრახი

20 იანვარს, თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის ავიაძალებმა მოსაზღვრე სირიის ქურთებით დასახლებულ აფრინის კანტონში სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ დაიწყო. პირველადი დაბომბვა კანტონის რამდენიმე ქალაქზე განხორციელდა, განადგურდა თურქების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ქურთების სამხედრო დაჯგუფების, სახალხო დაცვის შენაერთების (YPG) მთავარი ბაზა ალ-მალქიაში. ასევე, ავიაიერიშის სამიზნე გახდა აფრინში მდებარე ქურთების სამხედრო ავიაბაზა მენაღი.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია შეთანხმებულია ოფიციალურ დამასკოსთან, რუსეთის შუამავლობით. მაგრამ აღნიშნულს დამასკო უარყოფს და თურქეთის ქმედებას აგრესიად და სირიის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. რეჯებ ტაიპ ერდოღანის თქმით, აფრინის კანტონში ოპერაციის წარამტებით დასრულების შემდგომ სამხედრო შეტევა უკვე აფრინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მენჯიბზე განხორციელდება.

აფრინის კანტონში უკვე სახმელეთო, სატანკო-საარტილერიო ოპერაცია 21 იანვრის განმთენიისას დაიწყო. დაბომბვისას განადგურდა 153 სამიზნე და სამოქალაქო მსხვერპლიც მოჰყვა: დაიღუპა 6 მოქალაქე და 3  ქურთი მებრძოლი. თურქეთის მიზანია აფრინის რეგიონი 8000-10 000 ტერორისტი ქურთი მებრძოლისგან გაწმინდოს და 30 კმ-იანი უსაფრთხოების ზონა შექმნას.

„ოპერაცია ზეთისხილის რტოს“ გენერალი ისმაილ მეთინ თემელი ხელმძღვანელობს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის 2016 წლის სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალ-ბაბის შემოგარენის დაეშისა და ქურთი ტერორისტებისგან გაწმენდის „ოპერაცია ევფრატის ფარის“ წარმატებაში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აფრინის კანტონზე ოპერაცია მიმდინარეობს, როგორც თურქეთის ტერიტორიიდან ასევე, მის აღმოსავლეთით მდებარე თურქეთის მიერ დაკავებული ალ-ბაბის მხრიდანაც. სამხედრო ოპერაციაში თურქებს დახმარებას უწევს სირიის სამოქალაქო ომში ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე მთავარი სეკულარული ძალა, თავისუფალი სირიული არმია (FSA).

თურქული ოპერაციის საპასუხოდ, 21 იანვრის გამთენიისას სირიის ტერიტორიიდან თურქეთის სასაზღვრო ქალაქ კილისისკენ სამი რაკეტა გაისროლეს, რომლებიც ქალაქის გარეუბნებში ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, რუსმა სამხედროებმა აფრინის კანტონი უსაფრთხოების მიზნით დატოვეს. რუსი სამხედროები ქურთებით დასახლებულ რეგიონში 2016 წლის დასაწყისიდან იმყოფებოდნენ. რუსების მიერ თურქული სამხედრო ოპერაციისთვის მწვანე შუქის ანთება და სირიის საჰაერო სივრცეში უპასუხო შესვლის გრანტია სავარაუდოდ, 18 იანვარს თურქი სამხედრო გენერლის ჰულუსი აქარის მოსკოვში ვიზიტისას მოხდა, როდესაც მან დაგეგმილი ოპერაცია რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან განიხილა.

აფრინში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გაფრთხილებული იყო ამერიკული მხარეც, რაც ქვეყნის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა დაადასტურა. მან ხაზი გაუსვა ამ რეგიონის მნიშვნელობას თურქეთის უსაფრთხოებისთვის.

 

თურქეთის უსაფრთხოება

თანამედროვე თურქული სახელმწიფოს უსაფრთხოებას ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა აქვს:

  • ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციად წოდებული „ფეტო“;
  • ასევე საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული ქურთული მუშათა პარტია (PKK);
  • PKK-ს შვილობილი, თურქების მიერ ტერორისტებად აღიარებული სირიაში მოქმედი ქურთთა სახალხო დაცვის შენაერთები (YPG);
  • დამარცხებული დაეშის მებრძოლების ქვეყნის ტერიტორიაზე შედინება და მათი განეიტრალება.

თურქეთის სპეცსამსახურები და სამხედრო ძალები ყველა ამ მიმართულებით აქტიურად ოპერირებენ. მაგრამ სირიაში თურქეთის საზღვრის გასწვრივ უკვე წლობით გამაგრებულ ქურთთა დაჯგუფებებზე იერიში მიტანის დაჩქარება რამდენიმე ფაქტრომა გამოიწვია.

თურქეთის ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია, რაც სირიელი ქურთების მთავარ პოლიტიკურ ძალას, დემოკრატიული ერთობის პარტიასა (PYD) და მის სამხედრო დანაყოფებს, სახალხო დაცვის შენაერთებს (YPG) ქურთული მუშათა პარტიის სირიულ ნაწილად მიიჩნევს და მის განადგურებას საკუთარი უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს. გასული წლის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლება აქტიურად თხოვდა აშშ-ის ადმინისტრაციას სირიელი ქურთებისთვის სამხედრო მხარდაჭერა შეეწყვიტა. ამერიკული ორაზროვანი პოზიციის გამო, ნატოს წვერ ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაძაბვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ, სირიელი ქურთები გახდა.

გასული წლის ნოემბრის ბოლოს სოჭში გამართული რუსულ-ირანულ-თურქული სამიტიდან რამდენიმე დღეში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერდოღანს სატელეფონო საუბარისას შეპირდა, რომ პენტაგონი სირიელი ქურთების სამხედრო დახმარებას შეწყვეტდა. ამერიკულ ნაბიჯს მაშინ პოზიტიური უწოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავიშოღლუმ. მოგვიანებით, პენტაგონმა განაცხადა, რომ მსგავს შეპირებას მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ როდის განხორციელდებოდა იგი არ დაუზუსტებია. განცხადებაში მითითებული იყო ის, რომ მიუხედავად ქურთების მიერ რაქას დაეშელებისგან გათავისუფლებისა, აშშ მანამდე არ შეწყვეტდა ქურთების დახმარებას, სანამ ისლამური სახელმწიფოს საბოლოო განადგურების მომენტი არ დადგებოდა.

გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებამ, რომ შეერთებული შტატები განუსაზღვრელად დარჩება სირიის ტერიტორიაზე და რომ ამერიკულ ინტერესში კვლავ რჩება ასადის წასვლა, თურქების გაღიზიანება გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ამერიკული სამხედრო ძალები სირიელ ქურთებთან თანამშრომლობას კვლავ აგრძელებენ და ამ ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი. ამას გარდა, აშშ-ის ინიციატივით იქმნება ახალი 30 000 კაციანი სამხედრო ძალა ძირითადად, თურქეთთან სასაზღვრო ზოლის კონტროლისთვის, რომელიც მთლიანად სირიელი ქურთებით იქნება დაკომპლექტებული. პენტაგონის ინფორმაციით, ამჟამად სირიის ქურთისტანში 2000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. ამასთანავე, გასულ კვირას საიდუმლო შეთანხმების ფარგლებში სირიელმა ქურთებმა აშშ-ისგან მობილური საზენიტო თავდაცვითი სისტემები ე.წ. MANPADS მიიღეს.

ტილერსონის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა დემოკრატი სენატორებისგან. ისინი ტრამპის ადმინისტრაციის სახეცვლილ სირიულ პოლიტიკას ლეგიტიმაციას არ აძლევენ.

აშშ-ის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მიზნად არ ისახავდა თურქეთის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას, მაგრამ თურქეთისთვის ეს ამგვარად აღიქმება. აშშ-ის მიზანი ამ შემთხვევაში სირიაში ირანული გავლენის შეჩერებაა. ირანს, როგორც ასადის რეჟიმის ყველაზე მსხვილი სახმელეთო სამხედრო მხარდამჭერს სურს სირიაში პერმანენტული სამხედრო ბაზის აშენება, რაც კატეგორიულად მიუღებელია ისრაელისთვის და აშშ-ისთვის. ებრაულმა მხარემ ირანი გააფრთხილა, რომ სირიის ტერიტორიაზე იგი ირანული სამხედრო ბაზის არსებობას არ დაუშვებს და მზადაა ამ შემთხვევაში სამხედრო იერიში მიიტანოს სირიაზე.

ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკული და ებრაული მხარის ინტერესების არნახულად დაახლოვება მიანიშნებს იმაზე, რომ რექს ტილერსონის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ამერიკის სირიული პოლიტიკისთვის შედარებით რადიკალური იყო, ისრაელის ინტერესებით არის განპირობებული. ამასთანავე, აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ, შესამჩნევი ხდება ისრაელის ანტითურქული განწყობებიც. ამერიკული სამხედრო ძალების სირიის ქურთისტანში განუსაზღვრელად ყოფნა, როგორც ირანისთვის, ასევე თურქეთისთვისაც თავის ტკივილი იქნება, რაც ებრაული საგარეო პოლიტიკის ნაწილია.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში რუსეთის ბოლო ქმედებებმაც გარკვეულწილად განაპირობეს. გასული წლის დეკემბრის ბოლოსა და მიმდინარე წლის იანვარის დასაწყისში სირიაში ხმეიმიმის რუსულ ბაზაზე დრონების მეშვეობით თავდასხმა განხორციელდა, რომელსაც ორი რუსი სამხედრო ემსპხვერპლა. თავდასხმა იდლიბის პროვინციიდან ისლამისტი ამბოხებულების ან ალ-ნუსრას მებრძოლებისგან განხორციელდა. საპასუხოდ, რამდენიმე დღეში სირიის სამთავრობო ძალებმა და რუსულმა ავიაციამ იდლიბის პროვინციაში გამაგრებულ ისლამისტურ დაჯგუფებასა და ალ-ნუსრაზე იერიში მიიტანა. დაბომბვებს რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპრლა.

იდლიბის პროვინციაში, როგორც დეესკალაციის ზონაში, უსაფრთხოებას თურქული ძალები უზრუნველყოფენ. იდლიბის დაბომბვას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავიშოღლუ გამოეხმაურა და რუსეთსა და ირანს ასადის რეჟიმზე ზეწოლა და დეესკალაციის ზონის დაცვა მოსთხოვა.

„ოპერაცია ზეთისხილის რტომ“ სირიის შვიდწლიან სამოქალაქო ომში სრულიად ახალი ფრონტი გახსნა. ამ ოპერაციამ შეიძლება საერთოს შეცვალოს თურქეთის პრიორიტეტები ამ კონფლიქტში. შეიძლება მისთვის იდლიბის პროვინციაში გამაგრებული ამბოხებულების მხარდაჭერა მეორეხარისხოვანი გახდეს და მთელი კონცენტრაცია ქურთულ საფრთხეზე გადავიდეს. მიზეზი მარტივია: თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებისთვის ქურთთა დანაყოფების გაძლიერება გაცილებით კრიტიკული საკითხია, ვიდრე ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის არსებობა.

თურქეთის გადაწყვეტილება სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ დიდწილად მისი დიპლომატიის უშედეგობით არის განპირობებული. გასული წლის განმავლობაში აშშ-ისთვის გამუდმებულმა თხოვნამ სირიელი ქურთებისთვის სამხედრო დახმარება შეეწყვიტა, შედეგი ვერ გამოიღო. თურქეთის დიპლომატია ასტანის სამშვიდობო მოლაპარაკებების განმავლობაშიც თურქეთის ინტერესებითვის მნიშვნელოვან შედეგს ვერ აღწევდა. ბოლო პერიოდში კი, საერთოდ, თურქეთი სამშვიდობო პროცესის გარანტორების ქცევით იმედგაცურებულია. თურქეთმა ხელშესახებ შედეგს მხოლოდ მაშინ მიაღწია, როდესაც სირიის კონფლიქტში სამხედრო ძალით ჩაერთო  და „ოპერაცია ევფრატის ფარი“ განახორციელა. ამიტომ, თურქეთმა საკუთარი გამოცდილების გათვალისწინება გადაწყვიტა – იგი მზადაა დამოუკიდებელი სვლა განახორციელოს და კონფლიქტში ჩართულ აქტორებს საკუთარი ძალა აჩვენოს. თურქეთისთვის კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ დიპლომატია მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, თუკი მას ზურგს სამხედრო ძალა უმყარებს.

 

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი