ბოლო კვირებია, რაც თურქეთში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი თებერვლის შუა რიცხვებში ერაყის ჩრდილოეთში, დაჰუკის პროვინციაში ქურთთა მუშათა პარტიის (PKK) მიერ გარას მთების გამოქვაბულში 13 მოკლული თურქი სამხედროა. ინციდენტს კრიტიკული რეზონანსი მოჰყვა, როგორც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისგან, ასევე მთლიანად თურქული საზოგადოებისგან – დღეების განმავლობაში თურქულ ტვიტერში პოპულარული იყო ჰეშთეგი სიტყვებით, „Kahrolsun PKK“ – „ძირს PKK“. თუმცა საზოგადოების ნაწილისგან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კითხვები მაინც დაისვა – ის თუ რატომ იყო წლების განმავლობაში თურქული მხარე ინერტული PKK-ს მიერ დატყვევებული ტყვეების გათავისუფლების პროცესში.
ქურთთა მუშათა პარტიის ქმედება არ ყოფილა იზოლირებული ინციდენტი, არამედ ეს იყო რეაქცია იმ ქმედებებზე, რასაც ოფიცილიალური ანკარა გასული წლის ზაფხულიდან ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ახორციელებს. 2020 წლის ივნისში, თურქეთის თავდაცვის ძალებმა წამოიწყეს ორი ერთმანეთის პარალელური ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაცია ქურთულ ერაყში განლაგებული ქურთთა მუშათა პარტიის მებრძოლების გასანეიტრალებლად. საჰაერო ოპერაციას „ოპერაცია არწივის კლანჭი“, ხოლო სახმელეთოს „ოპერაცია ვეფხვის ბრჭყალი“ ეწოდებოდა. საჰაერო ოპერაციის ფარგლებში სინჯარის რაიონში დაიბომბა იეზიდი ქურთების სოფლებთან ახლო მდებარე PKK-ს ბანაკები, ქალაქ მახმურთან მდებარე დევნილ თურქ ქურთთა ბანაკების შემოგარენი და ირან-ერაყის საზღვარზე ქანდილის მთები, ხოლო სახმელეთო ოპერაციისას თურქულმა სახმელეთო ნაწილებმა ერაყის საზღვარი გადაკვეთეს და ჰაფთანინის რაიონში შევიდნენ. აღნიშნული ოპერაციები შეთანხმებული იყო ერაყის ქურთთა რეგიონული მთავრობის წამყვან ქურთულ დემოკრატიული პარტიასთან (KDP), რომელიც რეგიონის ამ ნაწილზე დომინირებს.
ზაფხულის ოპერაციების შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ერბილში და თავად ბაღდადში, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი ჩავიდა. მისი თქმით თურქული არმია მზად იყო ზაფხულში დაწყებული ანტიტერორისტული კამპანია გაეგრძელებინა და მხარეებს შესთავაზა ორი სცენარის განხოცრიელება: ოპერაცია ერთობლივად თურქულ, ერაყულ და ქურთულ ფეშმერგას ძალებს განეხორციელებინათ ან მხოლოდ ერაყულ ძალებსა და ფეშმერგას თურქული ლოჯისტიკური და სადაზვერვო ინფორმაციის უზრუნველყოფით. აქარმა წარადგინა კონკრეტული ობიექტები, რომლებიც ანტიტერორისტული ოპერაციისას უნდა განადგურებულიყო. ვიზიტის შემდეგ, თურქულმა ავიაციამ 10 თებერვალს ახალი „ოპერაცია არწივის კლანჭი 2“ წამოიწყო, რის ფარგლებში რამდენიმე დღის განმავლობაში დაჰუკის გუბერნიის მთიანი რეგიონში დაბანაკებული PKK-ს მებრძოლთა დანაყოფები და იარაღის საწყობები იბომბებოდა. ამ ოპერაციას მოჰყვა უკვე PKK-ს მიერ დატყვევებული 13 თურქი ჯარისკაცის დახოცვა.
თურქეთის მიზნები და დაბრკოლებები
თურქეთის ამოსავალი მიზანია, როგორც ერაყის, ასევე სირიის სასაზღვრო ზოლში ქურთული PKK-სა და მასთან აფილირებული დანაყოფებისგან წარმოქნილი საფრთხე გაანეიტრალოს. განსაკუთრებით ეს ეხება ერაყის სასაზღვრო ზოლს, სადაც თავად PKK-ს ძალები არიან განლაგებული. ამასთანავე, თურქეთი მიზნად ისახავს ფიზიკური კავშირი გაწყვიტოს ერაყში არსებულ PKK-სა და სირიაში მოქმედ მასთან ასოცირებულ სახალხო დაცვის დანაყოფებს (YPG) შორის.
ამ მიზნების მისაღწევად, თურქეთს შემდეგი ამოცანები აქვს დასახული. სირიულ ქურთისტანის მოსაზღვრე ერაყის სინჯარის პროვინციაში დაასრულოს PKK-სთან აფილირებული სინჯარის წინააღმდეგობის დანაყოფების (YBS) დომინაცია. ასევე პირველ ეტაპზე სრულად დაიკავოს სირია-ერაყის საზღვრის 50 კმ-იანი მონაკვეთი ქალაქ ფაიშ ხაბურსა და იარუბიას შორის, ხოლო შემდგომ უკვე სრულად 160 კმ-იანი ზოლი სინჯარი გუბერნიამდე. ამ ამოცანების შესასრულებლად, ანკარამ ბაღდადს ქალაქ მოსულის დასავლეთით სამხედრო ბაზის განლაგება სთხოვა, თუმცა ბაღდადისგან დასტური ჯერ არ მიუღია. ერაყის მთავრობა უკვე დიდი ხანია, რაც კრიტიკულადაა განწყობილი თურქული სამხედრო ნაწილის მოსულის სიახლოვეს, ქალაქ ბაშიქაში მდებარეობით და ანკარას ამ ნაწილის გაყვანასაც სთხოვს.
გარდა იმისა, რომ თურქეთის მიზნებს ნეგატიურად უყურებს ერაყის ცენტრალური ხელისუფლება და პერიოდულად ბაღდადი ანკარას მისი სუვერენულობის დარღვევაში ადანაშაულებს, თურქული გეგმების წინააღმდეგ ოფიციალური თეირანიცაა. ირანი ერაყს და მათ შორის ერაყის ქურთისტანს საკუთარი გავლენის და ტრანზიტულ სივრცედ მოიაზრებს, რითაც ის მის მოკავშირე სირიის არაბულ რესპუბლიკას უკავშირდება. შესაბამისად, ბოლო პერიოდის თურქული სამხედრო აქტიურობა და მისი გეგმები ამ რეგიონში თეირანისთვის მიუღებელია. სინჯარზე თურქული აგრესიის პრევენციისთვის, ერაყში მოქმედმა ირანულმა სახალხო მობილიზაციის დანაყოფებმა (PMU) სინჯარის პროვინციაში სამი ბრიგადა უკვე გადაისროლა. ერთ-ერთმა ირანულმა დანაყოფმა პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ბაშიქას თურქულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზეც. PMU-ის ლიდერები იმუქრებიან, რომ თურქული სახმელეთო სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში, ეს ოპერაცია ირანულ წინააღმდეგობას შეეჩეხება. PMU-ს სინჯარში 20-30 ათასი მებრძოლი უკვე ჰყავს, სადაც სინჯარის წინააღმდეგობის დანაყოფების (YBS) ყოფილი მებრძოლებიც ინტეგრირდნენ. მათ ისლამურ სახელმწიფოსთან – „დაეშთან“ გაერთიანებული ბრძოლის გამოცდილება აკავშირებთ.
თურქულ-ირანული დაპირისპირება ოფიციალურ დონეზეც ავიდა, როდესაც ირანის ელჩმა ერაყში, ირაჯ მასჯედმა განაცხადა, რომ თურქეთი არღვევს ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რომ ერაყის უსაფრთხოება თავად ერაყულმა თავდაცვის ძალებმა უნდა უზრუნველყონ და რომ ირანი არ შეეგუება სხვა ქვეყნის სამხედრო ნაწილების არსებობას ერაყის მიწაზე. ირანულ პოზიციას უკვე თურქეთის ელჩმა ერაყში, ფათიჰ ილდიზმა უპასუხა, რომ ირანის ელჩი თურქეთს ჭკუას არ უნდა ასწავლიდეს.
დიპლომატიური კონფლიქტი გაამწვავა თურქეთის შინაგანთ საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს სიტყვებმა, რომ ირანი ერაყში 500 მეტ ტერორისტს იფარავს. ამ განცხადებას, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ირანში თურქეთის ელჩის, დერია ორსის დაბარება მოჰყვა, ირანის მხრიდან ტერორისტების მფარველობის უარსაყოფად. ორ მხარეს შორის წარმოქმნილი დიპლომატიური კრიზისი დროებით ქვეყნების უმაღლესი წარმომადგენლობის დონეზე მოგვარდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტები რეჯებ ტაიპ ერდოღანი და ჰასან როჰანი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ.
ქურთული სეპარატიზმის ინსტრუმენტალიზება
თურქულ პოლიტიკაში სხვადასხვა ძალების მხრიდან უკვე ჩვეულ პრაქტიკად გადაიქცა ქურთების საკითხის პოლიტიკური ინსტრუმენტად გადაქცევა შიდა და საგარეო პოლიტიკაში გარკვეული პოლიტილური დივიდენდების მისაღებად ან საკუთარი დღის წესრიგის შესაქმნელად. ამ შემთხვევაშიც, PKK-ს მიერ 13 თურქი სამხედროს დახოცვა თურქეთის ხელისუფლებამ ეფექტურად გამოიყენა უკვე მაღალი პოლიტიკური წნეხის ქვეშ მყოფი ქურთთა სახალხო დემოკრატიულ პარტიის (HDP) კიდევ უფრო დისკრედიტირებისთვის. ერაყის ინციდენტის გასაჯაროვებიდან მეორე დღესვე თურქეთში HDP-სთან დაახლოებული 718 ადამიანი დააკავეს, ამასთანავე უკვე პროცესშია პარტიის ცხრა დეპუტატისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის პროცედურაც.
ქურთული პარტიის წინააღმდეგ საჯარო გამოსვლებში უკვე თავად პრეზიდენტი ერდოღანიც ილაშქრებს და ამომრჩეველს ამ წნეხის გაზრდას პირდება. ერდოღანის მმართველი პარტიის პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფი დევლეთ ბეჰჩელის „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ (MHP) კი, უკვე თვეებია ქურთული პარტიის გაუქმებას ითხოვს, რადგან იგი თურქული სახელმწიფოს ერთიანობას და სატბილურობას საფრთხეს უქმნის. ბაჰჩელიმ განაცხადა, რომ მისი პარტია HDP-ის გაუქმების მოთხოვნით მალე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და აქტიურ საზოგადოებრივ ქმედებებზეც გადავა.
HDP-ის პოლიტიკური ლიდერები მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე სელაჰათინ დემირთაში თურქეთის ხელისუფლებამ ტერორისტულ PKK-სთან თანამშრომლობის ბრალდებით ჯერ კიდევ 2016 დააპატიმრა და დღემდე ისინი დაკავებულები არიან. პარტიის დევნა 2019 წელს ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებული HDP-ის 65 მერიდან 50-ის გადაყენებაში და მათი სახელისუფლებო წარმომადგენლებით ჩანაცვლებაშიც გამოიხატა.
ქურთთა „სახალხო დემოკრატიული პარტია“ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური სამიზნეა არამარტო თურქეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით, არამედ მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვისაც. თურქულ პოლიტიკაში ორი მსხვილი პოლიტიკური ჯგუფია, სახალხო ალიანსი და საერო ალიანსი. პირველ მათგანში ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ (AKP) და „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ (MHP) ერთიანდებიან, ხოლო საერო ალიანსში ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ (CHP), მერალ აქშენერის „კარგი პარტია“ და სხვა წვრილი ოპოზიციური პარტიები. საერო ალიანსს შესაძლოა 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახლად შექმნილი ოპოზიციური პარტიები, ერდოღანის მთავრობის ყოფილი წარმომადგენლების, აჰმეთ დავითოღლუსა და ალი ბაბაჯანი ლიდერობითაც შეუერთდნენ. ამგვარი მოცემულობა ერდოღანის ხელისუფლებას რეალურ საფრთხეს უკვე უქმნის. მაგრამ ამასთანავე, საერო ალიანსის დროებითი მოკავშირე ამ ალიანსების მიმართ ნეიტრალური ქურთული HDP-ც შეიძლება აღმოჩნდეს, რომლის ოპოზიციური მხარდაჭერა დიდი ალბათობით ერდოღანისა და მისი პარტიის ხელისუფლებას 2023 წელს დაასრულებს. ერდოღანის შიში ეფუძნება იმ ფაქტს, რომ HDP-ის საერო ალიანსთან თანამშრომლობის პრეცედენტი თურქულ პოლიტიკაში უკვე არსებობს, როდესაც სტამბოლის მერობის არჩევნებში პარტიამ ოპოზიციის მიერ წადრგენილ საერთო კანდიდატ ეკრემ იმამოღლუს გამოუცხადა ნდობა და ერდოღანის პარტიის ოცწლიანი მმართველობა ქვეყნის უმსხვილეს კონგლომერატზე წერტილი დაუსვა. შესაბამისად, ერდოღანს სურს თურქულ პოლიტიკაში HDP-ის პოზიციები გაანეიტრალოს და არჩევნებში ბრძოლა მხოლოდ ორ ალიანსს შორის დატოვოს.
თუმცა ერდოღანის წინააღმდეგაა თავად ციფრებიც. უკანასკნელი გამოკითხვებით, სახალხო ალიანსის მხარდაჭერა 50%-დან 46%-მდეა შემცირებული. ამასთანავე, შემცირებულია თავად მმართველი, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) მხარდაჭერაც 43%-დან 36%-მდე. მოსახლეობის ფრუსტრაცია თურქული ეკონომიკის სტაგნაციასთან და პანდემიასთან გამკლავების გამოწვეულ უკმაყოფილებასთანაა დაკავშრებული.
შიდა პოლიტიკის გარდა, ქურთების საკითხს თურქეთის ხელისუფლება საგარეო ასპარეზზეც ეფექტურად იყენებს. ერაყის ინციდენტი გახდა მორიგი დიპლომატიური დაპირისპირების მიზეზი ანკარასა და ვაშინგტონს შორის. თეთრი სახლის მიერ PKK-ს ქმედებების დაგმობის მიუხედავად, ერდოღანი აშშ-ის დიპლომატიურ შანტაჟს განაგრძობს და აიძულებს საბოლოოდ აირჩიოს მხარე: ნატო-ს წევრი მისი მოკავშირე თურქეთის რესპუბლიკა თუ რეგიონული პარტნიორები ქურთების სახით. ერაყის ინციდენტების მსგავს ფაქტებს ანკარა საკუთარ ბენეფიტად გარდაქმნის და ამ გზით ცდილობს პოლიტიკურად ძირი გამოუთხაროს ქურთულ-ამერიკულ ალიანსს, რათა შემდგომ მას მიეცეს ერთგვარი Cart Blanche ქურთების წინააღმდეგ, როგორც ერაყში, ასევე სირიაში.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.