რას ვერ იაზრებენ დემოკრატები ჯორჯ მაკგოვერნის შესახებ

ჯოშუა მაუნდი – მიჩიგანის უნივერსიტეტის ისტორიისა და სოციოლოგიის დოქტორი

The New Republic, 2016

 

დემოკრატიულ პარტიას აჩრდილი დასდევს – „მაკგოვერნიზმი“. 1972 წელს, პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა მისი ოპონენტი, ჯორჯ მაკგოვერნი დამაჯერებლად, სახალხო მხარდაჭერის 23%-იანი სხვაობით დაამარცხა. მაკგოვერნის დამარცხების შემდეგ, დემოკრატები ცენტრისკენ წავიდნენ ისე, რომ უკან აღარც მოუხედავთ. ეს ცენტრიც ყოველი შემდეგი არჩევნებისთვის უფრო და უფრო მარჯვნივ ინაცვლებს.

გასული 40 წლის განმავლობაში, როცა დემოკრატთა იმედისმომცემი კანდიდატი შედერებით მარცხნივ გადაიხრება და ანტიისტებლიშმენტურ პოზიციებს დაიკავებს, პარტიის ლიდერები და მეინსტრიმ ანალიტიკოსები მაშინვე მაკგოვერნის სახელს გაიხსენებენ ხოლმე. 2004 წელს, ახალი მაკგოვერნი ჰოვარდ დინი იყო, 2008-ში ბარაკ ობამა, ხოლო ამჟამად, ბერნი სანდერსის რიგია.

მაგრამ დემოკრატების შიში მაკგოვერნიზმის მიმართ უადგილოა. მაკგოვერნი არ დამარცხებულა იმიტომ, რომ ის რადიკალი მემარცხენე იყო. იგი დამარცხდა მოქმედ, პოპულარულ პრეზიდენტთან ეკონომიკური ბუმის დროს. დემოკრატების რწმენაც, რომ მათ მაქსიმალურად თავი უნდა აარიდონ მაკგოვერნიზმს, დღევანდელობაში მზარდად არაადეკვატურია. ყოველი ათწლეულის გასვლის შემდეგ, ამერიკელ ელექტორატში ამომრჩეველთა ის ტიპი, რომელიც 1972 წელს მაკგოვერნს უჭერდა მხარს უფრო და უფრო იზრდება და ის საკითხები, რომლითაც მაკგოვერნი პოზიციონირებდა დღეს უფრო და უფრო მნიშველოვანი ხდება.

იმის ნაცვლად, რომ ბერნი სანდერსში ჯორჯ მაკგოვერნს ხედავდნენ, დემოკრატემა თავად მაკგოვერნი უნდა გადაიაზრონ – რომ ის უნდა გამხდარიყო დემოკრატიული პარტიის ბარი გოლდვოთერი. 1964 წელს ბარი გოლდვოთერის ლინდონ ჯონსონთან 22%-იანი სხვაობით დამარცხება, ძალიან ჰგავდა მაკგოვერნის მარცხს ნიქსონთან.

ჯორჯ მაკგოვერნი, 1972 (AP Photo)

მაგრამ მაკგოვერნისა და გოლდვითერის შედარება მათ განმასხვავებელ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს მსჯელობის მიღმა ტოვებს. რესპუბლიკური პარტიის რეაქცია გოლდვოთერის დამარცხებაზე რადიკალურად განსხვავდებოდა დემოკრატების რეაქციისგან მაკგოვერნის ფიასკოზე. მაშინ, როცა დემოკრატები მაკგოვერნიზმისგან დისტანცირდნენ და ცენტრისკენ გადაინაცვლეს, რესპუბლიკურმა პარტიამ გოლდვოთერისეული რადიკალური კონსერვატიზმი აითვისა და ნიადაგი შეუქმნა შემდეგში რონალდ რეიგანის გოლდვოთერისეულ რვაწლიან მმართველობას თეთრ სახლში. პარტიათა განსხვავებული პასუხი მათ ამ მარცხებზე დღევანდელ ამერიკულ პოლიტიკას ნათლად ხსნის, როცა დემოკრატებს არ ძალუძთ ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიონ რესპუბლიკური პარტიის მზარდ ექსტრემიზმსა და გოლდვოთერისეულ ხედვას ეკონომიკური უთანასწორობისა და მუდმივად არსებული რასიზმის გამოწვევებს.

აშშ სენატში კარიერის დასაწყისიდან ბარი გოლდვოთერი კონსერვატიულ მოძრაობაში ჩაეწერა, რომელიც უკმაყოფილო იყო დუაიტ ეიზენჰაუერის ზომიერი რესპუბლიკანიზმით, რომელსაც გოლვოთერი გმობდა და „უფერულ ახალ კურსს“ უწოდებდა. მსხვილი კონსერავტორი ბიზნესმენების, როჯერ მილიკენისა და ფრედ კოხის დონაციებით, ჯონ ბირჩის საზოგადოების მცირე შემოწირულობებითა და “მზის სარტყელის“ პერიფერიაში მზარდი საშუალო კლასის პროფესიონალების მხარდაჭერით, ბარი გოლვოთერმა 1964 წელს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია მოიპოვა. 1964 წელს, როდესაც მან რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ კონვენციაზე ხმამაღლა წარმოთქვა, რომ „თავისუფლების დასაცავად ექსტრემიზმი ცოდვა სულაც არ არის“, ის საუბრობდა რესპუბლიკელ კონსერვატორთა სახელით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ პარტიის ისტებლიშმენტი გამხდარიყვნენ.

ამერიკელ მეწარმეთა ინსტიტუტის პრეზიდენტის, უილიამ ბარუდისა და ლიბერტარიანული ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომისტის, მილტონ ფრიდმანის დახმარებით, გოლდვოთერმა ჩამოაყალიბა პოლიტიკური პლათფორმა, რომელიც შემდეგ ათწლეულებში რესპუბლიკური პარტიისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთგვარი შაბლონი გახდა. გოლდვოთერის დაპირებებში შედიოდა აგრესიული საგარეო პოლიტიკა კომუნიზმის წინააღდმეგ, ფერადკანიანათა სამოქალაქო უფლებების კანონის ჩაგდება, ორგანიზებულ მშრომელთა წინააღმდეგ ბრძოლა, კეთილდღეობის სოციალური უსაფრთხოების პროგრამების გაუქმება და ლიბერალიზმის შედეგად დაწყებული „მორალური დეგრადაციის“ მიმართ საჯარო ანტიპათია. ეიზენჰაუერის დაბალანსებული საბიუჯეტო რესპუბლიკანიზმისგან გოლდვოთერის რადიკალურად განსხვავებულ დაპირებაში შედიოდა მაღალშემოსავლიან პირებსა და ბიზნესებზე გადასახადების მოხსნა, რასაც ფრიდმანი თვლიდა, რომ კერძო კაპიტალისთვის შემოსავლების გაზრდასთან ერთად, სახელმწიფოს ხარჯების შეეკვეცასაც აიძულებდა.

 

გოლდვოთერის  კოლოსალურმა მარცხმა კონსერვატორების რწმენა, რომ ისინი აუცილებლად დაამარცხებდნენ ლიბერალიზმისა და ზომიერი რესპუბლიკანიზმის ტყუპ ბოროტებას, ვერ შეარყია. გოლდვოთერის კამპანია იყო „ამერიკელ კონსერვატორთა ვუდსტოკი“. მან გაააქტიურა ახალგაზრდა კონსერვატორები კარლ როუვი, პეტ ბუქენენი, მაიკლ დივერი, ჯესი ჰელმსი და რიჩარდ ვიგური.

არცერთი გოლდვოთერიტი არ ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც რონალდ რეიგანი. 1964 წლისთვის, მან შეწყვიტა მისი ახლაგაზრდული მხარდაჭერა ფრანკლინ რუზველტისა და დემოკრატების მიმართ და გოლდვოთერის კამპანიაში სრულად ჩაერთო. რეიგანის სიტყვით გამოდიოდა ერთგული რესპუბლიკელების სხვადასხვა ჯგუფის წინაშე, მათ შორის სატელევიზიო აუდიტორიის წინაც არჩევნების წინა დღეს. რეიგანის ამ ლეგენდარულ გამოსვლაში, მან მკაცრად გააკრიტიკა დემოკრატები მაღალი გადასახადებისა და ვიეტნამის სირცხვილი გამო. მისი კრიტიკა შეეხო ლიბერალ „ინტელექტუალ ელიტას“ და მათ ტყუილებს კეთილდღეობის შესახებ და შეაქო გოლდვოთერი, როგორც პირი, რომელიც არ ჰგავს კრიპტო-სოციალისტ დემოკრატებს და რომელიც „თავისუფლებას არ გაყიდის კეთილდღეობის სახელმწიფოს უფასო სასადილოებზე.“

რეიგანის და სხვა ახლაგაზრდა კონსერვატორთა ლიდერობით, 1964 წლის მარცხის მომდევნო წლებში კონსერვატორები გადაჯგუფდნენ და დაიწყეს რესპუბლიკური პარტიის გადაკეთება გოლდვოთერის ხედვების შესაბამისად.

გოლდვოთერის კამპანიაში სიტყვით გამოსვლის წარმატებით და მდიდარი კონსერვატორების მხარდაჭერით, რეიგანი 1966 წელს კალიფორნიის გუბერნატორი გახდა, ხოლო 1968 წელს მხარი არ დაუჭირა რიჩარდ ნიქსონის რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატობას. მოგვიანებით, ნიქსონმა თეთრი სახლი სირცხვილით დატოვა და თან გაიყოლა ზომიერი რესპუბლიკელები, და პარტიაში გზა დაუთმო მეამბოხე რეიგანის კონსერვატორებს. 1976 წელს რესპუბლიკელთა პრაიმერში რეიგანს ცოტა დააკლდა ნიქსონის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და მოქმედი პრეზიდენტის, ჯერალდ ფორდის დამარცხებისთვის. მაგრამ 1980 წელს, მან გოლდვოთერის კონსერვატიზმის პლათფორმით პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია მაინც მოიპოვა.

რეიგანის 1980 წლის საპრეზიდენტო კამპანია სრულად ეფუძნებოდა გოლდვოთერის ხედვებს. რეიგანი ამომრჩეველს დაპირდა გადასახადების შემცირებას და „სულიერი და მორალური ღირებულებების დაბრუნებას“. მან პირობა დადო, რომ საერთაშორისო არენაზე კომუნისტებს, ხოლო შიდა არენაზე კეთილდღეობიას „მატყუარებს“ გაუმკლავდებოდა. ყველაზე საკამათო იყო რეიგანის გოლდვოთერისეული დაპირება, რომლითაც ის აღადგენდა „შტატების“ უფლებებს ფერადკანიანების მიმართ. მცირე-მთავრობის კონსერვატიზმით, რეიგანი ამერიკელ ხალხს პირდებოდა, რომ ამერიკა აღდგებოდა როგორც „მთაზე მოკაშკაშე ქალაქი“. რეიგანის მხარდამჭერები მას, როგორ გოლდვოთერის გვირგვინის მემკვიდრედ აღიქვამდნენ. „ბარი გოლდვოთერი ფილოსოფოსი იყო“ ამბობდა რეიგანის კამპანიის ხელმძღვანელი ჯონი სეარსი, „ხოლო რონალდ რეიგანი არტიკულატორია.“ ჯიმი კარტერზე რეიგანის გამარჯვება კონსერვატორებს შორის აღქმული იქნა, როგორც გოლდვოთერის კონსერვატიზმის სრული აღდგენა. ამ გამარჯვებით, რეიგანმა ერთ დროს მარგინალური კონსერვატიზმი რესპუბლიკური პარტიის ცენტრში მოათავსა და ამერიკული პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას ჩაუყარა საფუძველი.

ბარი გოლდვოთერი, 1964

დღეს, თითოუელი რესპუბლიკელი რეიგანის საკურთხეველთან ლოცულობს, არამარტო მისი სახელის მანტრად ქცევისთვის, არამედ იმისთვის, რომ ნებისმიერი მომდევნო რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ძირეული იყოს გადასახადების შემცირება, მასკულინური მილიტარიზმი და კეთილდღეობის ინსტრუმენტების უარყოფა. სინამდივილეში, ისინი ქედს უხრიან გოლდვოთერის საფლავს.  ასეთი იყო რესპუნლიკური პარტიის მემარჯვენე ტრანსფორმაცია, რომ გოლდვოთერიზმის ის ელემეტებიც კი, რომლებიც რეიგანმა უკუაგდო – განსაკუთრებით კი სოციალური უსაფრთხოებისა და მედიქეარის პრივატიზაცია – დღეს რესპუბლიკური პარტიის ორთოდოქსიაა. დღეს ბევრი ლიბერალი და კონსერვატორი ბარი გოლდვოთერს „ამერიკულ პოლიტიკაში ყველაზე გავლენიან დამარცხებულად“ მიიჩნევენ.

იმავეს ვერ ვიტყვით ჯორჯ მაკგოვერნზე.

1971 წლის იანვრის ცივ დღეს, სამხრეთ დაკოტის ქალაქ სუ-ფოლსში, ჯორჯ მაკგოვერნი KELO-TV-ის სტუდიაში მივიდა და 1972 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატიული პარტიის პრაიმერიში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. მაკგოვერნს „შავი ცხენის“ კანდიდატი, რომ ვუწოდოთ გადაჭარბებული იქნება. აგვისტოში, ვეგასის ბუკმეიკერმა ჯიმი „ბერძენი“ სნუდერმა მაკგოვერნის შანსები ნომინაციის მოპოვებაში 1/200-თან შეაფასა. მაკგოვერნის მხარდაჭერა მხოლოდ ერთნიშნა ციფრს უტოლდებოდა.

მაგრამ მაკგოვერნსა და მის მრჩევლებს გეგმა გააჩნდათ, თუ როგორ მოეპოვებინათ ნომინაცია და ამ პროცესში გარდაექმნათ დემოკრატიული პარტია. მაკგოვერნის გუნდმა გაიაზრა, რომ სამხრეთის გადასვლა რესპუბლიკელებისკენ, რომელიც გოლდვოთერმა განაპირობა, არსად წასულა. სამხრეთის ცვლილებასთან გასამკლავებლად მაკგოვერნის გუნდმა შეიმუშავა ორსვეტიანი სტრატეგია. უპირველეს ყოვლისა, მაკგოვერნს ისეთი მხარდაჭერა უნდა გამოეცხადებინა სოციალური მოძრაობების მიმართ, როგორც ეს არცერთ დემოკრატს მანამდე არ გაეკეთებინა. ეს გულისხმობდა აფრო-ამერიკელების, სტუდენტების, ქალებისა და სექსუალური უმცირესობების ადვოკატირებას. ამგვარი სტრატეგიით, დემოკრატიულ პარტია არამარტო აფრო-ამერიკელთა მხარდაჭერას მოიპოვებდა, არამედ განათლებულ თეთრსაყელოიან ამომრჩეველისასაც, რომელთათვისაც ვიეტნამის ომი და ქალთა უფლებები უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო.

სტრატეგიის მეორე სვეტის მიხედვით, მაკგოვერნს აქცენტი უნდა გაეკეთებინა ღარიბ და ჩრდილოეთის თეთრ მუშათა კლასის პრობლემებზე, ეკონომიკურ უთანსაწორობასა და მდიდრების მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ფლობაზე. ათწლეულების განმავლობაში საშემოსავლო უთანასწორობის შემცირების შემდეგ, 1968 წლიდან მან გაზრდა დაიწყო. ამავდროულად, ინფლაციამ საშუალო ამერიკელთა ჯიბეები შეათხელა, საგადასახადო სისტემა უფრო და უფრო ნაკლებად პროგრესული ხდებოდა, დაბალ და საშუალო შემოსავლიანი ამერიკელებისთვის განაკვეთი იზრდებოდა, ხოლო მდიდართათვის მცირდებოდა. 1970-იანების გამოკითხვებით, ათიდან შვიდი ამერიკელი ფიქრობდა, რომ „საგადასახადო კანონები მდიდართა მხარდასაჭერად იწერებოდა და არა საშუალო ამერიკელთათვის“ და ამით „მდიდრები მდიდრდებოდნენ, ხოლო ღარიბები ღარიბდებოდნენ“. მაკგოვერნის მესიჯს ამ სახალხო უკმაყოფილების მობილიზება უნდა მოეხდინა. მან თქვა, „ეს ისტებლიშმენტია, რომელმაც უსამართლო საგადასახადო ტვირთი დააკისრა ამერიკელ მშომელებს, როდესაც კორპორაციათა 40%-ს ფედერალური საშემოსავლო გადასახადი ბოლო წლებში საერთოდ არ გადაუხდია.“ მაკგოვერნი ამომრჩეველს დაპირდა, რომ მდიდრებისთვის საგადასახადო ხვრელებს ამოავსებდა და ფედერალური შემოსავლებით დაბალ და საშუალო შემოსავლიან ამერიკელებს დაეხმარებოდა მზარდი საკუთრების გადასახადის უზრუნველყოფაში. ყველაზე რადიკალური იყო მაკგოვერნის დაპირება ე.წ. „დემოგრანტი“, რის მიხედვითაც თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს ყოველწლიურად 1000 დოლარი გადაეცემოდა მისი შემოსავლებისგან განურჩევლად.

მაკგოვერნის აუთსაიდერის სტატუსმა და მისმა პოლიტიკურმა პლათფორმამ დიდი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სხვადასხვა ჯგუფებისა და უოლ სტრიტისგან. საპასუხოდ, მაკგოვერნის კამპანიამ შექმნა საფოსტო პლათფორმა, რომლითაც წვრილი დონორებისგან მასობრივი ფინანსური მხარდაჭერის მობილიზება შეძლო. შედეგი იყო ის, რომ 1972 წლის თებერვლისთვის 40 000-ზე მეტი კონტრიბუტორისგან მისმა კამპანიამ საშუალოდ 30 დოლარის დონაციის მიღება მოახერხა. მაკგოვერნის კამპანიამ საფოსტო პლათფორმას კარდაკარ სიარული და პრაიმერებში ხმის მიცემის მოწოდების მეთოდიც ეფექტურად აამუშავა.

მაკგოვერნის კამპანიის მიღმა ყველას გასაკვირად, მისმა სტრატეგიებმა იმუშავა. კონფიდენციალურ ჩანაწერებში, ნიქსონის კამპანიამ მხოლოდ ჯორჯ უოლასისა და მაკგოვერნის სტრატეგიებს უწოდა ჭკვიანური. ჩანაწერებში მითითებული იყო, რომ მაკგოვერნის კამპანია არაადეკვატურად შეფასდა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტისთვის საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.

რიჩარდ ნიქსონი, 1972

მაგრამ მაკგოვერნის კამპანიამ დასუსტება მაშინვე დაიწყო, როგორც კი მან ნომინაცია მოიპოვა. დემოკრატიულ ეროვნულ კონვენციაზე მაკგოვერნმა ნომინაციის მიღების სიტყვით გამოსვლა დააგვიანა. მდგომარეობა გაართულა იმანაც, რომ მან საკუთარ მრჩევლად სენატორი, თომას იგლტონი შეარჩია, რომელიც აბორტის მოწინააღმდეგე კათოლიკე იყო. იგლტონმა მაკგოვერნი დაარწმუნა, რომ მისი პიროვნება და წარსული მას არ დააზარალებდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ იგლტონი ელექტროშოკის თერაპიას გადიოდა. შედეგად, მაკგოვერნმა იგლტონი საკუთარი გუნდიდან გაუშვა, რამაც მაკგოვერნს არაკომპეტენეტური და ბოროტი ადამიანის იმიჯი შეუქმნა.

მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა მაკგოვერნს არა მისმა იმიჯმა, არამედ საკუთარმა დემოკრატმა კოლეგებმა მიაყენეს. პრაიმერების მსვლელობისას, მაკგოვერნის ოპონენტმა ნომინაციისთვის ბრძოლაში, ჰუბერტ ჰამფრიმ პირობა დადო, რომ იგი ხალხს დაანახებდა, რომ მაკგოვერნი ზედმეტად რადიკალური იყო. კალიფორნიის პრაიმერის წინ, ჰამფრიმ განაცხადა, რომ მაკგოვერნის „დემოგრანტის“ გეგმა საშუალო ფენას გადასახადებს გაუზრდიდა – 12 000 დოლარის შემოსავლის მქონე ოჯახებს 400 დოლარით მეტის გადახდა მოუწევდათ. მაგრამ ეს ციფრები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ნიქსონის ბიუჯეტის მართვის დეპარტამენტისა და დამოუკიდებელი ექსპერტების დათვლებით, „დემოგრანტით“ დაბალშემოსავლიანი ოჯახების 70-80% უფრო ნაკლებს გადაიხდიდა, ვიდრე ისინი არსებული, ნიქსონის საგადასახადო სისტემის ქვეშ იხდიდნენ. მაგრამ ჰამფრის მტკიცებას გამოხმაურება მოჰყვა და ის ნიქსონმა საპრეზიდენტო არჩევნებში „ანტი-დემოგრანტის“ რეკლამისთვის გამოიყენა.

რაც უფრო უახლოვდებოდა მაკგოვერნის ნომინაციაში გამარჯვება, მით უფრო აქტიური ხდებოდა კოლეგა დემოკრატებისგან მის მიმართ თავდასხმები. მისმა ოპონენტებმა წამოიწყეს მოძრაობა „ნებისმიერი, გარდა მაკგოვერნისა“. როდესაც ეს მოძრაობა ჩავარდა, ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ მაკგოვერნს მხარს არ დაუჭერდა და შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში ნიქსონისკენაც კი გადახრილიყო. დემოკრატებმა საუკეთესო თავდასხმითი მესიჯიც რესპუბლიკელებს აჩუქეს: „ხალხმა ისიც კი არ იცის, რომ მაკგოვერნი ამნისტიას, აბორტს და მარიხუანას ლეგალიზაციას ემხრობა“. სენატში რესპუბლიკელთა სენატორმა ჰიუ სკოტმა ეს ციტატა გარდაქმნა ფრაზად: „სამი A: Acid, Amnesty and Abortion” და შექმნა ეფექტური პოლიტიკური ლაქა. უცნობი დემოკრატი, რომელსაც ზემოთხსენებული ციტატა ეკუთვნოდა შემდეგ აღმოჩნდა რომ იგლტონი იყო, რაც მაშინ მაკგოვერნმა ჯერ არ იცოდა.

უკვე ნოემბრისთვის მაკგოვერნის დამარცხება ნიქსონისთვის Fait accompli-ის წარმოადგენდა.

 

მაკგოვერნის დამარცხებაზე დემოკრატთა ლიდერების პასუხი იყო სწრაფი და ცალსახოვანი. მაკგოვერნის ფიასკოს ფერფლიდან წამოიშვა უკმაყოფილო დემოკრატები და არჩეული ოფიციალური პირები, რომლებიც მალე „ნეოლიბერალებად“ მოგვევლიანებიან და ამომრჩეველს შეპირდებიან, რომ დემოკრატიულ პარტიას მალე გამარჯვების გზაზე დააყენებენ, რომლის გასაღები უპირობოდ მარჯვნივ დევს. ნეოლიბერალებმა და მათმა ვარსკვლავებმა, მასაჩუსეტსის გუბერნატორმა მაიკლ დუკაკისმა და კალიფორნიის გუბერნატორმა ჯეფრი ბრაუნმა პარტიას მოუწოდეს, რომ სრულად უკუეგდოთ მაკგოვერნიზმი და „ახალი კურსის ეთიკა“, რაც რუზველტის შემდეგ დემოკრატიული პარტიის სულს წარმოადგენდა. საგარეო პოლიტიკაში ისინი ამტკიცებდნენ, რომ საჭირო იყო დემოკრატებს დაებრუნებინათ სიმკაცრე და სამხედრო ძალის გამოყენების ნება მტრების წინააღმდეგ. სოციალურ საკითხებზე ნეოლიბერალებმა დემოკრატებს უფრო კონსერვატიული ტონისკენ მოუწოდეს, იმისდა მიუხედავად, რომ შემდგომში მას დიდი ალბათობით მაკგოვერნის მიერ მობილიზებული სოციალური ჯგუფების დისტანცირება მოჰყვებოდა. ეკონომიკურ საკითხებზე, ნეოლიბერალები მაკგოვერნის მთავარ ცოდვად მის პოპულიზმს მოიაზრებდნენ. მათი აზრით, პარტიის მთავარი მიზანი ეკონომიკური ზრდის საკითხი უნდა ყოფილიყო და არა საშემოსავლო უთანასწორობა. მათი მტკიცებით, მეწარმეთა კლასს უნდა ჩაენაცვლებინა მშრომელთა კლასი დემოკრატიული პარტიის საყრდენი ელექტორატის პოზიციაზე, რითაც შემდგომ არჩევენებში პარტია უფრო მეტ შემოწირულობებსაც დააგროვებდა.

ზოგიერთ დემოკრატს ნეოლიბერალური პროგრამა არ მოწონდა. კონგრესმენმა ჯონ კონიერსმა ნეოლიბერალურ ფილოსოფიას „აბსოლუტური თაღლითობა“ უწოდა. მექსიკელი-ამერიკელი მუშათა აქტივისტი ჰენრი სენტისტევანი აღნიშნავდა, რომ ნეოლიბერალები „ახალი კურსის“ მიტოვებას სთავაზობდნენ ისე, რომ ამ „კურსისთვის“ პარტიას ჯერ არ მიუღწევია. ლიბერალმა ეკონომისტმა, ჯონ კენეთმა კომენტარის სახით თქვა, რომ „დემოკრატებმა აირჩიეს ოდნავ მოდიფიცირებული ჰუვერის ე.წ. „თრიქლ-დაუნის“ დოქტრინა.“ მაგრამ პალეო-ლიბერალები წაგებულ ბრძოლაში იმყოფებოდნენ. ნეოლიბერალიზმის ლინზიდან დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ყოველი მარცხი ემსახურებოდა პარტიის მიერ ნეოლიბერალური თეზისების ათვისებას, რომელსაც ის უფრო მარჯვნივ მიჰყავდა.

ჯიმი კარტერი, 1976

1976 წელს, ჯიმი კარტერი, რომელიც 1972 წელს „ნებისმიერი, გარდა მაკგოვერნისას“ მოძრაობას ხელმძღვანელობდა, ცენტრისტული პლათფორმით თეთრ სახლში მოხვდა. გაპრეზიდენტების შემდეგ მისი პოლიტიკები მარჯვნივ გადაიხარა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მაკგოვერნისეულ დაპირებას, საგადასახადო ხვრელების ამოვსებას გასცემდა, მან მიიღო კანონი, რითაც მდიდარ 10%-ს საგადასახადო ტვირთი 90%-ით შეუმცირა. კარტერმა სხვა ინიციატივებიც განახორციელა – დერეგულაცია, ფისკალური მომჭირნეობა და მონეტარული შეზღუდვები.

კარტერის პრიორიტეტებმა დიდი დარტყმა მიაყენა დემოკრატიულ კოალიციას. მაშინ, როდესაც რეიგანი გოლდვოთერიტების მოძრაობას აძლიერებდა, კარტერმა და მისმა მსგავსმა დემოკრატებმა ჩამოიშორეს 70-იანი წლების ძლიერი მოძრაობები – ლეიბორისტული მოძრაობა, ქალთა მზარდი მოძრაობა, სექსუალურ უმცირესობათა მოძრაობა, ასევე მრავალპროფილიანი ორგანიზაციები, როგორებიც იყო ACORN, Common Cause და Public Citizen. მიუხედავად ამისა, როდესაც კარტერმა რეიგანთან წააგო, მისი დამარცხება ნეოლიბერალებმა კარტერის ლიბერალობას დააბრალეს.

რეიგანის რევოლუციის მიერ დემოკრატებისთვის მიყენებულმა ზიანმა, რომელმაც ისინი საპრეზიდენტო პოსტს დიდი ხნით ჩამოაშორა, ნეოლიბერალებს საშუალება მისცა დემოკრატიულ პარტიაში უსისხლო გადატრიალება მოეწყოთ. 1980-იანი წლების შუა პერიოდში დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წევრმა, პარტიის ლიდერთა საბჭოს (DLC) ჩამოსაყალიბებლად ალ გორი და სხვა ნეოლიბერალები მოიწვია. აღნიშნულმა საბჭომ 1984 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, კარტერის ვიცე-პრეზიდენტის, უოლტერ მონდეილიs მარცხი მაკგოვერნიზმის კიდევ ერთ კრახად მონათლა, მიუხედავად იმისა, რომ მონდეილის დეფიციტის შემცირების „ახალი რეალიზმი“ პარტიის კიდევ უფრო მარჯვნივ გადახრას ემსახურებოდა.

რეიგანის ხელახალი არჩევით, დემოკრატთა ლიდერთა საბჭომ (DLC)  მის რიგებში, არჩეული თეთრი მამაკაცი წარმომადგენლების რეკრუტირება დაიწყო. პარალელურად, მათ შეძლეს მსხვილი დონორების მოზიდვაც, როგორებიც იყვნენ Morgan Stanley, Dow Chemical, Citigroup და Koch Industries. ამჯობინეს რა ტერმინ „ნეოლიბერალებს“ „ახალი დემოკრატები“, ლიდერთა საბჭომ (DLC) გაიმყარა საკუთარი პრო-ბიზნესის იმიჯი და სოციალურ და კულტურულ საკითხებზე საკუთარი პოზიციები უფრო რეაქციული გახადა. ლიდერთა საბჭოს (DLC) მდივანმა ჩაკ რობიმ თქვა, რომ ახალი დემოკრატების აღარ ერიდებოდნენ „არაკომფორტულ სიმართლეებზე“ ღიად საუბარს, მათ შორის აფრო-ამერიკელთა სიღარიბეზე: „დროა ყურადღება გადავიტანოთ რასიზმიდან, ტრადიციული მტრიდან, თვითდამანგრეველი ქცევის ფორმებზე, ახალ მტერზე.“

დემოკრატთა ლიდერთა საბჭოს (DLC) პოლიტიკურმა კომბინაციამ – მსხვილი ბიზნესის მორჩილებამ და ღარიბთა კრიტიკამ – საჯარო უკმაყოფილება გამოიწვია ისეთ აქტივისტებში, როგორებიც იყვნენ რალფ ნადერი, არტურ შლეზინგერი და ჯესი ჯექსონი, რომელმაც ლიდერთა საბჭოს „დემოკრატთა ზარმაცი კლასი“ უწოდეს. თავად ჯორჯ მაკგოვერნი ხვდებოდა, რომ პარტიის მარჯვნივ გადახრას უნდა გამოხმაურებოდა. „უოშინგტონ პოსტში“ იგი წერდა, რომ 1970-იანი წლებიდან ამერიკელთა შემოსავლები სტაგნაციას განიცდიდა, მაშინ, როდესაც მდიდართა შემოსავლები უპრეცენდენტოდ იზრდებოდა. „როგორც ჩანს, მთავრობა მათთან დაკავშირებული მდიდრების სასარგებოდ ჩვეულებრივი ამერიკელების წინააღმდეგაა – გადასახადებზე, მთავრობის ზომაზე და ფედერალურ ბიუჯეტზე,“- წერდა მაკგოვერნი. „როდესაც დემოკრატები ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობენ, მათი სიტყვები უმეტესეობა ამერიკელებისთვის ცარიელია. ზრდა მდიდართა ხელში კონცენტრირებას განაგრძობს და არა საშუალო და ღარიბ ფენათა შორის,“ წერდა იგი. მაკგოვერნის დასკვნა მდგომარეობდა იმაში, რომ „დემოკრატიულმა პარტიამ ამერიკელი ხალხის ნდობა დაკარგა, არა იმიტომ, რომ ის ზედმეტად ლიბერალურია, არამედ იმიტომ, რომ მან ვერ შეინარჩუნა ვერც ისტორიული ლიბერალიზმის ღირებულებათა რწმენა და ვერც სახალხო ღირებულებები დაიცვა.“

მაგრამ დემოკრატთა ლიდერთა საბჭოს (DLC) ინსტიტუციური და ფინანსური მხარდაჭერა გაანჩდა, რითაც არსებულ კრიტიკასა მისთვის სასარგებლო პოლიტიკურ ნარატივად გარდაქმინდა. მათ მიერ 1988 წელს, ჯორჯ ბუშთან ნეოლიბერალი მაიკლ დუკაკისის დამარცხებაც, დიდი მთავრობის ლიბერალიზმის გაბანკროტებით აიხსნა.

საბოლოოდ, მხოლოდ ბილ კლინტონი აღმოჩნდა ახალ დემოკრატთა მუდმივად ცვალებადი სტანდარტების მიმდევარი პრეზიდენტი. 1992 წლის ბილ კლინტონი კამპანია ალ გორთან ერთად, ნეოლიბერალური სიკეთეებისა და პოპულისტური ეკონომიკის უცნაურ ნაზავს წარმოადგენდა. იმის პარალელურად, რომ კლინტონი-გორის სარეკლამო რგოლი ამტკიცებდა, რომ მათ უარყვეს „ძველებური დაბეგვრისა და ხარჯვის პოლიტიკა“, მათი კამპანია მოსახლეობას პირდებოდა მილიარდობით დოლარის ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ეროვნული ჯანდაცვის დაზღვევაში და საგადასახადო ტვირთის ღარიბ და საშუალო ფენიდან მდიდრებზე გადატანას.

კლინტონის ეკონომიკური, პოპულისტური დაპირებები თეთრ სახლში მოხვედრიდან მალევე განავლდა, რაც მის ადმინისტრაციაში დემოკრატთა ლიდერთა საბჭოს (DLC) წევრებმა საკვანძო პოზიციები დაიკავეს. მას შემდეგ, რაც კლინტონის სურვილი ეროვნული ჯანდაცვის დაზღვევის პრივატიზება ვერ განხორციელდა, მან ლიდერთა საბჭოს სტრატეგები მარკ პენი და დიკ მორისი დაიქირავა, რომელთაც რადიკალი რესპუბლიკელებისა და კონსერავტორი დემოკრატებისგან იდეები გადმოიღეს. შესაბამისად, კლინტონის ადმინისტრაციამ მიიღო რესპუბლიკელთა სასურველი გადაწყვეტილებები: თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება – NAFTA, კეთილდღეობის პროგრამების შესუსტება, ქორწინების დაცვის აქტი, ფინანსური დერეგულაცია და გადასახადების შემცირების ახალი პოლიტიკა.

მაგრამ, როგორც ახალი დემოკრატების ნეოლიბერალურმა იდეოლოგიამ დაკარგა პარტიის დომინანტური ფილოსოფიის როლი, ასევე, მისმა სახალხო მხარდაჭერამაც შემცირება დაიწყო. ალ გორი 2000 წელს, კლინტონის გზას დაადგა, მაგრამ ამჯერად ნეოლიბერალიზმის სახელმძღვანელო ჩავარდა. ის 2004 წელს კიდევ ერთხელ ჩავარდა, როდესაც პ

ბილ კლინტონი & ალ გორი, 1992

არტიის საპრეზიდენტო კანდიდატად „ახალი დემოკრატი“ ჯონ კერი დააყენეს. 2008 წელს, დემოკრატთა ლიდერთა საბჭო (DLC) და „ახალ დემოკრატთა“ უმეტესობა ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს, თუმცა მათ მიანიშნეს, რომ ბარაკ ობამას მიმართაც ჰქონდათ მხარდაჭერა. თუმცა, როდესაც ობამამ ჯონ მაკკეინი დაამრაცხა, ცოტამ თუ შენიშნა, რომ ობამას კოალიცია ძალიან წააგავდა მაკგოვერნისეულს. ობამას პირველი ვადისას დემოკრატიულმა პარტიამ  სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე ლიდერთა საბჭოს (DLC) იდეებისგან მარცხნივ დაშორება დაიწყო.

მაკგოვერნიზმის ნეოლიბერალური კრიტიკა ჯერ დანებებას არ აპირებდა. ლიდერთა საბჭოსთან (DLC) ასოცირებულმა ნელიბერალებმა და უოლ სტრიტმა ოთხი წელის დაუთმეს იმას, რომ პარტიის ფლირტი ეკონომიკურ პოპულიზმთან გამწყდარიყო. 2012 წლისთვის, ნეოლიბერალებმა ობამას შეუტიეს და შეცდომით ივარაუდეს, რომ ობამას მდიდართა გადასახადების პოპულისტური კამპანია მით რომნისთან დამარცხდებოდა. შედეგად, უთანასწორობასთან მებრძოლი, გადასახადების გაზრდისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემების მომხრე, ანტი-ბიზნეს განწყობების მქონე ბერნი სანდერსისა და ელიზაბედ უორენის გაზრდილმა პოპულარობამ ნეოლიბერალები აპოკალიპტურ მდგომარეობაში ჩააგდო. თუ სანდერსი 2016 წლის დემოკრატთა ნომინაციას მოიგებს, თეთრი სახლის ყოფილმა ადმისტრაციის ხელმძღვანელმა  და JP Morgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბილ დეილიმ „მესამე გზის“ ღონისძიებაზე განაცხადა: „ეს იქნება 1972 წელში დაბრუნება. ეს არის რეცეპტი კატასტროფისთვის.“

ნებისმიერი დემოკრატი 1972 წელს დამარცხებისთვის განწირული იყო. თანამედროვე ინდიკატორები, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობითა და პრეზიდენტის სახალხო ნდობის რეიტინგებით, ნიქსონი იმ არჩევნებს აუცილებლად მოიგებდა. როდესაც გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობა მაკგოვერნს ამჯობინებდა ინფალციისა და გადასახადების საკითხში, ნიქსონის პოლიტიკები მაშინვე მარცხნივ გადაიხარა. მან უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა, შემოიღო სახელფასო განაკვეთების კონტროლი ინფალციასთან გასამკლავებლად და პირობა დადომ, რომ მშომელთა ფენას გადასახადებს მდიდრების ხარჯზე შეუმცირებდა. საგარეო პოლიტიკაში ნიქსონი არათუ ამცირებდა ვიეტნამის ომის ინტენსივობას, არამედ არბილებდა ცივი ომის დაძაბულობასაც, რაც ჩინეთში მისმა ისტორიულმა ვიზიტმა განაპირობა. დემოკრატებს ფრანკლინ რუზველტის გაცოცხლება რომ შეძლებოდათ, ნიქსონი 1972 წელს მას მაინც დაამარცხებდა.

ნეოლიბერალების ათწლეულოვანი მანტრა, რომ მაკგოვერნის რადიკალიმზი იყო ნიქსონთან დამრაცხების მიზეზი, 1972 წლის რეალობას არ შეეფერება. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ამგვარმა მცდარმა მსჯელობამ და მაკგოვერნიზმის კამპანიის სტრატეგიებისა და პოლიტიკების უარყოფამ, ასახვა ჰპოვა მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისის პოლიტიკურ რეალიებზეც.

როგორც, აშშ-ის, ასევე დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლის დემოგრაფიული ცვლილება ერთგვარ „ჯორჯ მაკგოვერნის რევანშად“ გვევლინება. აშშ-ში თანდათანობით ცხადი ხდება არათეთრთა უმრავლესობა. ამასთანავე, ფერადკანიანთა, ქალთა და სექსუალურ უმცირესობათა მხარდაჭერა, რომელიც კონსერვატორი დემოკრატებისგან 1972 წელს დაგმობილი იქნა, დღეს ნებისმიერი დემოკრატი კანდიდატისთვის უმნიშვნელოვანესი ხდება. ასევე, მაკგოვერნიზმის მიერ ამერიკელ თეთრსაყელოიან მუშათა ფენაზე აპელირებაც დღეს დემოკრატიული კოალიციისთვის საკვანძო მეისჯია. როდესაც ბევრს ეგონა, რომ სოციალური ლიბერალიზმი იყო ერთადერთი, რაც თეთრსაყელოიან მშრომელებს მაკგოვერნიზმში იზიდავდათ, სერვისის სფეროში დასაქმებულთა შემდეგში გაგრძელებული „პროლეტარიზაცია“ აჩვენებს, რომ ასევე მნიშვნელოვანი იყო მაკგოვერნის ეკონომიკური პოპულიზმიც.

2016 წლის გადასახედიდან მაკგოვერნის მესიჯები ეკონომიკურ უთანასწორობასა და მდიდრების ხელში მოქცეულ პოლიტიკურ ძალაუფლებაზე წინასწარმეტყველურად მოსჩანს. მაკგოვერნის დამარცხებიდან ათწლეულების შემდეგ, ეკონომიკური უთანასწორობა იზრდებოდა, ამერიკელთა უმეტესობისთვის გაიზარდა ეკონომიკური გაურკვევლობის ხარისხიც, ხოლო საშუალო ფენისთვის შემოსავლებმა და ხელფასებმა მხოლოდ მცირედით მოიმატა. ნეოლიბერალების დაჟინებული მოთხოვნით, რომ დემოკრატებმა შემოსავლების გადანაწილების ნაცვლად, ეკონომიკურ ზრდაზე გააკეთონ აქცენტი, დოვლათი მხოლოდ მდიდართა ფენაში აკუმულირდება. ხოლო მათ მიერ 21-ე საუკუნეში დაბეგვრისა და განაწილების სისტემა უთანასწორობის შესამცირებელი ინსტრუმენტებიდან ამოღებულია. უკანასკნელი კვლევები ამტკიცებს, რომ ის თუ როგორი უნდა იყოს ამერიკის ეკონომიკური პოლიტიკები, მდიდართა სურვილებს ცალსახად ემთხვევა.

დემოკრატების მიერ მაკგოვერნიზმიდან ნეოლიბერალიზმზე გადასვლამ გამოიწვია ის, რომ დღეს პარტია თანამედროვე ეკონომიკურ გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. პირიქით, „ახალი დემოკრატების“ დღის წესრიგმა: თავისუფალმა ვაჭრობამ, გადასახადების შემცირებამ და ფინანსურმა დერეგულაციამ უთანასწორობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო მათმა კეთილდღეობის „რეფორმებმა“ ამერიკელთა ნაწილი კიდევ უფრო ღრმა სიღარიბეში ჩააგდო. „ახალი დემოკრატების“ პოლიტიკებმა ამერიკელ მოსახლეობაში ანტისამთავრბო განწყობებიც გააღრმავა, რაც რესპუბლიკური პარტიის წისქვილზე ასხმას წყალს. მათ მოსახლეობაში შექმნეს წარმოდგენა, რომ სახელმწიფოს როლი მხოლოდ უკიდურეს ღატაკთა და დაუმსახურებელ მდიდართა ფინანსური დახმარებაა. თითოეულმა გადასახადების შემცირება, მსხვილი კაპიტალის დახმარებამ და ობამაქეარის მსგავსმა საჯარო-კერძო დაზღვევის მაგალითებმა მთავრობის ეფექტურობის მიმართ ცინიზმი გაზარდა.

კონტრასტისთვის, მაკგოვერნისეული პოლიტიკები: საგადასახადო ხვრელების ამოვსება, ფედერალური გადასახადები რეგერესული შტატების დასახმარებლად, საყოველთაო ჯანდაცვა და „დემოგრანტი“ ამერიკაში არსებულ უთანასწორობას მნიშვნელოვნად შეამცირებდა. დღეს ბევრი ტექინუდსტრიის წარმომადგენელი თვლის, რომ „დემოგრანტის“ მაგვარი გარანტირებული შემოსავალი უთანასწორობის, სიღარიბისა და ე.წ. „გიგ-ეკონომიკის“ ერთ-ერთი ეფექტური გადაწყვეტაა.

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს დემოკრატიული პარტიას მაღალი მხარდაჭერა არ აქვს და „ახალი დემოკრატების“ ფილოსოფიით შექმილ პრობლემებს აწყდება, შესაძლოა დრო მოვიდა ნეოლიბერალიზმი მათ უკუაგდნო და მაკგოვერნიზმის მცირე ნაწილი მაინც სცადონ.

ჰილარი კლინტონი & ბერნი სანდერსი, 2016 (Reuters)

წელს, ბერნი სანდერსი ყველაზე უკეთ წარმოადგენს მაკგოვერნს. მისი აქცენტები ეკონომიკურ უთანასწორობასა და პლუტოკრატების დაგმობაზე, არამხოლოდ 1972 წლის მაკგოვერნის რიტორიკის გამოძახილია, არამედ ის საშუალო ამერიკელის წუხილებზე საუბრობს, როგორებიცაა უთანაწორობა და შემოსავლების სტაგნაცია. ვერმონტის სენატორის პალთფორმა, რომელიც პროგრესულ დაბეგვრასა და უნივერსალურ ჯანდაცვას მოიცავს უდავოდ პოპულარულია და ძირითადად, მაკგოვერნისეულ შეთავაზებებს იზიარებს. მსგავსად მაკგოვერნისა, სანდერსის პოლიტიკური სტრატეგიაც ახალგაზრდების გააქტიურებას, მშრომელთა ფენის ჩართვას და მცირე დონაციების მობილიზებას ეყრდნობა. თუმცა, მაკგოვერნის მიერ ნომინაციის მოპოვებაში ბოლო მომენტში აფრო-ამერიკელთა ხმების ჰუბერტ ჰამფრისგან წამოღებამ დიდი როლი ითამაშა. ამ ასპექტში სანდერსი წარმატებას ჯერ-ჯერობით ვერ აღწევს და შესაძლოა, ამ ფაქტორმა გადაწყვიტოს კიდეც ნომინაციის ბედი.

მაგრამ იქნება ეს სანდერსი თუ სხვა ისეთი კანდიდატები, როგორებიც არიან ელიზაბედ უორენი ან კეით ელისონი, როგორც დემოგრაფიული ტენდენციები, ასევე მზარდი უთანასწორობის პოლიტიკური რეალიები მიანიშნებს იმაზე, რომ დემოკრატიული პარტიის მომავალი მაკგოვერნისეულ ეკონომიკურ პოპულიზმსა და სოციალურ ლიბერალიზმს დაეფუძნება.

მიუხედავად ამისა, დემოკრატიული პარტიის ლიდერები და ანალიტიკოსები მაინც სანდერსის „არჩევადობაზე“ საუბრობენ, როგორც ეს 1972 წელს მაკგოვერნის შემთხვევაში იყო. ნოემბერში დემოკრატების კანდიდატის ბედს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გადაწყვეტს, რაც მათ ხელშია. თუმცა, ეკონომიკური ზრდა ამერიკელთა მხოლოდ მცირე ნაწილზე აისახება. ობამას პერიოდში სამუშაო ადგილების რაოდენობა და ეკონომიკური ზრდა მომნუსხველ მაჩვენებლებზეა, თუმცა ამას ამერიკელთა ხელფასებსა და შემოსავლებზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

თუკი დემოკრატთა ცენტრისტული კანდიდატი ნოემბერში დამარცხდება, ამას პარტიის ლიდერები და მეინსტრიმ ანალიტიკოსები კვლავ იმ მიზეზებს დააბრალებენ, რასაც 1972 წლის შემდეგ დემოკრატთა მარცხებს აბრალებდნენ. თუკი სანდერსი გახდება დემოკრატების კანდიდატი და საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდება, მაშინ მისი მარცხი მის პოპულისტურ რადიკალიზმს დაბრალდება. მაგრამ თუკი ჰილარი მოიგებს ნომინაციას და არჩევნებში დამარცხდება, ეს კვლავ სანდერსს დაბრალდება, რადგან მან ჰილარი აიძულა მისი ცენტრისტული პოზიციებიდან მარცხნივ გადახრილიყო.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ასე იქნება მაკგოვერნიზმის გამო.

 

სტატია ინგლისურიდან თარგმნა შოთა თხელიძემ

დატოვე კომენტარი