იერუსალიმის წყევლა

ფოტო გარეკანზე: bookmundi.com

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად იერუსალიმი აღიარა და აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის პროცედურა დაიწყო. გადაწყვეტილება უპრეცედენტო და ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს.

ისრაელი იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად 1967 წლიდან თვლის მას შემდეგ, რაც არაბულ ქვეყნებთან (ეგვიპტე, იორდანია, სირია) ექვსდღიანი ომის შედეგად მისი აღმოსავლეთ ნაწილის სამხედრო ოკუპაცია მოახდინა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია, პარლამენტი, უზენაესი სასამართლო და სხვადასხვა სამინისტროები აქ მდებარეობს. 1980 წელს ქნესეთის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, იერუსალიმის მთლიანი ტერიტორია სამართლებრივად დედაქალაქად გამოცხადდა და ქალაქის ოკუპაცია ანექსიით შეიცვალა.

ისრაელის გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. იგი 1947 წელს დიდი ბრიტანეთის მიერ ინიცირებულ გაეროს პალესტინის დაყოფის გეგმის ჩანაწერს აღიარებს, სადაც იერუსალიმი საერთაშორისო ზონად არის გამოცხადებული. თავის დროზე ამგვარი გადაწყვეტილება მიიღეს იერუსალიმში იუდეველებისა და მუსლიმების დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად. საერთაშორისო ზონა გაეროს ნდობით აღჭურვილ საბჭოს უნდა ემართა, მაგრამ 1967 წლიდან ეს აღარ ხორციელდება. გაერო ისრაელის მიერ იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო აქტებს არავალიდურად ცნობს, რომლებსაც არ შეუძლიათ ქალაქის სტატუსის შეცვლა.

საერთაშორისო ზონის სტატუსი დღეს ფორმალურ ხასიათს ატარებს. მხოლოდ ვატიკანი პერიოდულად მოითხოვს იერუსალიმის ამ სტატუსის მიხედვით ქალაქის მართვის განხორციელებას. მაგრამ წამყვანი საერთაშორისო აქტორები – აშშ, რუსეთი, ევროკავშირი – დღეს იმ პოზიციაზე დგანან, რომ ქალაქის სტატუსი დაპირისპირებულმა მხარეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ. ისრაელსა და პალესტინას შორის პირველ სამშვიდობო შეთანხმებისას – 1993 წლის ოსლოს ხელშეკრულების დადებისას – იერუსალიმის სტატუსი კვლავ სადავო დარჩა. პალესტინის დაჟინებული პოზიციაა, რომ იერუსალიმი მისი დედაქალაქია, ხოლო ისრაელის ხელისუფლება დღემდე იმავეს წარმატებით აცხადებს.

იერუსალიმში მდებარეობს სამი ყველაზე დიდი მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილები: იუდეველებისთვის გოდების კედელი, მუსლიმებისთვის ალ-აქსას მეჩეთი, რომელიც მექასა და მედინას შემდეგ პირველია წმინდა ადგილებს შორის, და ქრისტიანებისთვის ქრისტეს აღდგომის ტაძარი. 1994 წელს ისრაელსა და იორდანიას შორის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, იერუსალიმში მუსლიმური და ქრისტიანული ტაძრების მცველი იორდანიაა. 2013 წელს იორდანიის ამ სტატუსის ვერბალური მხარდაჭერა პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმაც გამოხატა.

მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოს ცნობენ საკუთარი საელჩო იერუსალიმის ნაცვლად თელ-ავივში აქვთ განთავსებული. 1995 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო აქტი, რის მიხედვითაც, აშშ-ის საკუთარი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში ოთხი წლის შემდგომ, 1999 წლისთვის უნდა გადაეტანა. მაგრამ აქტში იყო ჩანაწერი, რომელიც ამ გადაწყეტილების მიღების ექვსი თვით გადავადებას ითავლისწინებდა. მას შემდეგ მოყოლებული აშშ-ის არცერთ პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიუღია. ბოლოჯერ საელჩოს გადატანა დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის პირველ ივნისს გადადო. ივნისიდან ექვსი თვე გავიდა და ახლა მან საკუთარი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და აშშ-ის საელჩო იერუსალიმში განთავსების შესახებ  გამოაცხადა.

 

გამოხმაურება

თეთრის სახლის ადმინისტრაციამ პრეზიდენტი გადაწყვეტილების შესახებ პირადად აცნობა პალესტინის ხელისუფლების ლიდერს მაჰმუდ აბასს. პალესტინის პრეზიდენტმა საკუთრივ ტრამპი ამ გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებზე გააფრთხილა, რომელიც შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს. პალესტინაში მაჰმუდ აბასს აშშ-სთან კონტაქტების გაწყვეტისკენაც მოუწოდებენ. აბასის თქმით, იგი შეეცდება საერთაშორისო კავშირებით თეთრ სახლზე ზეწოლა მოახდინოს.

ტრამპის გადაწყვეტილებამ, რომელიც საკუთრივ ყველა საერთაშორისო აქტის დარღვევას და პალესტინის ისტორიის უგულებელყოფას ნიშნავს, მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია პალესტინურ საზოგადოებაში. პალესტინის ორივე წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიამ ფათჰიმ და ჰამასმა მოსახლეობას ახალი ინტიფადისკენ მოუწოდა. ინტიფადა პალესტინელების ისრაელის ოკუპაციის მიმართ დამოურჩილებლობის და წინააღმდეგობის სახალხო მოძრაობებია. პირველი ინტიფადა 1987, ხოლო მეორე 2000 წელს დაიწყო, რომელთაც რამდენიმე ათასი პალესტინელის და ასეულობის ებრაელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას იორდანიის მეფე აბდულა, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატა ალ-სისი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანიც ეწინააღმდეგება. ერდოღანის განცხადებით, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება ისლამური სამყაროსთვის ‘წითელი ხაზია’, რომელიც მთელ რიგ საფრთხეებს ქმნის და ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესს საბოლოოდ წყვეტს. ერდოღანი ისრაელთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტითაც დაიმუქრა და მუსლიმურ ქვეყნებს სტამბულში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში შეკრებისკენ მოუწოდა. თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა 2010 წლიდან მოყოლებული დაძაბულია. მაშინ ღაზის სექტორისკენ მიმავალ გემს, რომელშიც პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტები ისხდნენ, ისრაელის საზღვაო პატრულმა ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შედეგად 9 თურქეთის მოქალაქე დაიღუპა.

ტრამპის ამ ნაბიჯით რეგიონში დიდი ალბათობით, მზარდ საფრთხეებსა და სტაბილურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე ერაყის პრემიერმა ჰაიდარ ალ-აბადიმ და საუდის არაბეთის მეფე სალმანმაც ისაუბრეს. მათ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნეგატიურად შეაფასეს.

ტრამპის გადაწყვეტილება მიუღებელია ევროკავშირისთვისაც, რომლის უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, აღნიშნული განცხადება ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ორი-სახელმწიფოს იდეის განხორციელებას. ეს განცხადება მოგერინიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან საერთო პრესკონფერენციაზე გააკეთა. მოგერინი მომავალ კვირას ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს ხვდება და ამ საკითხის განხილვას გეგმავს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. მაკრონი თვლის, რომ იერუსალიმის სტატუსი ისრაელისა და პალესტინას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყდეს. მაკრონს ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეიც შეურთდა, რომელმაც განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესისთვის ეს ნაბიჯი ხელისშემშლელი იქნება და პოზიტიურ ნაყოფს არ გამოიღებს.

 

ტრამპი და პალესტინა

„მე განვიხილავ, როგორც ერთი-სახელმწიფოს, ასევე ორი-სახელმწიფოს იდეას და მომწონს ის, რომელიც ორივე მხარეს მოწონს. ჩემთვის ორივე ვარიანტი მისაღებია.“ ამგვარი განცხადება გააკეთა, ჯერ კიდევ თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თეთრ სახლში ვიზიტისას. მსგავსი ორაზროვანი განცხადება და მას შემდეგ განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასარეგულირებლად ცხადი და გამოკვეთილი პოლიტიკა დღემდე არ გააჩნია.

მაისში, დონალდ ტრამპი მისი პირველი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში ისრაელსაც ეწვია და მეორეჯერ შეხვდა ქვეყნის ლიდერს. ვიზიტისას იგი ბეთლემშიც ჩავიდა და პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასიც იმ თვეში უკვე მეორეჯერ ინახულა. შეხვედრებისას ტრამპი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და მის კოლეგებს კონფლიქტის აუცილებლად მოგვარებაში აიმედებდა. მანამდე პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში უფროს მრჩევლად მისი სიძე ჯარედ კუშნერი, ხოლო ამავე რეგიონში ემისრად მისი პირადი მრჩეველი ისრაელის მიმართულებით ჯეისონ გრინბლეთი დანიშნა. ეს უკანასკნელი კონფლიქტის მიმართ აშშ-ის ტრადიციული პოზიციის გამომხატველია, რაც ორი-სახელმწიფოს იდეის მხარდაჭერაში გამოიხატება. ამერიკის ადმინისტრაციის მიერ რეგიონის და კონკრეტულად ამ კონფლიქტის მიმართ მსგავსი აქტიურობა, როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის პოლიტიკურ ელიტებში იმედს აჩენდა, რომ გაყინული საკითხი დაიძვრებოდა და მხარეები კონკრეტულ შედეგებს მიაღწევდნენ. დონალდ ტრამპმა მისი პროვოკაციული დაპირებაც, რომ აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანდა, დროებით უკან წაიღო.

კონფლიქტით დაზარალებულ პალესტინურ მხარეში ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ მალევე გაჩნდა იმედგაცრუება. ივნისში კუშნერის რეგიონში პირველი ვიზიტიდან რამდენიმე დღეში პრემიერმა ნეთანიაჰუმ პალესტინის ტერიტორიებზე ახალი ებრაული დასახლებების მშენებლობა დააანონსა. აგვისტოში, სანამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ჯარედ კუშნერი მორიგ ტურნეს დაიწყებდა, მაჰმუდ აბასი ისრაელის მემარცხენე, ოპოზიციური პარტიის მერეცის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციაში სრული ქაოსია, მას კონფლიქტში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების იმედი არ აქვს.

მორიგი იმედგაცურება აღმოჩნდა სექტემბერში ჯარედ კუშნერის ვიზიტი რეგიონში, სადაც იგი სპარსეთის ყურის, იორდანიისა და ეგვიპტის ლიდერებს შეხვდა, ხოლო ამის შემდეგ ისრაელ-პალესტინაში გაემგზავრა. კუშნერს რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები ჰქონდა, როგორც ნეთანიაჰუსთან, ასევე აბასთან, მაგრამ შეხვედრების შემგდომ პრესკონფერენციებზე ლიდერებს კონკრეტული ახალი არაფერი განუცხადებიათ. განსაკუთრებით უკმაყოფილო მაჰმუდ აბასი დარჩა, რომელიც აშშ-ის მიერ კონფლიქტის მიმართ გამოკვეთილი პოლიტიკის არ ქონის გამო სკეპტიკურადაა განწყობილი. აბასის მრჩევლის აჰმად მაჯდალანის თქმით, თუკი აშშ დროულად არ დაიწყებს აქტიური ნაბიჯების გადადგმას, მაშინ პალესტინა მის გეგმას მიჰყვება, რადგან მოცემული სტატუს კვო პალესტინისთვის დროში წამგებიანია.

ნეთანიაჰუმ კუშნერის ვიზიტი აშშ-ის ისრაელის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის გამოიყენა. ჯარედ კუშნერს ხშირად კონფლიქტში მიკერძოებულობისთვის ადანაშაულებენ, რადგან მას ისრაელში ბიზნეს-ინტერესები და პრემიერ ნეთანიაჰუსთან პირადი ურთიერთობა აკავშირებს. მსგავსი წინაპირობები ეჭვს აჩენს, მიაღწევს თუ არა საერთოდ ტრამპის დიპლომატიური მისია რეგიონში გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს.

ისრაელის პოლიტიკურ ლიდერებში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მზაობა რომ არ არის, კუშნერის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გაირკვა. პრემიერმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი პალესტინის ტერიტორიაზე – დასავლეთ სანაპიროზე 200-ზე მეტი უკანონო დასახლების დანგრევას და 600 000 ებრაელის უკან გაწვევას არასოდეს დააპირებს. პალესტინის მხრიდან მომლაპარაკებელი საებ ერკათმა ტრამპის ადმინისტრაცია მისი უმოქმედობისთვის, უკანონო მშენებლობების არ დაგმობისთვის და ორი-სახელმწიფოს იდეის შესუსტებისთვის გააკრიტიკა. მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია ამგვარი უმოქმედობით ისრაელს ხელს უწყობს გააგრძელოს მისი აპარტეიდის პოლიტიკა.

თეთრი სახლის ადმინისტრაციასა და პალესტინის ხელისუფლებას შორის დაძაბულობამ პიკს ნოემბერში მიაღწია. ჯერ კიდევ სექტემბერში მაჰუდ აბასმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდა ისრაელის ლიდერების პალესტინელი ხალხისთვის მიყენებული ზარალის გამო მათზე გამოძიება დაეწყო. ამ წინადადების გაჟღერების სანაცვლოდ აშშ-მ გადაწყვიტა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის (PLO) აშშ-ის ოფისისთვის მანდატი აღარ გაეხანგრძლივებინა. აბასმა საპასუხოდ, ორანიზაციის წევრებს ამერიკულ ხელისუფლებასთან ყოველგავრი კონტაქტი აუკრძალა. უკვე ნოემბერში მაჰმუდ აბასმა ჯარედ კუშნერთან, როგორც სამშვიდობო პროცესის მოდერატორთან სატელეფონო საუბარზე უარი განაცხადა.

 

მიზეზები და შედეგები

გარდა ზემოთ ნახსენები აშშ-სა და პალესტინის მმართველებს შორის პიროვნული და პოლიტიკური გაუცხოებისა, აშშ-სა და ისრაელში ფიქრობენ რომ დონალდ ტრამპის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება შიდაპოლიტიკური მიზეზებით არის განპირობებული. საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საკითხზე თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა გენერალმა მაიკლ ფლინმა შესაძლოა ტრამპის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. მან უკვე აღიარა ამერიკის ფედერალური ბიუროსთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება. ტრამპს ვაშინგტონში პოზიციების გამყარება ესაჭიროება, ამიტომ იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადებით იგი ცდილობს ებრაული ლობის და ისრაელის ამერიკელ მხარდაჭერთა გულის მოგებას, რომელთა შორის  დემოკრატიული პარტიის კონგრესის წევრები მრავლად არიან.

იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადებას მრავალმხრივი შედეგები მოჰყვება. რეგიონში გაიზრდება დესტაბილიზაციის ალბათობა და ამერიკულ და ებრაულ დაწესებულებებზე ტერორისტული თავდასხმები რისკი. ამ სვლით შეერთებული შტატები საკუთარ თავს პრაქტიკულად პოლიტიკურად გაკოტრებულად აცხადებს ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში და საკუთარ ინიციატივებსა და მედიატორობას ზემოდან ხაზს უსვამს. ზოგადად დონალდ ტრამპმა ამ გადაწყვეტილებით უარი თქვა ამერიკის დიპლომატიური პოლიტიკის მემკვიდრეობაზე, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას სამშვიდობო გზებით ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა. რეგიონში აშშ-ის მიმართ გაიზრდება უნდობლობა  და შესუსტდება მოკავშირეობა სხვა არაბული ქვეყნების მიერ. ეს გადაწყვეტილება გულისხმობს იმასაც, რომ აშშ ისრაელის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაციას აღარ ცნობს და არც ამ ტერიტორიაზე ებრაული უკანონო დასახლებების წინააღმდეგი იქნება მომავალში.

ტრამპის გადაწყვეტილება გამოიწვევს პალესტინური პარტიების ფათჰისა და ჰამასის შერიგების პროცესის დაჩქარებასა და თანამშრომლობის გამყარებას, რაც საკუთრივ მათ მიერ ისრაელის საწინააღმდეგო საერთო ფრონტის შექმნას გულისხმობს. მნიშვნელოვნად იზრდება მორიგი დაუმორჩილებლობის მოძრობის – ინტიფადას დაწყების ალბათობა, რაც ქვეყანაში მორიგ ძალადობრივ შეტაკებებს დაუდებს სათავეს.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.