პოსტსაბჭოთა სივრცე აშშ-ის ფოკუსში: დიკ ჩეინის მემკვიდრეობა
დიკ ჩეინი & ჯორჯ ბუში უმცროსი, თეთრი სახლი

2018 წლის მიწურულს ამერიკულ კინოთეატრებში რეჟისორ ადამ მაკკეის ფილმის „ვიცეს“ პრემიერა შედგა, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის პოლიტიკურ გენეზისზე გვიამბობს. ფილმის ნარატივი აგებულია დიკ ჩეინის მისწრაფებაზე თეთრ სახლში სხვადასხვა პოზიციებზე ყოფნისას მოეხდინა ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრაცია პრეზიდენტის ინსტიტუტში. ჩეინის მიდგომა დაფუძნებული იყო “უნიტარული აღმასრულებლის თეორიაზე”, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტი ერთპიროვნული მმართველია ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების და მთლიანად მოკლებულია საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან კონტროლს. პერმანენტულად მზარდი ძალაუფლების მქონე პრეზიდენტის მდგომარეობას, როდესაც მას შეუძლია გააკეთოს თითქმის ყველაფერი, რაც სურს, განსაკუთრებით ეროვნული უსაფრთოხების სფეროში, ისტორიკოსი არტურ შლეზინგერი „იმპერიულ პრეზიდენტს“ უწოდებს.

იმპერიული პრეზიდენტის შექმნის სურვილის გარდა, ფილმი აღწერს დიკ ჩეინის გავლენას აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიზაციის ახალი ტალღის დაწყებაზე, რომელიც პირველ რიგში ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობას ითვალისწინებდა. ჩეინის მიერ ინიცირებულმა პოლიტიკებმა ახლო აღმოსავლეთში დასაბამი დაუდო მოვლენათა ჯაჭვს – პროცესს, რომელიც დღემდე გრძელდება და მისი შედეგები დღემდე აისახება რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მოვლენათა შორის საკვანძოდ ტერორიზმის ზრდა და მათ შორის ისლამური სახელმწიფოს წარმოშობა მოიაზრება, რომელმაც არამარტო ერაყისა და სირიის სახელმწიფო სუვერენიტეტი და უსაფრთხოება მოწყვლადი სფეროები გახადა, არამედ რეგიონიდან ევროპისკენ მასშტაბური მიგრაციის დამატებითი ინექცია აღმოჩნდა.

მიუხედავდ იმისა, რომ დიკ ჩეინის საგარეო პოლიტიკურ ფოკუსში მთავარი პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთი იყო, ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდიდან, პირველად, ცხადი ხდება აშშ-ის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ. ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა ეფუძნებოდა ამ სივრცეში, როგორც დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესის დაწყების, ასევე ამ ქვეყნების ევროატლანტიკურ სივრცეში სამომავლო ინტეგრაციის ხელშეწყობას. ჩეინისა და ბუშის მიერ დაწყებული პოლიტიკა იქცა აშშ-პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ჩარჩოდ, რომელ ჩარჩოშიც ეს ურთიერთობა დღემდე გრძელდება.

რატომ ჩეინი და არა ბუში?

“ბუშის და ჩეინის თანაპრეზიდენტობა”, შირლი ენ ვორშოუ

უმცროსი ბუშის გაპრეზიდენტებამდე, მასსა და დიკ ჩეინის შორის შედგა ერთგვარი არაფორმალური გარიგება, რომლის მიხედვითაც, თეთრ სახლში პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის შრომის დანაწილება მოხდა. დიკ ჩეინიმ ჩაიბარა თეთრი სახლის ბიუროკრატია, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პორტფოლიოები. შედეგად, ჩეინიმ ვიცე-პრეზიდენტის უმეტესწილად სიმბოლურ პოზიციას ძალაუფლებრივი შინაარსი შესძინა და ამერიკის ისტორიაში იქცა ყველაზე გავლენიან ვიცე-პრეზიდენტად. ისტორიკოსი შირლი ენ ვორშოუ ბუშისა და ჩეინის მმართველობის ფორმატს „თანაპრეზიდენტობის“ ტერმინით აღწერს, სადაც არ არსებობდა სუბორდინაცია.

დიკ ჩეინიმ პარქტიკულად მოახერხა პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის პერსონალის შერწყმა. მისი შიდა და საგარეო პოლიტიკის, პრესსამდივნოს, საკანონმდებლო დეპარტამენტის, სამართლებრივი საბჭოსა და ადმინისტრაციის პერსონალი პარალელურ რეჟიმში მუშაობდა პრეზიდენტის ანალოგიურ პერსონალთან და მუდმივად ესწრებოდა პრეზიდენტთან თითქმის ყველა შეხვედრას. უმეტესწილად დიკ ჩეინი წყვეტდა საკადრო პოლიტიკასაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სასამართლო სისტემაში კადრების ნომინაციას. ბუშსა და ჩეინს შორის არაფორმალური შეთანხმებამ ამერიკის პოლიტიკური სისტემის ისტორიაში პირველად ჩამოაყალიბა თანამმართველობა – გაზიარებული ოვალური კაბინეტი, სადაც რიგ შემთხვევაში ჩეინის დომინაცია ვდლინებოდა. ყველაზე გახმაურებული ფაქტი 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მოხდა, როდესაც ფლორიდაში ვიზიტით მყოფი ბუშის მაგივრად, ავტორიზაციის გარეშე დიკ ჩეინიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილებას გადააჭარბა და პრეზიდენტისას გაუთანაბრდა – მან ბრძანება გასცა ჩამოეგდოთ ნებისმიერი თვითმფრინავი, მათ შორის სამგზავროც, რომელიც ვაშინგტონის მიმართულებით მიფრინავდა.

დიკ ჩეინი ექსკლუზიურად განაგებდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. მის რჩევებსა და რეკომენდაციებს უსიტყვოდ ითავლისწინებდა ჯორჯ ბუში, რადგან თავად ამ სფეროში ყველაზე ნაკლები კომპეტენცია გააჩნდა. რესპუბლიკელთა პრაიმერიზში ბუშს უჭირდა დაესახელებინა ახლო აღმოსავლეთის, აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების – ინდოეთის, ტაივანის, პაკისტანის ლიდერების და მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელები. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში მას სლოვაკეთი და სლოვენია ერთმანეთში აერია. თეთრ სახლში მისი კომპეტენცია ძირითადად, ქვეყნის შიდა საქმეებში კონსერვატიული პოლიტიკების ადვოკატირება წარმოადგენდა – განათლების, საგადასახადო სისტემისა და რელიგიური პოლიტიკის წარმართვა. საერთაშორისო ურთიერთობებში ჯორჯ ბუში იყო თეთრი სახლის საჯარო სახე, რომლის უკანაც დიკ ჩეინი იდგა. ბუში საკუთარ ადმინისტრაციაში ამ მიმართულებით მხოლოდ ჩეინის გამოცდილებას ეყრდნობოდა. ხოლო ჩეინი საგარეო პოლიტიკაში საკუთარ დღის წესრიგს ადგენდა.

ბუშის ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე ჩეინიმ სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხების (ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, რუსეთის ბირთვული არსენალის შემცირება) ნიველირება მოახდინა და ხაზი გაუსვა ერაყში სადამ ჰუსეინის ხელისუფლების დამხობის საჭიროებას. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, იმავე საბჭოს სხდომაზე ჩეინი ცდილობდა საუბარი ავღანეთში ალ-ქაიდაზე წერტილოვანი დარტყმების მიყენებიდან ერაყში აუცილებელ ინტერვენციაზე გადაეტანა. მიუხედავად იმისა, რომ მის შეხედულებებს სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი და ეროვნულ უსაფრთხოებაში პრეზიდენტის მრჩეველი კონდოლიზა რაისი არ ეთანხმებოდნენ, ისინი ჩეინის წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. ჩეინის თეთრ სახლში ჰყავდა საკუთარი ე.წ. „ქორების“ გუნდი, რომელიც დაზვერვის ინფორმაციით პრეზიდენტზე მანიპულირებდნენ, მათ შორის იყო თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი, მისი მოადგილე პოლ ვოლფოვიცი, რამსფელდის მრჩეველი რიჩარდ პერლე და კოლინ პაუელის მრჩეველი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი.

კონდოლიზა რაისი, დიკ ჩეინი, ჯორჯ ბუში უმცროსი, დონალდ რამსფელდი

დიკ ჩეინის ინიციატივა იყო ავღანეთის და ერაყის ომში დატყვევებულების „ომის პატიმრის“ ნაცვალად „მტრის მებრძოლად“ მოხსენიება, რათა მათზე ჟენევის კონვენციაში გაწერილი პატიმართან მოპყრობის მექანიზმები თავიდან აეცილებათ. ჩეინისა და მისი „ქორების“ შემოქმედებას წარმოადგენდა გუანტანამოს ციხის შექმნა და „პატრიოტის აქტი“, რომელმაც ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს შესაძლებლობა მისცა ნებისმიერი მოქალაქის პირად ინფორმაციასთან ნებართვის გარეშე ჰქონოდა წვდომა.

 

ჩეინი და პოსტსაბჭოთა სივრცე

2015 წელს დიკ ჩეინიმ საკუთარ ქალიშვილთან, ლიზ ჩეინისთან თანაავტორობით გამოსცა წიგნი „განსაკუთრებული: რატომ ესაჭიროება მსოფლიოს ძლევამოსილი ამერიკა“. წიგნი გადმოსცემს დიკ ჩეინის მსოფლმხედველობას აშშ-ის როლზე მსოფლიო პოლიტიკაში. იგი ეფუძნება „ამერიკული განსაკუთრებულობის“ ცნებას და ხსნის, რომ აშშ-ის აქვს ერთგვარი მორალური ვალდებულება და მისია მსოფლიოში დაიცვას და განავრცოს თავისუფლება და დემოკრატია; იყოს საკუთარი მოკავშირეების ერთგული და გააფართოვოს მათი რაოდენობა. წიგნი პრეზიდენტ ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკის კრიტიკაა, რომელსაც ჩეინი უკანდახევაში, პარტნიორების მიტოვებასა და ამერიკული ძალაუფლების გაუფერულებაში ადანაშაულებს. ჩეინის ამგვარი ხედვები გახდა საფუძველი, რითაც მან განსაზღვრა პოსტსაბჭოთა ქვეყნებითან ურთიერთობის შინაარსი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის არსებობის და მიზნების გადააზრების დისკუსიაში დიკ ჩეინი, როგორც უფროსი ბუშის ადმინისტრაციის თავდაცვის მდივანი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო ნატოს ევროპული უსაფრთხოების მთავარ მექანიზმად შენარჩუნებისთვის. 1992 წლის ნატოს სამიტზე დიკ ჩეინიმ პირველმა გააჟღერა სურვილი, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიებისთვის ნატოს მეტი დახმარება გაეწია და სამომავლოდ, მათთვის ალიანსის წევრობის შესაძლებლობა მიეცათ.

ჩეინის აღმოსავლეთ ევროპული პოლიტიკის საოპერაციო დოკუმენტად თავდაცვის მდივნობისას მისი მრჩევლის პოლ ვოლფოვიცის მიერ 1992 წელს

“განსაკუთრებული: რატომ ესაჭიროება მსოფლიოს ძლევამოსილი ამერიკა”, დიკ ჩეინი & ლიზ ჩეინი

შედგენილი „თავდაცვის დაგეგმვის გზამკვლევი“, იგივე „ვოლფოვიცის დოქტრინა“ შეიძლება ჩაითვალოს. დოქტრინის მიხედვით, აშშ-ის უნდა უზრუნველეყო მსოფლიოში არათუ ახალი გლობალური, არამედ რეგიონული დომინანტური მოთამაშის აღმოცენების პრევენცია. ამისათვის, თუკი კოალიციური თანხმობა ვერ შედგებოდა, აშშ-ის საკუთარი ცალმხრივი გადაწყვეტილებით უნდა ემოქმედა. ბუნებრივია, ამგავრი მიდგომა რუსეთის კვლავ გაძლიერების შეჩერებასაც ითვალისწინებდა. ვოლფოვიცი მიიჩნევდა, რომ მიუხედავად საბჭოთა კავშირის დაშლისა, რუსეთი, როგორც მისი სამართალმემკვიდრე სახელმწიფო, მსოფლიოში ერთადერთ ქვეყნად რჩებოდა, რომელსაც აშშ-ის სრულად განადგურება შეეძლო. ამიტომ საჭირო იყო მისი შემდგომი შეკავება.

ამ კონკრეტული მიზნის მისაღწევად, აშშ-ის რუსეთისთვის უნდა მოეთხოვა მისი სამხედრო ბაზების პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან დაუყოვნებლივ გაყვანა; ამ ქვეყნებში დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრისა და ადამიანის უფლებების დაცვა, მათი ევროპულ ეკონომიკასა და ევროატალნტიკური უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაცია. აღნიშნული ამოცანები უნდა განხორციელებულიყო სწრაფად, რათა რუსეთს ვერ მოესწრო მისი ჰეგემონური პოზიციის განახლება და მის სამეზობლოზე პროექტირება.

მიუხედავად 1998 წელს აშშ-სა და ბალტიის ქვეყნებს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის ქარტიისა და 1999 წლის ნატოს ვაშინგტონის სამიტზე მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიცემისა, კლინტონის ადმინისტრაცია ცდილობდა თავი აერიდებინა ლიტვა-ლატვია-ესტონეთის ნატოში ინტეგრაციის აუცილებლობის შესახებ მკაფიო რიტორიკისგან. ბილ კლინტონი ითვალისწინებდა რუსეთის ინტერესს და საბოლოო ნაბიჯის გადადგმისკენ თავს იკავებდა. სამაგიეროდ, ბუშის ადმინისტრაცია აქტიურ ქმედებაზე პირველივე თვეებიდან გადავიდა. 2001 წლის ივნისში ევროპული ტურნეს ფარგლებში, ჯორჯ ბუშმა შეძლო და გერამანიის კანცლერის გერჰარდ შრიოდერის სკეპტიკური დამოკიდებულება ნატოს პოსტსაბჭოთა სივრცეში გაფართოების მიმართ შეცვალა. ხოლო ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას, ბუშმა განაცხადა, რომ ბალტიისა და შავ ზღვას შორის მდებარე ახალ დემოკრატიებს იგივე ხარისხის უსაფრთხოება, თავისუფლება და ევროპულ ორგანიზაციებში გაწევრიანების შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა, როგორიც ეს დასავლეთ ევროპის ძველ დემოკრატიებს გააჩნდა.

ბუშის ადმინისტრაციის სურვილი იყო 2002 წლის ნატოს პრაღის სამიტზე ბალტიის ქვეყნებთან ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრინების მოლაპარაკებები დაწყებულიყო. იმავე წლის შემდგომაზე ბუში თავად ეწვია ვილნიუსს და ქვეყნებს თავად მიულოცა ინტეგრაციის საბოლოო ეტაპზე გადასვლა. 2004 წლის ნატოს სტამბოლის სამიტზე კი სამხედრო ორგანიზაცია პირველად, პოსტსაბჭოთა სივრცეზე გაფართოვდა.

დიკ ჩეინი, ვილნიუსი, 2006

დიკ ჩეინის პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ პოლიტიკის მეორე ნაწილი უკვე საქართველოსა და უკრაინაში ხავერდოვანი რევოლუციებით ხელისუფლებაში მოსული პროდასავლური ძალების ხელშეწყობა და მათი ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტიმულირება იქცა. 2005 წელს ჯორჯ ბუში უპრეცედენტო ვიზიტით თბილისს ეწვია, სადაც ხაზი გაუსვა ამერიკულ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიის გზაზე და მოუწოდა სააკაშვილის ხელისუფლებას გაეგრძელებინა მჭიდრო ურთიერთობა ჩრდილო-ატლანიკურ ალიანსთან.

2006 წელს ვილნიუსში ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების კონფერენციაზე დიკ ჩეინი უკვე თავად გამოვიდა სიტყვით, სადაც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მსურველი ქვეყნები რეფორმების გზაზე გაამხნევა და მათ ამერიკული სრული მხარდაჭერა დაუდასტურა. მისი სიტყვა იყო ერთ-ერთი პირველი სადაც ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში პირველად გაისმა რუსეთი მიმართ კრიტიკა დემოკრატიული ტრანზიციის შეფერხების, ადამიანის თავისუფლებებისა და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის მიმართ. ჩეინის კრიტიკა შეეხო რუსეთის მიერ მისი ენერგორესურსებით სამეზობლოზე მუქარასა და შანტაჟსაც. აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში ჯეიმს კოლინსი აღნიშნავდა, რომ ბუშის ადმინისტრაციაში დიკ ჩეინი იყო იმ პერსონათა შორის, რომელიც რუსეთის მიმართ სიმკაცრით გამოირჩეოდა და ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრე იყო.

ამ პერიოდიდან ევროპელი პარტნიორების სკეპტიციზმის მიუხედავად, აშშ რჩებოდა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების მთავარ პროპონენტად. ჯორჯ ბუშმა ამერიკული მტკიცე მხადაჭერა 2008 წლის ბუქარესტის სამიტამდე რამდენიმე თვით ადრე უკრაინაში ვიზიტისას კვლავ დაადასტურა.

დიკ ჩეინი & მიხეილ სააკაშვილი, თბილისი, 2008

აგვისტოს ომის შემდეგ, სექტემბრის დასაწყისში დიკ ჩეინი თავად ეწვია პოსტსაბჭოთა სამ ქვეყანას აზერბაიჯანს, საქართველოსა და უკრაინას. მისი მთავარი პოლიტიკური მესიჯი მდგომაროებდა იმაში, რომ აშშ-ის რეგიონის მიმართ საკუთარი ინტერესები ჰქონდა და რუსული წნეხის მიუხედავად, იგი არ აპირებდა უკან დახევას. თბილისში ვიზიტისას მან რუსული აგრესია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ალიანსის წევრი ქვეყანა. მის ვიზიტის დღეს გახდა ცნობილი, რომ აშშ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარებისა და ეკონომიკური რეკონსტრუქციისთვის მილიარდი დოლარით დაეხმარებოდა.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც 2009 წლის 9 იანვარს, მიმავალი ბუშის ადმინისტრაციისას გაფორმდა კიდევ ერთი დადასტურება იყო იმ სურვილისა, რომ ჩეინის პოლიტიკას ერთჯერადი სახე არ მიეღო და იგი მემკვიდრეობის სახით აშშ-ის სხვა ხელისუფლებების პერიოდშიც გაგრძელებულიყო. ათწლეულის შემდეგაც, თანამედროვე აშშ-ისა და უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობები ინერციით კვლავ იმავე ხასიათსა და შინაარსს ატარებს, რასაც ბუშის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტმა ჩეინიმ ჩაუყარა საფუძველი.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.