აშშ - გამონაკლისი მდგომარეობა (State of Exception)

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრმა რამდენიმე კვირაა, რაც აშშ-ში გადაინაცვლა, სადაც პათოგენის გავრცელების მთავარი დარტყმა ნიუ-იორკის შტატმა მიიღო – შტატზე გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი მოდის. პანდემიასთან აქტიურ ბრძოლაში პოპულარული სახე შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო გახდა, რომელიც როგორც ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის ეფექტური მობილიზაციით ასევე, ფედერალური მთავრობის კრიტიკითაც გამოირჩევა.

აშშ-ში ვირუსის გავრცელების დააანონსების შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ნიუ-იორკის შტატი კორონავირუსის ეპიცენტრი იქნებოდა, შტატის მაცხოვრებლებმა ჰიგიენური საშუალებები მასობრივად შეიძინეს, რამაც ამ პროდუქციაზე დეფიციტი წარმოქმნა. გუბერნატორმა კუომომ პრობლემასთან ადგილობრივი ძალებით გამკლავება გადაწყვიტა. კუომოს განკარგულებით, შტატის საკორექციო წარმოების დანაყოფმა (Corcraft), რომელიც საჯარო სტრუქტურაა, რამდენიმე დღეში ფორსმაჟორულ რეჟიმში ადგილობრივი ხელის სადეზინფექციო საშუალების წარმოება დაიწყო. 9 მარტისათვის, გუბერნატორმა დანაყოფის წარმოებული პროდუქტი სახელწოდებით „NYS Clean” აუდიტორიას წარუდგინა. შტატის წარმოებული სადეზინფექციო ხსნარი საბითუმო ფასებში დაურიგდა საჯარო დაწესებულებებს, კლინიკებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საპატიმროებს და სხვა ადმინისტრაციულ ორგანიზაციებს, თუმცა ის ბაზარზე არ შესულა. მაგრამ კუომომ ბაზარზე არსებული სადეზინფექციო საშულებებზე ფასით მანიპულაციაზე მკაცრად გააფრთხილა ვენდორული კომპანიები, მათ შორის უმსხვილესი Amazon და eBay. „NYS Clean”-ის გამოშვებას მცირე კრიტიკა მაინც მოჰყვა, გამომდინარე იქიდან, რომ ხსნარი ძირითადად, პატიმართა იაფი შრომით იწარმოება, რაც მისი დაბალ ფასსაც განსაზღვავს.

როდესაც პანდემიის გავრცელების ტემპებმა იმატა და ნათელი გახდა, თუ რა მოცულობით ზარალს და მსხვერპლს გამოიწვევდა იგი, ქვეყნის პრეზიდენტმა მიმართა  აშშ-ის სამართალში არსებულ ნორმატიულ აქტს, სახელწოდებით, „თავდაცვითი წარმოების აქტი“, რითაც კრიზისებისას შეიძლება, როგორც პატიმართა იაფი შრომის გამოყენების, ასევე ფასის მანიპულაციური გაზრდის თავიდან არიდება.

 

თავდაცვითი წარმოების აქტი

თავდაცვითი წარმოების აქტი საგანგებო მდგომარეობისას მთავრობის აღმასრულებელი შტოსთვის მძლავრი ინსტრუმენტია, რითაც მას საშუალება ეძლევა კერძო კომპანიები დაავალებულოს დაემორჩილნონ მთავრობის ბრძანებებს და ისინი დააყენონ საკუთარი კერძო ინტერესების მაღლა. პანდემიასთან ბრძოლაში ამ კანონით შესაძლბებელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა კერძო სექტორს სამართლებრივად დააკისროს სამედიცინო აღჭურვილობის და ჰიგიენური საშუალებების წარმოება, ასევე სამედიცინო პერსონალის გადამზადება და მობილიზება.

ამერიკული ტანკები იწყობა კორეის ომისთვის, 1950 (Hulton Archive/Getty Images)

აქტი 1950 წელს შეიქმნა, როდესაც აშშ კორეის ომში ჩაერთო. სამართლებრივი ნორმა ცივი ომის ფართო სამოქალაქო მობილიზაციის ნაწილსაც წარმოადგენდა. იგი ამ დროის განმავლობაში 50-ჯერ განაახლეს და დღემდე ძალაში რჩება. თავად კანონი იმ თაობამ შექმნა, რომელმაც ორი მსოფლიო ომი გამოიარა და საკუთარ თავზე გამოსცადა კრიტიკული მდგომარეობისას მასობრივი მობილიზაციის მნიშვნელობა. თუმცა, თავად თავდაცვითი წარმოების აქტს უსწრებდა ორი „საომარი ძალაუფლების აქტი“ – 1941 წელს, პერლ ჰარბორის თავდასხმის შემდეგ, ხოლო მეორე 1942 წელს. პირველმა მათგანმა აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელ შტოს შეუზღუდავი ძალაუფლება, ხოლო მეორემ სამხედრო საშუალებების ფორსირებული წარმოების შესაძლებლობა მიანიჭა. ამ აქტებმა ძალა დაკარგეს, რაც კონფლიქტი იაპონიასთან დასრულდა. „თავდაცვითი წარმოების აქტი“ ამ აქტების მემკვიდრე გახდა, რითაც ჰარი ტრუმენს იგივე ძალაუფლება მიენიჭა, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანკლინ დელანო რუზველტმა მიიღო. აქტი ამერიკის კონგრესმა ერთი წლის ვადით მიიღო, თუმცა კორეის ომის გახანგრძლივებასთან ერთად, კანონის მოქმედებაც გახანგრძლივდა. აქტი დღევანდელი მდგომარეობის 2025 წლამდეა ძალაში.

„თავდაცვითი წარმოების აქტით“, პრეზიდენტს შეუძლია სამხედრო საშუალებების წარმოება პრიორიტეტული გახადოს, მოითხოვოს გარკვეული რესურსები და საკუთრება, გააფართოვოს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო წარმოების მოცულობა, დაადგინოს სამომხმარებლო პროდუქტის ოდენობა, დაარეგულიროს ანაზღაურების ოდენობა და ფასი, გადაჭრას შრომითი დავები, ამასთანავე, გადახედოს კრედიტებისა და სესხის რეგულაციებს და კერძო სექტორის აღმასრულებლებისგან შექმნას მოხალისეობრივი რეზერვი, რომელიც ფედერალურ სახელმწიფო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

კანონის პირველივე მუხლში გაწერილია თუ რა უფლებები ენიჭება პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობისას. ქვეყნის პირველ პირს საშუალება ეძლევა, რომ სახელმწიფოსთვის აუცილებელი საქონლის კერძო საწარმოო კონტრაქტებს უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე სხვა პროდუქციის წარმოებას. პრეზიდენტს შეუძლია დაავალდებულოს კერძო სექტორი, რათა დაკმაყოფილდეს მოთხოვნილი რესურსების, მომსახურებისა და საწარმოო საშუალებების ოდენობა. ამასთანავე, მთავრობა თავად ანიჭებს პრიორიტეტს სხვადასხვა კერძო საწარმოსთან გაფორმებულ მსგავს კონტრაქტებს, რათა მიწოდების პროცესი არ შეფერხდეს. მთავრობასვე შეუძლია აკონტროლოს აკუმულირებული რესურსების და მომსახურების დისტრიბუციაც.

„თავდაცვითი წარმოების აქტის“ მესამე მუხლი ხაზს უსვამს სახელმწიფოს პასუხისმგებლობებს რესურსების აკუმულირების პროცესში. ამ მუხლით, აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლება კერძო სექტორს სთავაზობს პირდაპირ სესხებს და ვალდებულებას იღებს, რომ შეიძენს ყველა იმ საქონელს თუ მომსახურებასაც, რომელიც საჭიროზე ნამატი იქნება. ამასთანავე, სახელმწიფო გაიღებს სუბსიდიებს და აღჭურავს კერძო საწარმოებს იმ საშუალებებით, რაც საჭიროა წარმოების მოცულობის გასაზრდელად.

დონალდ ტრამპმა აქტის გამოყენება 18 მარტს დააანონსა თუმცა, კანონით გაწერილი უფლებების გამოყენება მოგვიანებით დაიწყო. პირველი კომპანია, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებას დაექვემდებარა ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვისთვის საჭირო საქონლის მწარმოებელ მულტინაციონალურ კომპანია 3M (Minnesota Mining and Manufacturing Company) იყო. პრეზიდენტმა კომპანია N95 ტიპის პირბადეების ექსპორტისთვის გააკრიტიკა, როდესაც შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხერხდებოდა. მოგვიანებით, კომპანიამ განაცხადა, რომ იგი ყოველთვიურად წარმოების მოცულობას თვიურად 55.5 მილიონ პირბადემდე გაზრდიდა.

27 მარტს, ტრამპმა ჯანდაცვის დეპარტამენტს დაავალა, რომ „თავდაცვითი წარმოების აქტის ფარგლებში“ General Motors (GM) დაევალდებულებინა ფედერალური კონტრაქტებისთვის პრიორიტეტი მიენიჭებინა და დაეწყო სასუნთქი აპარატების წარმოება. იმავე დღეს GM-მა სამედიცინო ხელსაწყოების მწარმოებელ კომპანია Ventec Life Systems-თან კონტრაქტი გააფორმა, რითაც კომპანიები ყოვეთვიურად 10 000 სასუნთქი აპარატის წარმოებას შეძლებდნენ. 8 აპრილს, ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მან GM-თან 490 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფრომა, რითაც კომპანიამ დეპარტამენტს პირველი ივნისისთვის 6132, ხოლო აგვისტოს ბოლოსთვის 30 000 სასუნთქი აპარატი უნდა მიაწოდოს.

იმავე დღეს, ჯანდაცვის დეპარტამენტმა კომპანია Royal Philips-სთან 646 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი შეათანხმა. კომპანიამ მაისის ბოლომდე 2500, ხოლო წლის ბოლომდე 43 000 სასუნთქი აპარატის მიწოდება უნდა უზრუნველყოს.

ტრამპის მიერ ამოქმედებული „თავდაცვითი წარმოების აქტი“ შეეხო სხვა კომპანიებსაც: Medtronic, Hill-Rom, Res Med, Vyaire Medical და General Electric. მათი ვალდებულებაც სასუნთქი აპარატების წარმოებაა.

თეთრი სახლის ბრიფინგი, ენდრიუ კუომოს ჩართვა (Patrick Semansky/AP)

მიუხედავად, ტრამპის მიერ გადაგმული ნაბიჯებისა, მას გუბერნატორების, სენატორებისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებისგნა კრიტიკა მაინც შეეხო. ისინი პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ სრულად გამოიყენოს აქტით მინიჭებული უფლებამოსილებები, და მხოლოდ მიწოდების შეფერხების პრობლემით არ შემოიფარგლოს. ისინი ითხოვენ, რომ პრეზიდენტმა აკონტორლოს სამედიცინო საქონლის ადეკვატური დისტრიბუაცია შტატების მიხედვით, სადაც შტატის გუბერნატორები პროდუქციის მოპოვების კონკურენციაში არიან ჩართულნი. აქაც კრიტიკით ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო გამოირჩა, რომელმაც განაცხადა: „ეს eBay-ს აუქციონს დაემსგავსა, სადაც 50 შტატი სასუნთქი აპარატების შეძენაზე საკუთარ ფსონს ჩამოდის.“

ტრამპის სიფრთხილე განპირობებულია მისი ეკონომიკური ხედვებით, სადაც ის წარმოების პროცესში და კერძო სექტორის დავალდებულებაში სახელმწიფოს როლს ვერ ხედავს. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მან „თავდაცვითი წარმოების აქტი“ ნაციონალიზაციას შეადარა: „ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც ბიზნესის ნაციონალიზაციას ახდენს. კითხეთ ნებისმიერ ადამიანს ვენესუელაში, როგორ იმუშავა ბიზნესების ნაციონალიზაციამ? არცთუ კარგად.“ პრეზიდენტის ამ კომენტარს კვლავ კუომოს პასუხი მოჰყვა: „დიახ, ეს არის მთავრობის ძალაუფლების განვრცობა კერძო კომპანიებზე. მაგრამ რა, ჩვენ საგანგებო მდოგმაროებაში ვიმყოფებით.“

 

სხვა ინტერვენციების შესაძლებლობა

აშშ-ში ისტორიაში არსებობს შემთხვევები, როდესაც კრიზისულ სიტუაციაში სახელმწიფო თავად იღებდა ინიციატივას შეექმნა საკუთარი საწარმოო დაწესებულებები გარკვეული საქონლის საწარმოებლად. მეორე მსოფლიო ომის საგანგებო მდგომარეობისას, აშშ-ის მთავრობამ ჩამოაყალიბა საწარმოო ერთეულები, რომლებიც სახელმწიფო სააგენტოების საკუთრებაში იყო და მათ მიერ ფინანსდებოდნენ (GOCO). თუმცა მათ მართვას უფრო გამოცდილი კერძო კომპანიები ახორციელებდნენ. სამხედრო ტექნიკის წარმოება ძირითადად მსგავს ქარხნებში ხდებოდა და მათი შემოქმედებაა სამხედრო საზღვაო ხომალდების და ბომბდამშენების წარმოება. ბირთვული იარაღის პროექტიც სახელმწიფო მფლობელობის ქვეშ მყოფ ქარხანაში შეიქმნა. GOCO-ს მოდელის ათვისება დღესაც შესაძლებელია დეფიციტში მყოფი სამედიცინო საშუალებების საწარმოებლად. საგანგებო მდგომარეობისას ამის რესურსი და მობილიზაციის შესაძლებლობა სახელმწიფოს უფრო აქვს, ვიდრე კერძო კაპიტალს.

კრიზისულ სიტუაციებში იმპორტირებული საქონლის დეფიციტიც იქმნება, რაც ადგილობრივი წარმოების ინიციატივას უბიძგებს ხოლმე ხელს. ამგვარ შემთხვევაშიც, ამერიკის მთავრობას აქვს საწარმოო პროცესში ინტერვენციის გამოცდილებაც. იაპონიასთან ომმა ამერიკისთვის ინდონეზიიდან რეზინის მიწოდება გაწყვიტა, რამაც სამხედრო დანიშნულების საბურავების წარმოება შეაფერხა. მთავრობის ძალისხმებით და GOCO-სთან ნავთობის, ქიმიკატებისა და საბურავების ცნობილ მწარმოებლებთა თანამშრომლობამ ხელი შეუწყო ახალი სინთეტიკური რეზინის შექმნასა და წარმოებას. დღეს, როდესაც შეფერხებულია გლობალური მიწოდების ჯაჭვი, ამერიკელ ადმინისტრატორებს შესაძლებლობა ეძლევათ იმპორტირებულ საქონელს ადგილობრივი ჩამნაცვლებლები მოუძებნონ.

აშშ-ის მთავრობას ასევე აქვს გამოცდილება საგანგებო სიტუაციებში კერძო მწარმოებლების მხრიდან ე.წ. პროფიტიერინგის (არაეთიკური მოგების მიღება) აღკვეთაში. ამ შემთხვევაში, სამთავრობო ინსტრუმენტებს ფასების ზედა ზღვრის დაწესება და დამატებითი საგანგებო მდგომაროების (ომის) გადასახადის დაწესება წარმოადგენდა.

„თავდაცვითი წარმოების აქტი“ ფედრალური მთავრობის არსენალში ეფექტური საშუალებაა კატასტროფებთან გასამკლავებლად, თუმცა მისით ფუნქციონირებას ესაჭიროება ინტერვენციის ნების მქონე ხელისუფლება, დაგეგმვის პროფესიული გამოცდილება და დაფინანსების სანდო და ადეკვატური შესაძლებლობა. კატასტროფები ქვეყნებს სხვადასხვა ფორმებით ევლინება, იქნება ეს მტრის თავდასხმა, ეპიდემია-პანდემიები, მიწისძვრები, გრიგალები, ბირთვული საფრთხე თუ სხვა, რომლებთან გამკლავებას მომზადების რთულ პროცესს მოითხოვს. „თავდაცვითი წარმოების აქტი“ კი, აშშ-ის მთავრობას აძლევს შესაძლებლობას მსგავს გამოწვევებს მზადყოფნაში დახვდეს.

 

დატოვე კომენტარი