ევროპის თავდაცვის ახალი ინიციატივა - PESCO

ფოტო გარეკანზე: epthinktank.eu

 

13 ნოემბერს  ევროკავშირის 23 ქვეყნის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პერმანენტულ სტრუქტურულ თანამშრომლობას (Pesco) მოაწერეს ხელი. ინიციატივა გაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის აღნიშნულ სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს, რომელიც საკუთრივ თავდაცვის შესაძლებლობების საერთო ძალისხმევით გაძლიერებას, მსხვილ სამხედრო პროექტებში საერთო ინვესტირებას, საერთო ოპერაციულ მზაობას და შეარაღებული ძალების განვითარებას გულისხმობს.

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოლიტიკა ევროპული გაერთიანების ლისაბონის ხელშეკრულების 42-ე და 46-ე მუხლებშია გაწერილი. შესაბამისად, ეს ინიციატივა კავშირის თავდაცვითი პოლიტიკის რეალობაში განხორციელების პირველი მცდელობაა.

Pesco-ს მიზანია მისმა ხელმომწერმა ქვეყნებმა რაციონალურად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები; მოახდინონ შეიარაღების ჰარმონიზაცია და შეამცირონ თავდაცვით შესაძლებლობებში სხვაობები; ასევე წევრებმა თავიდან აირიდონ თავდაცვის გარკვეულ საკითხებში დუბლირება და შესაბამისად, ხარჯების ოპტიმიზაციას შეუწყონ ხელი. ინიციატივის ამოცანაა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ამ სფეროში, მათ შორის ახალი დრონებისა და ტანკების წარმოება. ინიციატივაში არ არის გაწერილი კონკრეტულად რა პრაქტიკული გამოვლინებები ექნება წევრი ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობას, იგი მხოლოდ ერთგვარი ჩარჩოა გაერთიანების კოორდინირებული საქმიანობისთვის თავდაცვის სფეროში.

Pesco-ს ფარგლებში წევრმა ქვეყნებმა უნდა წარადგინონ საკუთარი ეროვნული გეგმები თუ რა კონტრიბუციის და ძალისხმევის გაღება შეუძლიათ ორგანიზაციისთვის. ეროვნული გეგმები რეგულარულად შეფასდება და მის წარდგენას ნებაყოფლობითი სახე არ ექნება. თავდაცვითი ინსტრუმენტი გაერთიანებას საშუალებას აძლევს ჰქონდეს სამხედრო ავტონომია და საჭიროების შემთხვევაში პარტნიორებისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს. ხელმომწერი ქვეყნები თვლიან, რომ მათი სუვერენულობა ეფექტურად მხოლოდ თანამშრომლობით მიიღება. სამხედრო შეიარაღება რჩება სახელმწიფოების დაქვემდებარების ქვეშ და ქვეყნებს მათი გამოყენება სხვა მიზნებისთვისაც, ნატოსა და გაეროს ფარგლებში დამოუკიდებლად შეეძლებათ. Pesco-ს წევრი ქვეყნები ვალდებულნი არ იქნებიან ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული ყველა პროექტში ჩაერთონ, მათ ეს საკუთარი საჭიროებისამებრ უნდა განსაზღვრონ. ეს გარემოება ქმნის შესაძლებლობას, რომლითაც ქვეყანათა გარკვეული ჯგუფი განცალკევებულად იმოქმედებს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე.

Pesco-ს ბუნდოვანება აქვს მის სტრატეგიულ მიზნებშიც, თუ რისკენაა მიმართული ის და რას უნდა მიაღწიოს თავდაცვითმა ინიციატივამ. მაშინ როცა ბალტიისპირა ქვეყნებისთვის მთავარი გამოწვევა რუსული საფრთხის შეკავება-შემცირებაა, სამხრეთ ევროპისთვის მთავარი საკითხი ჩრდილოეთ აფრიკის სტაბილურობა, იმიგრაციის ნაკადების კონტროლი და ტერორისტული თავდასხმების პრევენციაა.

თანამშრომლობის ინიციატივას მხოლოდ ხუთმა წევრმა ქვეყანამ არ მოაწერა ხელი. ერთ-ერთი მათგანი დიდი ბრიტანეთია, რომელსაც კავშირის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. დანიის სამეფო თავდაცვის სფეროში თანამშროლობისგან თავს მუდმივად იკავებს და მისი შემდგომი გაწევრებაც მოსალოდნელი არ არის. დანარჩენი სამი ქვეყანა პორტუგალია, ირლანდია და მალტა არიან, რომელთაც სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეეძლებათ Pesco-სთან მიერთება.

ევროპის თავდაცვითი ინსტრუმენტის ოპერაციებში მონაწილეობის მიღება ორგანიზაციის არაწევრ ქვეყნებსაც შეეძლებათ, მათ შორის დიდ ბრიტანეთსაც, მას შემდეგ რაც ის დატოვებს გაერთიანებას.

Pesco ფარნკო-გერმანული ინიციატივაა, რომელსაც ევროპის სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ხუთი, ბალტიისპირა ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი უწევდნენ ღია მხარდაჭერას.

Pesco-ს შექმნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი წლების განმავლობაში ევროპული კომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი იყო, რომელიც თვლის, რომ ეს ინიციატივა შემდგომში ევროპული თავდაცვითი კავშირის შექმნის წინაპირობა იქნება. იუნკერს ევროპული არმიის ჩამოყალიბების სურვილიც აქვს, მაგრამ ეს იდეა სავარაუდოდ, რეალობაში არ განხორციელდება; მის შექმნას გაერთიანებაში მხარდაჭერა არ აქვს. ევროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ Pesco-მ ნატოსგან დამოუკიდებლად უნდა შეძლოს მოულოდნელად წარმოქმნილ საფრთხეებთან გამკლავება, მაგრამ იგი არ იქნება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ჩამნაცვლებელი სტრუქტურა. მხარეები ხელმოწერილ დოკუმენტში კიდევ ერთხელ ადასტურებენ ალიანსის მიმართ ერთგულებას. ევროპის თავდაცვის ახალი პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც დააფისქირა. მისი თქმით, ახალი ინიციატივა გააძლიერებს როგორც ევროპის თავდაცვას, ასევე ნატოსაც.

ინიციატივის ძალაში შესასვლელად ევროპული საბჭოს კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მხარი. აღნიშნული პროცედურა შესაძლოა მომდევნო საგარეო საკითხთა საბჭოს სხდომაზე – 11 დეკემბერს განხორციელდეს.

მიმდინარე წლის ივნისში, ევროპულმა კომისიამ ევროპული თავდაცვის ფონდი შექმნა, რისთვისაც ყოველწლიურად 5.5 მილიარდი ევრო გამოიყო. ეს თანხები ძირითადად, წევრი ქვეყნების შეარაღების თანამედროვე ტექნოლოგიების მოდერნიზაციისთვის გამოიყო. იმავე ივნისში, ევროკავშირის საბჭომ და ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირეს კიდევ ერთი თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტრუმენტის შექმნას – ‘სამხედრო დაგეგმვა და შესაძლებლობების განხორციელება’ (MPCC). ინსტრუმენტი მიზანმიმართული იქნება სამწვრთნელო ოპერაციებზე და ზოგადად, კრიზისების მართვაზე. MPCC ახორციელებს ევროკავშირის სამწვრთნელო მისიებს აფრიკის სამ ქვეყანაში, სომალიში, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

 

რატომ ახლა?

Pesco-ს ინიციატივის განხორციელება ორმა ძირითადმა ფაქტორმა გამოიწვია: ბრექსიტმა და აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ.

დიდი ბრიტანეთი ევროპის თითქმის ნებისმიერი სახის საერთო თავდაცვითი ინსტრუმენტის შექმნის ტრადიციული მოწინააღმდეგე იყო. მისმა გადაწყვეტილებამ დატოვოს ევროპული გაერთიანება შექმნა შესაძლებლობა გაერთიანების წამყვან ქვეყნებს ამ მიმართულებით მსჯელობა დაეწყოთ და რეალური ნაბიჯები გადაედგათ. ამ მხრივ, განსაკუთრებით საფრანგეთი აქტიურობდა. ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის რეფორმაციის გეგმის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ევროპის თავდაცვის საერთო ბიუჯეტის და ევროპის ინტერვენციის ძალების შექმნისკენაც მოუწოდა.

Pesco-ს ხორცშესხმის მეორე საკვანძო მიზეზი დონალდ ტრამპის ახალი იდეური ხედვები, ევროპასთან დამოკიდებულება და მათ შორის, თავდაცვის სფეროში მისი მოთხოვნა-ინიციატივებია. ნატოს ახალი შტაბბინის გახსნაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელი კოლეგებისთვის მისი მთავარი მესიჯი, თავდაცვის ხარჯების ნატოს სტანდარტის მიხედვით – ეროვნული მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იანი ზღვარის დაკმაყოფილება იყო.

დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა ალიანსის მიმართ უკმაყოფილება, რადგან ორგანიზაციის საბიუჯეტო ტვირთი უსამართლოდ არის გადანაწილებული. ამ დირექტივაზე ნატოს წევრები ჯერ კიდევ 2006 წელს შეთანხმდნენ. 2014 წლის უელსის სამიტზე მოკავშირეებმა დირექტივის შესრულების მიმართ საკუთარი მზაობა დააფიქსირეს და უახლოეს დეკადაში მის შესრულებაზე შეთანხმდნენ.

დღევანდელი მდგომარეობით, 2%-იან ზღვარს ალიანსის მხოლოდ ხუთი წევრი აკმაყოფილებს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ესტონეთი, საბერძნეთი). იენს სტოლტენბერგის თქმით, დაწესებულ ზღვარს მიმდინარე ან მომავალ წელს ლიტვა, ლატვია და რუმინეთიც დააკმაყოფილებენ. აშშ-ის თავდაცვითი ხარჯები მშპ-ის 3.6%-ია, მაშინ როცა ევროპის საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 1.47%-ია.

დონალდ ტრამპმა ევროპის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიებიც ეჭვქვეშ დააყენა. ბრიუსელში ნატოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთი, როგორც ევროპის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე არ ახსენა და ამერიკის ერთგულება ალიანსის დამფუძნებელი დოკუმენტის მე-5 მუხლის მიმართ არ დააფიქსირა. ბუნებრივია, აშშ-ის უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის მიერ ამგვარმა დამოკიდებულებამ ევროპაში საკუთარი თავდაცვისა და უსაფრხოების მექანიზმების შემუშავებაზე დააფიქრეს. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, “დროა ევროპამ საკუთარი ბედი საკუთარ ხელში აიღოს”.

აშშ-სგან განსხვავებით, ევროპაში თანამედროვე უსაფრთხოების კონცეფციას განსხვავებულად უყურებენ. აშშ საგარეო დიპლომატიისა და საერთაშორისო დახმარების ბიუჯეტს ამცირებს, რათა თავდაცვის ხარჯები გაზარდოს, როდესაც ევროპა უსაფრთხოებისთვის მსგავს რბილ ძალას ანიჭებს უპირატესობას. დღევანდელი სიტუაციით, ევროპისათვის უსაფრთხოების გაძლიერება არა სამხედრო ბრძოლისუნარიანობის გაზრდას, არამედ მიგრაციული პროცესების მართვას, მზარდი ექსტრემიზმის შეკავებას, ეკონომიკურ სტაბილურობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების (რობოტიკა) სამხედრო სფეროში დანერგვას გულისხმობს.

ევროპის კავშირი ‘სამოქალაქო სუპერძალაა’, რომელიც გლობალურ ეკონომიკაში ჩართულობით, აქტიური დიპლომატიითა და ჰუმანიტარული დახმარებით მოწინავე მოთამაშეა მსოფლიოში. ბუნებრივია, საერთაშორისო უსაფრთხოების გასაძლიერებლად მხოლოდ სამხედრო კომპონენტის განვითარება არ კმარა და დამატებით სამოქალაქო, დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტების ინტენსიფიკაციაცაა საჭირო, რაშიც ევროპული კავშირი აქტიურად ხარჯავს თანხებს.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი