ირანული პროტესტის დაფარული მხარე

ანუ ის რაზეც არავინ საუბრობს

 

ერთ კვირაზე მეტია, რაც ირანში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. საინფორმაციო სივრცეში ხშირად გაისმის ამ ეკონომიკური მდგომარეობის კონკრეტული გამოვლინებების შესახებ, მაგრამ ირანის ეკონომიკის კომპლექსურ პრობლემურობაზე ცოტა თუ საუბრობს. ირანში, მიმდინარე დემონსტრაციების ტალღა სპონტანურად წარმოიქმნა, მაგრამ შინაარსობრივად ეს ამბოხი ბოლო წლების განმავლობაში ნელ-ნელა დაგროვებული სოციალური პროტესტის მასშტაბური გამოვლინებაა.

ირანის პოლიტიკურ სისტემაში არსებულ პარტიულ ელიტებში უკვე ათწლეულებია სრულად დომინირებს ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკის კონცეფცია და ამ აზრს ქვეყანაში პოლიტიკური წინააღმდეგობა არ ხვდება; ასე იყო ეს პრეზიდენტ რაფსანჯანის, ხატამისა და აჰმადინეჯადის დროსაც. ნეოლიბერალური ეკონომიკის პრაქტიკული განხორციელება კი განასკუთრებით ჰასან როჰანის ხელისუფლებაში მოსვლისას გააქტიურდა.

როჰანი თავის ეკონომიკურ შეხედულებებს მის მიერ 2010 წელში გამოქვეყნებულ წიგნში, „ეროვნული უსაფრთხოება და ირანის ეკონომიკური სისტემა“ ავლენს. წიგნში ის მიუთითებს, რომ შრომის კოდექსი რეპრესიულია კაპიტალის მქონეთათვის, რომელთაც ირანი უნდა ააღორძინონ; რომ დამსაქმებლისთვის მინიმალური ხელფასისა და პროფკავშირების არსებობა დიდი დაბრკოლებაა; რომ სახელმწიფო ჩარევა ეკონომიკისთვის მეტწილად მავნეა. როჰანის მიხედვით, ირანის ეკონომიკა გლობალური ეკონომიკისთვის მეგობრული უნდა გახდეს და ჩაერთოს გლობალური კაპიტალის მოძრაობაში. მისი ეკონომიკური დოქტრინა „ნეოლიბერალური ავტორიტარიზმის“ განხორციელება სრულად ეფუძნებოდა ირანზე საერთაშორისო სანქციების მოხსნას და ქვეყანაში მსხვილი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ამგვარი ეკონომიკური მომავლისათვის როჰანიმ ირანი მოამზადა – მან გააგრძელა აჰმადინეჯადის დროს დაწყებული დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესი, საკუთრივ კი, საბაზრო რეგულაციების ლიბერალიზაცია მოახდინა, პრაქტიკულად გააუქმა შრომის კოდექსი და ირანის შრომის ბაზარი იაფი მუშახელით დააკომპლექტა.

როჰანის ეკონომიკურ დოქტრინას დაემატა „ქამრების შემოჭერის პოლიტიკაც“, რომელმაც თანდათანობით შეამცირა სახელმწიფო ხარჯები სოციალურ მომსახურებებზე და გასული წლის ბოლოს მთელი რიგი სოციალური პაკეტების გაუქმება დააანონსა.

როჰანის დერეგულაციის პოლიტიკამ უპრეცდენტოდ გააუარესა სამუშაო ადგილზე დასაქმებულების მდგომარეობა. სამუშაო ადგილზე გარდაცვალების რაოდენობით ირანი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია, წლიურად ამგვარ შემთხვევებს 2000-მდე ადამიანი ეწირება. გასული წლის მაისში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ერთ-ერთ მაღაროში აფეთქებამ 44 მუშის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინციდენტის ადგილზე მისულ პრეზიდენტს მოსახლეობა აგრესიულად შეხვდა. მანამდე, იანვარში თეირანის ცენტრში სავაჭრო ცენტრი Plasco ძლიერმა ხანძარმა ჩამოშალა, რომელსაც 20-ზე მეტი მეხანძრე ემსხვერპლა. შენობაში დაცული არ იყო უსაფრთხოების ზომები და მისი ამორტიზირებულობის მიუხედავად, ადამიანების კვლავ განაგრძობდნენ შენობაში საქმიანობას. დასაქმებულების მიმართ სახელმწიფოს მსგავსი პოლიტიკა მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ სკეპტიციზმს აღვივებდა.

სახელმწიფო ორგანიზაცია Isargara-ს მონაცემებით, მხოლოდ გასული წლის მარტიდან მოყოლებული ირანში 1700-მდე მცირე საპროტესტო გამოსვლა მოხდა, რომელთაც ძირითადად მუშათა, პენსიონერთა და საჯარო მოხელეთა აუნაზღაურებელი ხელფასისა და პენსიის გამო გაფიცვები წარმოადგენდა. ამასთანავე, ისლამური რეჟიმის უსაფრთხოების ძალები მკაცრად სჯის მუშათა ორგანიზებას და მათ მიერ პროფკავშირის შექმნას.

ამას გარდა, ირანში ბოლო წლებია უკვე ყოველწლიურად ტარდება მასწავლებელთა მასობრივი გაფიცვები ღირსეული ანაზღაურებისთვის. გასული წელი არც ამ კუთხით ყოფილა გამონაკლისი – ათასობით მასწავლებელი გამოვიდა ირანის თითქმის ყველა დიდ და საშუალო ზომის ქალაქში ხელფასების გაზრდის მოთხოვნით.

2014 წლიდან ირანის მთავრობამ განათლების სფეროს პრივატიზაციაც დაიწყო. უნივერსიტეტების გასხვისებას ირანელი სტუდენტები აპროტესტებდნენ, რომელთაც სწავლის გადასახადის გადახდა არ შეუძლიათ. გასული წლის დეკემბრის დასაწყისში რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტობა, რომელსაც 30 სტუდენტური გაერთიანება წარმოადგენდა ქუჩაში მოთხოვნებით გამოვიდა: შეჩერებულიყო სტუდენთა მომსახურების პრივატიზაცია, აღდგენილიყო სტუდენტებისთვის გაუქმებული სუბსიდია საკვებზე, საცხოვრებელსა და ტრანსპორტზე, და პოლიტიკური შეხედულებების გამო გაძევებული სტუდენტები უნივერსიტეტს დაბრუნებოდნენ.

ირანის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საბინაო პოლიტიკაცაა. 2014 წლისთვის ირანის 77 ქალაქში 9 მილიონამდე ირანელი ქალაქის ე.წ. „ბარაკებში“ ცხოვრობდა. გასული წლის დასაწყისში როჰანის მთავრობამ მაჰმუდ აჰმადინეჯადის პრეზიდენტობისას დაწყებული „მეჰრის“ საბინაო პროექტი შეაჩერა, რომელიც 2007 წელს დაიწყო და 1.5 მილიონი საცხოვრებელი ღარიბი ირანელებისთვის უნდა შეექმნა.

ამგვარ სოციალურ ფონს დაემატა სამომხმარებლო კალათაში შემავალ თითქმის ყველა პროდუქტზე ფასების მნიშვნელოვანი გაძვირება და როჰანის მიერ სოციალური პაკეტების გაუქმება; გასული წლის დეკემბერში როჰანის მთავრობის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, რის მიხედვითაც, მაჰმუდ აჰმადინეჯადის პრეზიდენტობისას შემოღებული ყოველთვიური ვაუჩერი ნავთობპროდუქტებსა და საკვებზე 34 მილიონ ირანელს უუქმდება, ბენზინის ფასი 50%-ით იზრდება, ხოლო დიზელის 36%-ით.

უნდა აღინიშნოს ის, რომ როჰანის ლიბერალური ეკონომიკა არ შეხებია ჯანდაცვის სფეროს. ამ მიმართულებით მან სახელმწიფო ხარჯები არათუ შეამცირა, არამედ გაზარდა. 2014 წლიდან სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით 5 მილიონი ღარიბი ირანელი სარგებლობს. როჰანი 2018 წლისთვის მოსახლეობას საყოველთაო დაზღვევის შემოღებას შეპირდა.

მიუხედავად 5%-იანი ეკონომიკური ზრდისა, ასევე გაზრდილი უცხოური ინვესტიციებისა და ექსპორტისა, როჰანის ირანში სოციალური უთანასწორობა იზრდება, განსაკუთრებით ეს პროცესი რეგიონებში შეიმჩნევა; ინფლაციის ზრდა ხელფასებსა და ოჯახის შემოსავლებს მზარდ ფასებთან მიმართებაში არაადეკვატურს ხდის და ხშირად, ისინი მინიმალურ მოთხოვნილებებსაც კი ვერ აკმაყოფილებენ. ქვეყანაში შესული ინვესტიციებით მხოლოდ რეჟიმის მცველი ელიტა სარგებლობს. 2017 წლის მაისის მონაცემებით, 110 გაფორმებული შეთანხმებიდან, რომელთა საერთო ღირებულება 80 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 90 აიათოლა ხამენეისა და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან დაიდო.

შესაბამისად, როჰანის მიერ ინიცირებულ ქვეყნის გლობალურ ეკონომიკაში ჩართულობას და ეკონომიკის ლიბერალიზაციას ირანის მოსახლეობისთვის ხელშესახები სარგებელი ვერ მოაქვს. პირიქით, როჰანის ეკონომიკური პოლიტიკა ირანელებისთვის მეტწილად რეპრესიულია, მათ სოციალურ გაღარიბებას უწყობს ხელს და მსხვილ პრეკარიატულ ფენას აყალიბებს.

ფოტო გარეკანზე: reuters.com

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი