სირიული მშვიდობა - სინათლე გვირაბის ბოლოს

ფოტო გარეკანზე: reuters.com

29 ნოემბერს ჟენევაში გაეროს ეგიდით სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მერვე რაუნდი დაიწყო, სადაც კონფლიქტში ჩართული თითქმის ყველა მხარე იყო წარმოდგენილი. მოლაპარაკებებს სირიის ოპოზიციის 36 წარმომადგენელი ესწრებოდა. წამყვან  ოპოზიციურ ძალებს შორის იყვნენ ე.წ. კაიროს და მოსკოვის პლატფორმები, რომლებიც სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით, შედარებით რბილად უყურებენ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებაში დარჩენის პერსპექტივას. ღონისძიებას სირიის ოპოზიციის შეიარაღებული დაჯგუფებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ჟენევის მოლაპარაკებების მიზანია ეფექტურად განხორციელდეს ორი წლის წინ მიღებული გაეროს რეზოლუცია 2254, რომელიც საკუთრივ მიზნად ისახავს სირიაში ცეცხლის შეწყვეტას – რომელშიც არ იგულისხმება ტერორისტული ორგანიზაციების, დაეშისა და ალ-ნუსრას წინააღმდეგ ბრძოლის შეჩერება – და სირიაში მშვიდობიან პოლიტიკურ ტრანზიციას, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარების შედეგად სანდო და ლეგიტიმური მთავრობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, სამმხრივი შეხვედრა გაიმართა სოჭში, სადაც რუსეთის, თურქეთისა და ირანის ლიდერები სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესის გამართვაზე შეთანხმდნენ. სოჭში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რომელმაც რუსეთის ლიდერს პირადად გადაუხადა მადლობა სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებისთვის გაღებული ძალისხმევისთვის. ასადი თურქული მხარის გამო თავად სამიტს არ დასწრებია.

სოჭის სამიტის შემდეგ ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ესაუბრა სხვა დაინტერესებულ ლიდერებსაც, დონალდ ტრამპს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მეფე სალმანს, და მათ 6.5 წლიანი სამოქალაქო ომის დასასრულებლად სამშვიდობო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. ეს ნაბიჯი პუტინის მცდელობა იყო მის მიერ ინიცირებული პროცესისთვის საერთაშორისო ლეგიტიმაცია შეეძინა.

სოჭის შეხვედრამდე ერ-რიადში სირიის ოპოზიციის შედარებით რადიკალური ნაწილი შეიკრიბა. საუდის არაბეთის მედიატორობით ასადის რეჟიმის მთავარი მოწინააღმდეგე ჯგუფი უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტი (HNC) ჟენევის სამიტისთვის ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნას შეეცადა. კომიტეტმა სხვა ჯგუფებისგან მეტი ნდობის მისაღებად საკუთარ ლიდერად ნასრ ალ-ჰარირი აირჩია, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ალ-ჰარირი აქტიურ მონაწილეობას იღებდა, როგორც ასტანის, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მანამდე გამართულ რაუნდებში. ერ-რიადის შეკრებამ მიიღო კომუნიკე ‘ერ-რიადი 2’, რომლის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სირიაში პოლიტიკური ტრანზიციის დაწყებამდე ბაშარ ალ-ასადმა უნდა დატოვოს პრეზიდენტის პოსტი. კომუნიკეს მოთხოვნა კატეგორიულად მიუღებელია სირიის გაეროში მუდმივი წარმომადგენელის ბაშარ ალ-ჯაფარისთვის, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებში სირიის მთავრობას წარმოადგენს. მისი განცხადებით, თუკი კომუნიკეს მოთხოვნა დარჩება ჟენევის მოლპარაკებების მსვლელობისას, მაშინ სირიის მთავრობა მომდევნო რაუნდში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

საუდის არაბეთის მიერ ოპოზიციის ერთი ფრთის გაერთიანების მცდელობას რუსულმა მხარემ რაციონალური ნაბიჯი უწოდა. რუსეთი, რომელმაც სირიაში საკუთარი სამხედრო კამპანია წარმატებით წარმართა – ხელისუფლებაში ბაშარ ალ-ასადი დარჩა, ოპოზიციური ისლამისტები იმგვარად შესუსტდნენ, რომ წინააღმდეგობას ვეღარ წევენ, ქვეყნის ტერიტორიაზე დაეში პრაქტიკულად დამარცხდა – ახლა სამშვიდობო პროცესზეა კონცენტრირებული. რუსეთი პროაქტიურ როლს თამაშობს სირიაში მშვიდობიანი პოლიტიკური ტრანზიციისთვის. იგი სამომავლოდ სირიის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის და მოსახლეობის კონსოლიდაციისთვის ახალი კონსტიტუციის მიღებასა და ქვეყანაში გაეროს ზედამხედველობით საყოველთაო არჩევნების ჩატარებას ემხრობა.

რუსეთის მედიაციურ პროცესს მხარდაჭერა აქვს არამხოლოდ სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან, არამედ ოპოზიციური ნაწილებისგან. ამას ორი ძირითადი მიზეზი განაპირობებს. პირველი ის, რომ რუსეთის ინიციატივით სირიაში დეესკალაციების ზონები შეიქმნა და სამხედრო მოქმედებები შეწყდა, და მეორე, რუსეთი ცნობს დეესკალაციის ზონებში ოპოზიციური ძალების მიერ შექმნილ ადმინისტრაციულ ადგილობრივ საბჭოებს და მათ დროებით მმართველობას ამ ტერიტორიებზე.

 

განხეთქილების ვაშლი – სირიელი ქურთები

სამშვიდობო პროცესში გაურკვეველია სირიელი ქურთების ჩართულობის საკითხი. თურქეთის ლიდერი რეჯებ ტაიპ ერდოღანი კატეგორიულად მოითხოვს, რომ სირიელი ქურთების მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ დემოკრატიული ერთობის პარტიამ (PYD) სოჭის სამიტზე შეთანხმებულ ეროვნული დიალოგის კონგრესში მონაწილეობა არ მიიღოს. ერდოღანის მოტივი ნათელია – იგი თვლის, რომ პარტიის სამხედრო დაჯგუფება სახალხო დაცვის შენაერთები (YPG) ტერორისტული ორგანიზაცია თურქული ქურთთა მუშათა პარტიის (PKK) სირიული განაყოფია. თურქეთის ლიდერი სამიტის შემდგომ უკმაყოფილო იყო იმით, რომ დეკლარაციაში სირიის ქურთული ძალები ტერორისტულ დაჯგუფებად არ მოიხსენიეს. ერდოღანის მოთხოვნას მხოლოდ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი უერთდება, მაგრამ არა იმავე მოტივით. ასადს ქურთებთან საუბარი არ სურს, რადგან მათი მთავარი სამხედრო-პოლიტიკური მხარდამჭერი მთელი სამოქალაქო ომის განმავლობაში აშშ იყო.

ასტანის სამშვიდობო მოლაპარაკებებმა თურქეთს საშუალება მისცა სირიაში ოპოზიციური ძალების კონტროლირებად იდლიბის პროვინციაში სამხედრო შენაერთებით შესულიყო და მის საზღვრებზე საკუთარი კონტროლი დაემყარებინა. მაგრამ თურქეთის ინტერესი სირიის კონფლიქტში სხვა საკითხისადმია მიმართული. თურქეთის უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევა დღეს ქურთები არიან. სირიისა და თურქეთის საზღვრის პერიმეტრის უმეტესობას ახლა ქურთები აკონტროლებენ, რაც თურქეთს ყურადღების მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

თურქეთისთვის ქურთების საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ერაყის ქურთისტანში 25 სექტემბერს ჩატარებულმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმმა თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო შემოტრიალება განაპირობა – თურქეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ინტენსიური თანამშრომლობა დაიწყო მის ისტორიულ მეტოქეებთან, ირანთან და ერაყთან, რათა საერთო ძალისხმევით ქურთული საფრთხე შეეკავებინათ. მხარეები სამომავლოდ ამ საფრთხის პრევენციისთვის ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზეც კი შეთანხმდნენ.

სირიელი ქურთების ამგვარი სამხედრო წარმატების უკან აშშ დგას, რაც თურქებისთვის საკუთარი პრობლემის მოგვარებას კიდევ უფრო ართულებს. აშშ-ის მიერ სირიელი ქურთების მხარდაჭერა გახდა ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რომლის გამოც თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მოკავშირეებს შორის ნდობის დაკარგვის კიდევ ერთი კატალიზატორი გასულ წელს თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალება და მასში მთავარი ბრალდებული ფეთჰულა გიულენის აშშ-ის მიერ თავშესაფრის მიცემა და თურქეთში მის ექსტრადიციაზე უარი აღმოჩნდა. ეს მოვლენები აღმოჩნდა იმის წინაპირობები, რომ თურქეთი რუსეთისა და ირანის ინიცირებულ სამშვიდობო პროცესში ჩაერთო.

სოჭში გამართული სამიტიდან რამდენიმე დღეში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერდოღანს სატელეფონო საუბარისას შეპირდა, რომ პენტაგონი სირიელი ქურთების სამხედრო დახმარებას შეწყვეტს. ამერიკულ ნაბიჯს პოზიტიური უწოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავიშოღლუმ. მოგვიანებით, პენტაგონმა განაცხადა, რომ მსგავს შეპირებას მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ როდის განხორციელდება იგი არ დაუზუსტებია. განცხადებაში მითითებული იყო ის, რომ მიუხედავად ქურთების მიერ რაქას დაეშელებისგან გათავისუფლებისა, აშშ მანამდე არ შეწყვეტს ქურთების დახმარებას, სანამ ისლამური სახელმწიფოს საბოლოო განადგურების მომენტი არ დადგება.

თეთრის სახლის ადმინისტრაციის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯი თურქეთისთვის ერთგვარი შეხსენება იყო იმისა, რომ მისი ნამდვილი მოკავშირეები დასავლეთშია. ხოლო რეალურად ამ ნაბიჯით აშშ-ის თურქეთზე რუსული ზეგავლენის შემცირება და რუსეთის თამაშიდან მისი გამოთიშვა სურს.

დონალდ ტრამპის ეს შეპირება, რომც განხორციელდეს ამით თურქეთის თავსატეხი არ გაქრება. ბევრისთვის გასაკვირად, სირიელი ქურთები პოლიტიკური მხარდამჭერი თავად რუსული მხარეცაა. მიუხედავად ერდოღანის წინააღმდეგობისა, სირიელმა ქურთებმა კრემლისგან ოფიციალური მოსაწვევი მიიღეს გასულ პარასკევს მოსკოვში გამართული სირიის ოპოზიციის ერთი ნაწილის შეკრებაზე დასასწრებად და დიდი ალბათობით, ისინი ეროვნული დიალოგის კონგრესშიც მიიღებენ მონაწილეობას.

რუსული მხარე მიიჩნევს, რომ სირიელი ქურთების ეროვნულ დიალოგში მონაწილეობის მიღება აუცილებელია – ისინიც სირიის მოქალაქეები არიან და მათ გარეშე სირიაში პოლიტიკური ტრანზიცია სრულფასოვან სახეს ვერ შეიძენს. რუსეთი დადებითად აფასებს ქურთების მიერ გაწეულ მნიშვნელოვან ძალისხმევას რადიკალი ისლამისტი დაჯგუფებების და რაც მთავარია, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთი ქურთებს კონფლიქტში ყველაზე მშვიდობიან ძალად მიიჩნევს, ვისთანაც საუბარი შესაძლებელია და რაციონალური. ქურთების მიმართ ქებას არ მალავდა სირიაში რუსეთის სპეციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ალვრენტიევიც.

რუსული მხარის განცხადებით, გათვალისწინებული უნდა იყოს სირიელი ქურთების მიერ შეთავაზებული სირიის ფედერაციულ სახელმწიფოდ მოწყობის იდეა. უნდა აღინიშნოს ის, რომ გასულ წელს სირიელმა ქურთებმა საკუთარი ტერიტორია ფედერაციულ რეგიონად ცალმხრივად გამოაცხადეს. ქურთები სირიის ფედერაციული მოწყობის გარდა, ქვეყნის სახელწოდების – სირიის არაბული რესპუბლიკის სირიის დემოკრატიულ რესპუბლიკით ჩანაცვლებას ითხოვენ, რადგან ამჟამინდელ სახელწოდებაში ქურთული ეთნოსი ნიველირებულია. სირიის მთავრობა ქურთების სურვილსა და მოთხოვნებს კატეგორიულად ეწინააღმდგება და მის განხილვას არც აპირებს.

რუსებისა და ქურთების დაახლოება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2015 წელს თურქეთის ტერიტორიაზე რუსული ავიამოიერიშე ჩამოაგდეს. 2016 წლის დასაწყისში მოსკოვში სირიელი ქურთების პოლიტიკური წარმომადგენლობის ოფისიც კი გაიხსნა. რუსულმა ძალებმა შეუშალეს ხელი თურქების სამხედრო ოპერაციის „ევფრატის ფარის“ ფარგლებში სირიაში ქურთული ქალაქების აფრინისა და მენჯიბის აღებას. მაშინ თურქმა სამხედროებმა აფრინის კანტონაში მოფრიალე რუსული დროშა და რუსი სამხედროებიც კი შენიშნეს. თურქეთი მხოლოდ ქალაქ ალ-ბაბის აღებას დასჯერდა, რომელიც სირიაში ქურთებით დასახლებულ ტერიტორიებს ორ ნაწილად ჰყოფს. თურქების მხრიდან თვითონ ალ-ბაბის აღებაც რუსული თანხმობის შემდეგ მოხდა, იმის სანაცვლოდ, რომ თურქეთი ალეპოში ოპოზიციური ძალების მხარდაჭერას შეწყვეტდა.

 

დასკვნის მაგიერ

სირიის სამოქალაქო ომში ჩართვიდან ორი წლის თავზე რუსეთმა აჩვენა, რომ მის ძალისმიერ სამხედრო პოლიტიკას დიპლომატიურ ინსტრუმენტებსაც შედეგიანად უხამებს. ამის შედეგია ასტანის სამშვიდობო მოლაპარაკებები, სოჭის სამიტი და ოფიციალური ვაშინგტონიდან მიღებული მზაობა, რომ რუსეთი გახდეს კონფლიქტის დარეგულირების მთავარი ბროკერი. სოჭის სამიტი რუსული მხარის სამშვიდობო პროცესში დომინანტობას უსვამს ხაზს, სადაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერები სირიაში პოლიტიკური ტრანზიციის განსახილველად ჩავიდნენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორი თვის წინ მოსკოვს საუდის არაბეთის მეფეც სამეფოს არსებობის ისტორიაში პირველად ეწვია. ლიდერების შეხვედრაზე, ბუნებრივია, ერთ-ერთი განსახილველი თემა სირიის საკითხიც იყო. რაც შეეხება ბაშარ ალ-ასადის სოჭში მოულოდნელს ვიზიტს და ვლადიმერ პუტინის მიერ მისი მიღება მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ წარიმართება სირიაში გარდამავალი პერიოდი და ვინ იქნება მისი ფავორიტი ამ პროცესში.

რუსეთი აღნიშნულ პროცესში წამყვან ფიგურანტობას თურქეთის მხრიდან რუსულ ინიციატივებზე დათანხმება და მთელ საკითხებში მისთვის წამგებიან პოზიციებში ყოფნა ადასტურებს. თურქეთის ტერიტორიაზე რუსული ავიამოიერიშის ჩამოგდების შემდეგ ორ ქვეყანას შორის გამწვავებული ურთიერთობით განსაკუთრებით თურქეთმა იზარალა – მისი ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებს (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა) მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ამიტომაც, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა პირველი ნაბიჯი გადადგა ურთიერთობების დასარეგულირებლად და ინციდენტისთვის საჯარო ბოდიში მოიხადა. რუსული თამაშის წესებზე დათანხმება დღეს იქამდეა მისული, რომ ერდოღანი მზადაა ბაშარ ალ-ასადთან სირიის მომავალზე პირდაპირი მოლაპარაკებებიც კი გამართოს.

თურქეთს რამდენიმე მიზეზით უწევს დათმობებზე წასვლა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა ის, რომ სირიის კონფლიქტში თურქეთი ანტიასადურ კოალიციაში დასავლეთის მიერ პრაქტიკულად, მიტოვებული აღმოჩნდა. ზემოთ ნახსენები ეკონომიკური მიზეზის გარდა, თურქეთმა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების გაბმაც დაიწყო, რაც რუსების მიერ თურქეთში 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ატომური ელექტროსადგურის აშენებასა და 16 მილიარდი დოლარის გაზსადენ ‘თურქული ნაკადის’ შავი ზღვის წყლებში გაყვანაში გამოიხატა. ამასთანავე, თურქეთმა რუსეთისგან თავდაცვითი სარაკეტო სისტემა S-400 2 მილიარდ დოლარად ნოემბერში საბოლოოდ შეიძინა.

რაც შეეხება სირიელი ქურთები საკითხს, სავარაუდოდ, ერდოღანს მოუწევს დათანხმდეს სამშვიდობო პროცესში მათ ჩართულობასაც. ის, რომ რუსეთი პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოხატავს აშშ-ის პატრონაჟით მოქმედ სირიელი ქურთების სამხედრო დანაყოფების მიმართ მხოლოდ ერთი რამით უნდა აიხსნას. მიუხედავად ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის აქტიური კონტაქტებისა, რუსეთი თურქეთს მის სანდო სტრატეგიულ მოკავშირედ არ აღიქვამს. შესაბამისად, მას ქურთების სახით სჭირდება სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტი, რითაც სამომავლოდ, თურქეთის უსაფრთხოებასა და შიდაპოლიტიკურ სტაბილურობაზე ზეგავლენას მოახდენს. ქურთების მხარდაჭერით რუსეთი ასევე ცდილობს პოლიტიკურად მოწყვლად რეგიონში ერთის მხრივ თურქული და მეორეს მხრივ ირანული გავლენების ზრდის პრევენცია მოახდინოს.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.