მოკლევადიანი პარლამენტი და მთავრობის ახალი მოდელი – პრეზიდენტის სამოქმედო გეგმა ოპოზიციისთვის.
ცნობილი ხდება სტრატეგია, რომელსაც მმართველ პარტიასთან მწვავედ დაპირისპირებული სალომე ზურაბიშვილისგან ბოლო თვეებში მინიშნებების დონეზე ვისმენდით. სახელმწიფოს მეთაური ოპოზიციურ პარტიებს „ქართული ქარტიის“ ხელმოწერას სთავაზობს. წინადადება საერთო საარჩევნო სიას არა, მაგრამ საარჩევნოდ იმ რეფორმების გარშემო გაერთიანებას გულისხმობს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა უნდა მოჰყვეს. ამ მიზნამდე გზა სალომე ზურაბიშვილს შემოდგომაზე დროებითი მთავრობის შექმნით ესახება, რომლის წარდგენის უფლებამოსილება თავად უნდა ჰქონდეს. ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების გატარების შემდეგ კი გეგმა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს. ერთიანი ფრონტი თუ რამდენიმე მსხვილი ალიანსი – პრეზიდენტი პოლიტიკურ აქტორებს მოუწოდებს, რომ საარჩევნო კონფიგურაციაზე თავად ჩამოყალიბდნენ. რამდენიმე პარტიის გარდა სალომე ზურაბიშვილის შეთავაზება მისაღებია ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის. ქარტიის შინაარსს ეთანხმება მიხეილ სააკაშვილიც. სალომე ზურაბიშვილის გეგმა მოულოდნელი არ აღმოჩნდა მმართველი პარტიისთვის, რომელიც პრეზიდენტის წინასაარჩევნოდ ოპოზიციური გაერთიანების სათავეში ხედავს.