პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დედაენის ბაღში მიმდინარე მარიხუანის ფესტივალიდან პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სამმართველოში ის დაკითხეს და მისი პირადი ჩხრეკა ჩაატარეს, თუმცა, კანონსაწინააღდმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს.
ფესტივალის ფარგლებში მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე უკვე რამდენიმე დღეა გამოძიება მიმდინარეობს.
„გირჩის“ ინფორმაციით, ფესტივალზე დაკავებული თერთმეტივე პირი თავისუფალია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ მარიხუანის ე.წ. ფესტივალის ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ უწყებამ მოუწოდა ფესტივალის ორგანიზატორებს, თავი შეეკავებინათ ნარკოტიკული საშუალებების პოპულარიზაციის, სამართალდარღვევების ჩადენის წახალისების და ღონისძიების ორგანიზებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიერ გამოყენებული იქნებოდა კანონით განსაზღვრული ღონისძიებები.
სამართალდამცველებმა პოლიციის დაწესებულებაში გადაიყვანეს ფესტივალის მონაწილე რვა პირი, რომელთაც ჩხრეკისას მცირე ოდენობით, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩნდათ.
სამართალდამცველებმა, ასევე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის ექვსი პირი დააკავეს. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, სამინისტროს ცნობით, ზურაბ ჯაფარიძემ ფესტივალის მიმდინარეობისას სხვადასხვა პირზე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა გაასაღა. მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკის შესახებ საარჩევნო კოდექსის 103-ე მუხლის საფუძველზე, ცესკო-ს ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურას ეცნობა,- ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.