„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – ამ სიტყვების ავტორს დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა. დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო. მან პოლიტიკური მოღვაწეობა თბილისის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყო, როცა მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები“. 1992 წელს ის საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს, მალევე გახდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე მოწვევის წევრი და მისი თავმჯდომარე.
ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის დროს საქართველოს პარლამენტმა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველმა შექმნა საკანონმდებლო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ ევროპულ ღირებულებებს ეფუძნებოდა. ჟვანიამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი 2001 წლის ოქტომბერში დატოვა, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი პარლამენტმა ის საქართველოს სახელმწიფო მინისტრად, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.
ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. 2019 წლის 10 აპრილს ევროპის საბჭოს სასახლის წინ მისი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.