ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის.
მოქალაქეობაზე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თავად თქვა უარი. მან უკრაინის მოქალაქის პასპორტი მიიღო. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ქვეყნიდან წასული პირველი ექს-მაღალჩინოსანი უკვე წლებია კიევში ცხოვრობს. ბოლოს ის რეფორმების საკითხებში უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის პოზიციას იკავებდა. მასზე საქართველოში რვა სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, აქედან ხუთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დამდგარია. თუმცა მისი ექსტრადირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადეიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა – მისი თანაგუნდელებისგან გასხვავებით, დანარჩენ ოპოზიციაში რეაქციები მწვავეა.