„ვეტინგის სისტემის“ ამოქმედების მოთხოვნა

ზურაბ ადეიშვილის სახელი რამდენჯერმე ახსენეს ოპოზიციის მიერ წარდგენილი სადავო ინიციატივის გარშემოც. სწორედ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნანა წოწორიას უკავშირებს მმართველი გუნდი მოლდოვის სასამართლოში ე.წ. ვეტინგის მოდელის დანერგვის პროცესს. ოპოზიციის ნაწილის მხრიდან შეთავაზებული იდეა ხელისუფლების შემდეგ თავად სასამართლო სისტემაშიც დაიწუნეს. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების და ქონების შემოწმების სპეციალური პროცედურა კატეგორიულად მიუღებელია უზენაესი სასამართლოსთვის, რომელიც ვეტინგის მოდელსა და სასამართლო სფეროზე პოლიტიკური კონტროლის დამყარებას შორის ტოლობის ნიშანს სვამს. შეფასება სრულად ემთხვევა მმართველი გუნდის პოზიციას. სუვერენიტეტის შელახვის და კონსტიტუციასთან შეუთავსებლობის მოტივით „ქართული ოცნება“ ინიციატივაზე მსჯელობას არც კი განიხილავს. ცალკეული ოპოზიციური ძალებისთვის ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციიდან ერთი პუნქტი, ანუ სასამართლოს რეფორმირება სწორედ ე.წ. ვეტინგის მოდელის შემოღებას გულისხმობს.