ზუგდიდში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციაზე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ
გარევაჭრობის ნებართვის მოთხოვნით შეკრებილები, ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებიან. ისინი საპროტესტო აქციაზე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. შუახნის ქალბატონი სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის წინ გარევაჭრობის წესის დარღვევის ბრალდებით აიყვანეს.
უკვე მეოთხე დღეა, ბაზარში დასაქმებულები, აქციებს მართავენ. მათ დღეს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეც შეხვდა. მისი განცხადებით, მოვაჭრეებს, საქმიანობის გასაგრძელებლად, ალტერნატიული ფართები არაერთხელ შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.
საპროტესტო აქციაზე დღეს დილით სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო. ორ ქალბატონს შესაბამისი დახმარება ექიმებმა ადგილზევე აღმოუჩინეს.