ზუგდიდში, პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე დაკავებული გარემოვაჭრის გათავისუფლებას ითხოვენ
ზუგდიდში, პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე დაკავებული გარემოვაჭრის გათავისუფლებას ითხოვენ

გარემოვაჭრეებმა, რომლებიც ზუგდიდში აქციებს უკვე მეოთხე დღეა მართავენ, შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციის სამმართველოს უფროსს, კობა ხარებავას შეხვდნენ.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ძველ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებასა და აქციაზე დაპატიმრებული გარემოვაჭრის გათავისუფლებას ითხოვენ. პოლიციის უფროსმა მათ განუმარტა, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა აკრძალულია.

გარემოვაჭრეები პოლიციის სამმართველოსთან რჩებიან, თუმცა მანამდე ისინი ზუგდიდის ბაზართან შეიკრიბნენ და იმ ადგილების დაკავებას შეეცადნენ, საიდანაც ზუგდიდის მერიამ გარევაჭრობისთვის განკუთვნილი დახლები აიღო.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი გარემოვაჭრე ქალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.