"ყაზტრანსგაზის" თანამშრომლების საქმე 

გამოიყენებს თუ არა სასამართლო დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას – ეს ხვალ გაირკვევა, დღეს კი მათ გულგრილობის მუხლით ბრალი წარედგინათ. ტრაგედიიდან მეოთხე დღეს, დაშავებული ოთხი წლის ბავშვი კვლავ იაშვილის სახელობის კლინიკაში რჩება, მას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაწერენ.

აფეთქების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელის, რის შემდეგაც შეფასდება მიყენებული ზარალი და დაიწყება კომპენსაციების გაცემა. ტრაგედიისას დაღუპულებს დღეს ქაშუეთის ეკლესიაში მიაგეს პატივი, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. მათ ხვალ დაკრძალავენ.