როგორ უნდა განვითარდეს კურორტი წყალტუბო.
ქალაქის გენერალური გეგმის შედგენაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებმა საკუთარი კონცეფციები წარადგინეს. გაიმართა საჯარო პრეზენტაცია. მონაწილეებმა საზოგადოებას წარუდგინეს კურორტის განვითარების ძირითადი მიმართულებები, ასევე ისაუბრეს საპროექტო ჯგუფების უცხოელი ხელმძღვანელების გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.
წყალტუბოს გენ-გეგმის შედგენაზე კონკურსი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სექტემბერში გამოაცხადა. კონკურსში კომპანიები შპს „ბაუ დიზაინი“, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“ მონაწილეობენ. წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში უნდა შეიმუშავოს.