„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო პერიოდის მონაცემების ანგარიში წარადგინა, რომელიც მოიცავს პირველი ივნისიდან 27 აგვისტომდე, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს.
ორგანიზაციის შეფასებით, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა საარჩევნო კამპანიის პირობებში გამოკვეთილია ამომრჩევლის მოსყიდვის ხუთი ფაქტი, სამი ხელისუფლების მხრიდან და ორი ოპოზიციურ პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან. ორგანიზაციის განმარტებით, ხელისუფლებამ რამდენიმე პროექტი, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში განახორციელა მაგალითად ანაზღაურებადი სტაჟირება და ამნისტიის კანონპროექტი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე მაგალითად მოიყვანა ოპოზიციური გაერთიანების მხრიდან წინა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მედიკამენტების უფასოდ დარიგების ფაქტებიც, რომელსაც სოფო ჯაფარიძე ახორციელებდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის და ძალადობის რამდენიმე ფაქტი. ანგარიშის აღნიშნულ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გაკეთდა გაერთიანებულ ოპოზიციაში. პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სოფო ჯაფარიძე თავისი პროფესიიდან გამომდინარე ეხმარება ადამიანებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით კი ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები იქით საჭიროებს დაკვირვებას, რადგან ერთადერთი ორგანიზაციაა მთელს მსოფლიოში, რომელმაც დაკვირვების ნაცვლად არჩევნების შედეგები გააყალბა.