წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება წარადგინეს ISFED-მა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. შეჯამებაში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო მეტნაკლებად კონკურენტული იყო და ყველა პარტიას შეძლო წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა, თუმცა მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაციის გამო, უპირატესობით სარგებლობდა. ორგანიზაციების განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლებისა და წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი შემთხვევების არაეფექტურმა გამოძიებამ. ანგარიშში ნათქვამია რომ ცესკო-ს განახლებულმა შემადგენლობამ კომისიის სხდომებზე მეტად გამჭვირვალე დისკუსიები განაპირობა, თუმცა ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესმა, კონკრეტული დარღვევების მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციის არასათანადო რეაგირებამ, ვერ უზრუნველყო სანდოობისა და მიუკერძოებლობის თაობაზე არსებული შეკითხვების გაქარწყლება. ორგანიზაციების შემაჯამებელ ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების არაეფექტურ გამოძიებაზე, რამაც ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების პოლარიზებაზე მოახდინა გავლენა. ორგანიზაციების განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების მოხედვით განხორციელებული საარჩევნო რეფორმა დიდ წილად აისახა საარჩევნო კოდექსში, ასევე შეიცვალა არჩევნების შეჯამების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების არსებული მოდელი და საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი – ნათქვამია შეფასებაში.