არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პირველი წინასაარჩევნო დებატები გაიმართა საქართველოს პირველ არხზე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობით. სადებატო საკითხები მოიცავდა პარტიების საარჩევნო სტრატეგიას, „ქართული ქარტიის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, საგარეო პოლიტიკის – ევროინტეგრაციის და ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებულ ხედვებს. ერთმანეთის პირისპირ საათ-ნახევრის განმავლობაში „ქართული ოცნების“, „პატრიოტთა ალიანსის“, „გირჩის“ და „ევროპელი დემოკრატების“ წევრები იყვნენ. პოლიტიკურ აქტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ თანაბარ დროში ამომრჩევლისთვის საკუთარი პროგრამული პრიორიტეტები და ხედვები გაეცნოთ. წამყვანის შეკითხვების გარდა, მონაწილეებსაც შეეძლოთ ერთმანეთისთვის კითხვების დასმა. როგორც კვალიფიციურმა სუბიექტებმა, დებატებში მონაწილეობის შეთავაზება მიიღეს „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გვარამია-მელია-ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსმაც, თუმცა, მათ დებატებზე უარი განაცხადეს. საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარებულ დებატებს გიორგი გვიმრაძე გაუძღვა. დებატები პოლიტკოვსკაიას 31- ნომერში, პირველი არხის ახალი შენობის ახალ სტუდიაში გაიმართა და ის უზრუნველყოფილი იყო სურდო თარგმანით.
მაუწყებელმა ასევე უზრუნველყო დებატების თარგმნა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. დებატები საქართველოს რადიოს ეთერითაც გადაიცემოდა.