ეროვნულ არქივში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
მასში უამრავი ახალი, დღემდე მხოლოდ სამეცნიერო წრეებისა და სიძველეების მოყვარულებისთვის ცნობილი მასალაა თავმოყრილი. დოკუმენტების ნაწილი ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივშია დაცული, ნაწილი კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მამია და ქრისტიანე ბერიშვილებისა და მიშელ რამიშვილის კოლექციებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში. პუბლიკაცია მკითხველს საშუალებას მისცემს, გაეცნოს პირველი მთავრობის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის ფოტოებს, დოკუმენტებს, წერილებს, სხვადასხვა პოსტზე მუშაობისას გამოცემულ ბრძანებებს და საკანონმდებლო ინიციატივებს.