ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს შეხვდება

მოსკოვში დღეს ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს ელოდებიან. წინასწარი ინფორმაცით, ვლადიმერ პუტინთან სამუშაო შეხვედრაზე ოკუპირებულ ცხინვალსა და კრემლს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები უნდა განიხილონ.

ვლადიმერ პუტინთან ბიბილოვის რიგით მეოთხე შეხვედრას კრიტიკულად აფასებენ თბილისში, სადაც მიიჩნევენ, რომ მსგავსი შეხვედრები რუსეთის მხრიდან ემსახურება თავისი პოლიტიკის დემონსტრირებას, თუმცა რეალურ შედეგზე არ არის გათვლილი, რადგან საერთაშორისო საზოგადოება ოკუპირებულ ცხინვალს საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს და არა დამოუკიდებელ სუბიექტად და გმობს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მსგავსი პროვოკაციების ფონზე საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, მაქსიმალურად გააქტიურდეს საერთაშორისო ასპარეზზე.