ვითარება უკრაინაში

საოკუპაციო ძალებმა ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები დაბომბეს. ოდესაში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებულია კერძო სახლები, ავტომანქანები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. რუსმა სამხედროებმა იერიში დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონზეც მიიტანეს. თავდასხმა კამიკაძე დრონებითა და საარტილერიო ჭურვებით განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 49-49 ტყვე გადასცეს. ინფორმაცია რუსული მხარეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამშობლოში დაბრუნდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, სასაზღვრო სამსახურის სამხედროები და სამოქალაქო პირები. მისივე ინფორმაციით, სანაცვლოდ, რუსეთმა დაიბრუნა 49 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა უმეტესობა კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი სავალდებულო სამხედრო სამსახურის წვევამდელები არიან.