ვითარება უკრაინაში

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება – შესაბამისი გადაწყვეტილება უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნულმა საბჭომ უკვე მიიღო. დოკუმენტი საბოლოოდ ძალაში შესასვლელად რადამ უნდა დაამტკიცოს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, გარდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა, საგანგებო მდგომარეობის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა დაუჭიროს მხარი. დანილოვის თქმით, მოხდება საზოგადოებრივი წესრიგისა და ობიექტების დაცვის გაძლიერება, ასევე შესაძლოა, მოხდეს გადაადგილების შეზღუდვა.