51-ე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობაზე რჩება და უფლებამოსილების შესრულებას განაგრძობს. მანანა თურქაძე გუშინდელი სამსაათიანი გამოკითხვის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და მიზეზად გაუთქმელობის პირობას ასახელებს. სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება, მშობლები ამბობენ რომ გაკვეთილები შეფერხებით მიმდინარეობს, დირექტორის მოადგილე ამ ინფორმაციას უარყოფს. სკოლაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, შენობის გარეპერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს, სამართალდამცველები არიან შენობის შიგნით ყველა სართულზეც. 51 სკოლასთან მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება, მათ ადგილზე ყვავილები მიაქვთ, ანთებენ სანთლებს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.