ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ქრობის სამუშაოები ამ წუთამდე არ წყდება. დარჩენილია ერთი მთავარი კერა – ახალციხის რაიონის სოფელ აწყურთან. ქარი და რელიეფური პირობები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ართულებს. წინა დღეებთან შედარებით, ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ვიზუალურადაც შესამჩნევია. იყო საფრთხე, რომ ცეცხლი ახალციხის რაიონის სოფელ თისელთან გამავალ ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს მიახლოებოდა, თუმცა ბოლო მონაცემებით ეს საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. სტიქიის გავრცელების შესაძლო გზებზე, სპეციალური თხრილები მოაწყვეს. ცოცხალ ძალასთან ერთად დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ავიაციაც, მათ შორის თურქული სახანძრო თვითმფრინავებიც. ახლა მთავარი ამოცანაა, რომ უკვე ლიკვიდირებული კერების ხელახლა გაღვივება არ მოხდეს და ცეცხლის გავრცელების მასშტაბი არ გაფართოვდეს.
სად არის ახლა ცეცხლის მთავარი კერა და როგორია პროგნოზი? – ჩართვა სტიქიის ზონიდან.