ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გავრცელების მასშტაბი გაიზარდა. სტიქია ბორჯომის რაიონს გასცდა და ახალციხის მუნიციპალიტეტზეც გავრცელდა. ცალკეული კერების ლოკალიზება და ლიკვიდირება უკვე მოხდა, თუმცა ძლიერი ქარის და მაღალი ტემპერატურის გამო, პერიოდულად ჩნდება ახალი უბნები. ყველაზე დიდ კერებთან ახლოს ორი სოფელი-აწყური და ქვაბისხევი მდებარეობს, სადაც დაკვამლიანების საფრთხეა. ცეცხლის ქრობის პროცესში დილიდან, ქართულთან ერთად ჩართულია თურქეთის ავიაციაც – მათ შორის რვატონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი. თუმცა ქარის გამო დღის მეორე ნახევრიდან ავიაციამ მუშაობა შეაჩერა. მდგომარეობას რთული რელიეფური პირობებიც რთულებს, რის გამოც, ცალკეულ მონაკვეთებზე გზის გაჭრა გახდა საჭირო.