ვითარება სტიქიის ზონაში

ბორჯომში სტიქიას ამ წუთებშიც ებრძვიან.

ბოლო მონაცემებით, დარჩენილია სამი მთავარი კერა, რომელთა ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. ვითარებას უამინდობა და რელიეფური პირობები ართულებს. ქარის გამო დღის მეორე ნახევრიდან ავიაცია სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული არ არის, მაღალი ტემპერატურის ფონზე პერიოდულად ჩნდება ცეცხლის ახალი კერებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის მასშტაბი 150 ჰექტარს აღწევს. ეს არის ზორეთის და დგვარის ტყის ტერიტორია. ხანძრის ჩაქრობას 1 200-მდე მეხანძრე სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ცდილობს. სტიქიის ზონასთან ყველაზე ახლომდებარე დასახლება სოფელი დგვარია, სადაც ევაკუაციის საჭიროება ჯერ არ დგას.