შოვში ბოლო დაუმუშავებელი ადგილის მონიტორინგი მიმდინარეობს. საუბარია ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიაზე, რომელიც 3 აგვისტოს სტიქიის ეპიცენტრში მოექცა.
ადგილი, რომელიც სამაშველო ბრიგადებს ბოლომდე არ შეუსწავლიათ, სტიქიური უბედურების ზონის დაახლოებით 5 %-ს შეადგენს. მიმდებარე პერიმეტრზე მანამდე ჩატარებული სამუშაოების გათვალისწინებით, არსებობს შანსი, რომ დაკარგულ შვიდ ადამიანს სწორედ ამ ტერიტორიაზე მიაგნონ. სხვა შემთხვევაში საძიებო სამუშაოები უკვე მდინარე ჭანჭახის და რიონის კალაპოტში გაგრძელდება.
დამანგრეველი მეწყრიდან მე-14 დღეს 26 ცხედარია ნაპოვნი, მათ შორის იდენტიფიცირებულია 24 მოქალაქე. შოვში მიმდინარე სამძებრო-გაწმენდით სამუშაოებს თვალს ადევნებენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ადგილზე იმყოფება მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც სტიქიას გადარჩენილი დავით ჯალაძის ფოტოზე გაკეთებული კომენტარის გამო დღეს განმარტების გაკეთება და ბოდიშის მოხდა მოუწია. როგორც ირკვევა, ირაკლი კობახიძე ჯალაძეს პირადად შეხვდა.