შოვში კიდევ ერთი დაღუპული იპოვეს. მაშველებმა ცხედარს იმ ადგილზე მიაგნეს, რომელიც ღვარცოფულმა მასამ მთლიანად მიწასთან გაასწორა. სტიქიის ეპიცენტრში აღმოჩენილია ცხედრის ფრაგმენტიც. ასევე ნაპოვნია „ჰიუნდაის“ მარკის ცარიელი მანქანა. დიდი ალბათობით, მათი პოვნა სტიქიური უბედურების ზონის იმ ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც მაშველების მხრიდან დღევანდელ დღემდე შეუმოწმებელი რჩებოდა. ეს კი მეწყერის ეპიცენტრის დაახლოებით 25%-ს შეადგენს. სამძებრო არეალი ახლა 50-კილომეტრიან არეალში მიმდინარეობს. 11 ლოკაციად დაყოფილ ტერიტორიებს შორის არის სრულად განადგურებული ე.წ. კოტეჯების სასადილოც, სადაც მძიმე ტექნიკით მისვლა ახალი მისასვლელის მოწყობის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ამ დრომდე დაკარგულ რვა ადამიანს ეძებენ მდინარე რიონის კალაპოტშიც. სტიქიის მთავარი ზონის სრულად შემოწმების შემდეგ დაგეგმილია მდინარე ჭანჭახის კალაპოტის შეცვლა და სამძებრო სამუშაოს უშუალოდ მდინარის ადგილზე გაგრძელება.
პირდაპირი ჩართვა რაჭიდან, შალვა სუმბაძე მუშაობს ონის რაიონში – როგორია მონაცემები დღის ბოლოს?