შოვში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან 11 დღე გავიდა.
მეწყერში მოყოლილი ადამიანების სამძებრო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის ჩართულობით, ძებნის არეალს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყოველდღიურად აფართოებს. შედეგად დღეს მაშველებმა სტიქიის ზონიდან რამდენიმე კილომეტრში, მდინარის კალაპოტში იპოვნეს სხეულის ფრაგმენტები, რომლებიც ახლა ექსპერტიზაზეა გადასვენებული. როგორ მიმდინარეობს სამუშაოები და რა უნდა იყოს ის დამატებითი ლოკაციები, სადაც მეწყერის შედეგად დაკარგულ ცხრა მოქალაქეს მოძებნიან – ეს საკითხები დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად ონში განიხილა. მანამდე ვახტანგ გომელაურმა სტიქიის ზონა ვერტმფრენის საშუალებით მოინახულა.