ვითარება სტიქიის ზონაში

შოვში დღეს კიდევ სამი ცხედარი იპოვეს.

მსხვერპლთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის ერთს სტიქიის ეპიცენტრიდან საკმაოდ შორს, მდინარე რიონში მიაგნეს. ნაპოვნია ერთ-ერთი დაკარგულის ფრაგმენტიც. რაჭის დამანგრეველი სტიქიიდან მეცხრე დღეს ისევ ეძებენ ცხრა მოქალაქეს. სამძებრო არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და ის მდინარე რიონის კალაპოტშიც მიმდინარეობს. წყლის დონემ დაიწია, რაც სამაშველო ბრიგადებს მუშაობას შედარებით უადვილებს. საძიებო ზონა ამ მომენტისთვის 30-კილომეტრიან პერიმეტრს მოიცავს და მისი კიდევ უფრო გაზრდა იგეგმება. სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას აპირებენ ამბროლაურშიც. მთავარი ზონა ე.წ. კოტეჯების ტერიტორიაა, რომელიც 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფულმა მასამ მთლიანად მიწასთან გაასწორა. სწორედ ამიტომ ამ ტერიტორიის გაწმენდა საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. რამდენიმემეტრიანი მიწის მასა დამუშავების შემდეგ სპეციალური ტექნიკით მდინარეში იყრება.