სტიქიური უბედურების ზონაში მაშველებმა დღეს კიდევ ორი ცხედარი იპოვეს. მათ შორის ერთი მოზარდია. ეძებენ კიდევ 12 ადამიანს. დაკარგულთა ძებნის არეალი გაზრდილია და ის 25-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. პერიმეტრი ცხრა ლოკაციად არის დაყოფილი. მთავარი სამუშაოები ე.წ. კოტეჯების ტერიტორიაზე მიმდინარეობს, თუმცა იმის გამო, რომ ერთ-ერთ დაღუპულს სტიქიის ეპიცენტრიდან საკმაოდ მოშორებით მიაგნეს, სამძებრო სამუშაოების პერიმეტრი კიდევ უფრო გაფართოვდა. მაშველები და სამხედროები უკვე შემოწმებულ ადგილებზე დაგროვილი ტალახის მასის მდინარეში ჩარეცხვას ცდილობენ. მთავარ პრობლემად ღვარცოფული მასის დამუშავება რჩება, რაც საკმაოდ რთულია. დროებითი ხიდის და გზის გაყვანის შემდეგ სტიქიის ზონამდე ახალი მისასვლელები გაჩნდა, რაც მძიმე ტექნიკას და ცოცხალ ძალას სამუშაოებს უმარტივებს. 21 დაღუპული, 12 დაკარგული – ასეთია ბოლო მონაცემები შოვიდან. რას ჰყვებიან ადამიანები, რომლებიც ღვარცოფულ მასას გადაურჩნენ – თეონა ხუბულავა მუშაობს სტიქიის ზონაში.