ქვეყანა რაჭის ტრაგედიის დროს დაღუპულებს გლოვობს.
მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციები, პარლამენტი, სამინისტროები, სამთავრობო უწყებები, თვითმმართველი ორგანოები – სახელმწიფო შენობებზე დროშები ღამის 12 საათამდე იქნება დაშვებული. 7 აგვისტო გლოვის დღეა. დროშები დაეშვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს საელჩოების და საკონსულოების შენობებზეც. შოვის დამანგრეველმა სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი იმსხვერპლა. ეძებენ კიდევ 16 მოქალაქეს.
სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
შოვში დროებითი ხიდის და გზის მოწყობის შემდეგ ძებნის არეალი გაფართოვდა. ღვარცოფული მასით დაფარული ტერიტორია ახლა რვა ლოკაციად არის დაყოფილი, სადაც, წინასწარი გათვლებით, დაკარგულთა მიგნების უფრო მეტი შანსია. მთავარი საძიებო არეალი კი ე.წ. კოტეჯების ტერიტორიაა, რომელიც მოვარდნილმა ღვარცოფმა მთლიანად მიწასთან გაასწორა. სამუშაოები გააქტიურებულია ე.წ. მჟავე წყლებთანაც, რომელიც ტურისტულად დატვირთული ადგილი იყო. ტალახის მასის შემადგენლობის გათვალისწინებით ძიების პროცესი საკმაოდ რთულია. მაშველები რამდენიმე მეტრიან მასაში ძირითადად ხელით მუშაობენ, მიწის დამუშავება კი არაერთ სირთულესთან არის დაკავშირებული. სამუშაოებში ჩართულები არიან მოხალისეები და ადგილობრივებიც.
გენო ოსიყმაშვილი მუშაობს სტიქიის ზონაში.