ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

2020 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

ამ წუთებში საზღვრის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს და შედარებით სიმშვიდეა, თუმცა ესკალაციის შედეგად ორივე მხარეს ათეულობით დაღუპული ჰყავს. ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მათ ტერიტორიაზე, თითქმის რვა კილომეტრის სიღრმეში შეიჭრნენ. საუბარია ქალაქ ჯერმუკის მისადგომებზე. მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგის მთავარ თემად რჩება. გაერო-ს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდება ორი წლის წინ გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების დაცვაა. თუმცა ორივე მხარე ერთმანეთს მასშტაბური სამხედრო პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. 12 სექტემბერს საზღვართან გახსნილი ცეცხლი და სისხლიანი შეტაკებები შიდა პოლიტიკური მღელვარების მიზეზი გახდა სომხეთში. პრემიერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო, დაანონსებულია სახელმწიფო შენობების ბლოკირება.