ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის შედეგად საგარეჯოში მწყობრიდან გამოსული ელექტროგადამცემი ხაზები აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო- პრო-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, გამთენიისას, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს მეხი დაეცა, რის გამოც, საგარეჯოს რაიონს დენი შეზღუდვით მიეწოდებოდა. სტიქიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები – პატარძეული, გიორგიწმინდა, ნინოწმინდა და წყაროსთავი დააზარალა. მნიშვნელოვნად დაზიანდა საკარმიდამო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურები. მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა სანიაღვრე არხებმა და ეზოებთან ერთად, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებამდე შეაღწია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელშიც. დაზარალდა ქალაქი ლაგოდეხი, პატარა გორი, მსახლგორი, ბაისუბანი და კაბალი. თელავის მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაუწევს კოორდინირებას.