ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისთან პირდაპირი დიალოგის დაწყების თემა აქტიურდება.
სერგეი შამბას შემდეგ ამ ინიციატივით ე. წ. ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია გამოდის, რომელიც დიდი ალბათობით რეგიონის მომავალი დე-ფაქტო ლიდერი იქნება. სწორედ ის იყო აფხაზეთში წინა კვირას გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ კი ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა.
ბჟანიას ურთიერთობების ნორმალიზება რამდენიმე ეტაპად ესახება და ახლო პერსპექტივაში ნომერ პირველ ამოცანად პროცესის მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევას მიიჩნევს.
არსებობს თუ არა თბილისსა და სოხუმს შორის წინაპირობების გარეშე პირდაპირი დიალოგის გამართვის შანსი, – პოლიტიკოსების და კონფლიქტებზე მომუშავე ექსპერტების ნაწილმა ბჟანიას გამოსვლიდან ოპტიმისტური გზავნილები ამოიკითხა.