ოკუპირებულ ცხინვალში გახმაურებული საქმეების გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით აქცია ისევ გაიმართა. მედია ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელზე დაყრდნობით წერს, რომ ცხინვალის ცენტრში 300-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. „არასანქცირებულ მიტინგზე“ სიტყვით გამოვიდნენ ე.წ. დეპუტატებიც.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში მიტინგები მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა ინალ ჯაბიევი, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ. საპროტესტო აქციებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის გადაყენება მოჰყვა.