ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. ვახტანგ ყოლბაიასა და გია გვაზავას თქმით, მიმდინარე პროტესტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყნისთვის სასიკეთოდ განვითარდეს. მათივე შეფასებით, ე.წ. მთავრობამ, რომ გაითვალისწინოს, ე.წ. ოპოზიციის მოთხოვნა და შეიცვალოს დე ფაქტო პრეზიდენტი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება უცვლელი დარჩება, რადგან ნებისმიერი თანამდებობის პირი იქნება პრორუსული განწყობის.
ოკუპირებულ აფხაზეთში, უკვე მეოთხე დღეა, დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეჭრილი. სოხუმში არეულობა ე.წ. შეთანხმების პროექტს მოჰყვა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ინვესტორი რვა წლით თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, ასევე კორპორაციული ქონების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადისგან. დამატებითი ღირებულების გადასახადი კი ინვესტორისთვის იქნება მხოლოდ ხუთი პროცენტი.
15 ნოემბერს „რუსული ინვესტიციების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების განხილვა გადაიდო. აქციის მონაწილეები კი ე.წ. შეთანხმების წინააღმდეგ კენჭისყრას ითხოვდნენ. ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, შეკრებილებმა ჯერ ე.წ. პარლამენტის შენობის ღობე გაარღვიეს, შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.