ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის ეზოში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა კი აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ადგილობრივ ტელეგრამის არხებზე ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ე.წ. უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები ისევ გრძელდება. ტელეგრამის არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი დემონსტრანტებთან გავიდა და მოთხოვნების ე.წ. პრეზიდენტისთვის გადაცემას დაჰპირდა. მომიტინგეებთან მივიდა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრიც. მანამდე, ე.წ. პარლამენტში „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ.შეთანხმების პროექტისთვის კენჭისყრა გადაიდო. თუმცა, აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ე.წ. დეპუტატებმა ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ ხმა დღესვე მისცენ. ეს ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ინვესტორი რვა წლით თავისუფლდება საბაჟო, ასევე კორპორატიული ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებისგან.

დამატებითი ღირებულების გადასახადი კი ინვესტორისთვის იქნება მხოლოდ ხუთი პროცენტი. ოკუპირებულ აფხაზეთში აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტის მიღება საზიანო იქნება ეკონომიკისთვის და საფრთხეს შეუქმნის ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოებას.