ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ადგურ არძინბამ ე.წ ხელისუფლებას მოუწოდა, „ყველა მწვავე საკითხი, რომელიც ხალხს ყოფს და საზოგადოებას აღელვებს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადადოს. თუ ხელისუფლება ამას არ დათანხმდება, უახლოეს დღეებში შესაძლო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და მის გარემოცვას“ – წერს არძინბა თავის ტელეგრამარხზე.

ოპოზიციონერის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებებმა, რაც გულისხმობს აქტივისტების დაკავებას, მკვეთრად დაძაბა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტს კენჭი დღეს უნდა უყარონ. ეს ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ინვესტორი რვა წლით თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, ასევე კორპორატიული ქონების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადისგან. დამატებითი ღირებულების გადასახადი კი ინვესტორისთვის იქნება მხოლოდ ხუთი პროცენტი.

ოკუპირებულ აფხაზეთში აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტის მიღება საზიანო იქნება ეკონომიკისთვის და საფრთხეს შეუქმნის ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოებას. ე.წ. შეთანხმების პროექტს საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც ავტომობილით ჭიშკარი შეანგრიეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციასთან კი სამხედრო ტექნიკა დააყენეს. ამასთან, დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებიც ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას ეწინააღმდეგებოდნენ.