ისრაელში განვითარებული პროცესების შედეგად, საქართველოს ელჩის განცხადებით, საქართველოს მხოლოდ ერთი მოქალაქეა მსუბუქად დაშავებული. ლაშა ჟვანიას თქმით, საელჩოს ისრაელში მცხოვრებ ქართველებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ელჩი მოუწოდებს მათ თავი შეიკავონ დიდი ხნით გარე სივრცეში ყოფნისგან, სადაც თავშესაფარი არ არის. ისრაელში მცხოვრები ქართველები პირველ არხთან ყვებიან, რომ ქალაქები თითქმის უწყვეტი სიხშირით იბომბება და ასევე დაპირისპირებაა ებრაელ და არაბ მოსახლეობას შორის.
ისრაელში მიმდინარე პროცესებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება, რომელიც განცხადებას „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს: „მკაცრად ვგმობ ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც მიმართულია ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს და სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაჭრილებს. სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია ალტერნატივა არ აქვს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი თავიდან იყოს აცილებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მოამბე