ვითარება ისრაელში

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში 600-ზე მეტი სამხედრო სამიზნე გაანადგურა და „ჰამასის“ წინააღმდეგ ავიაიერიშების გაგრძელებას გეგმავს. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურები, სავარაუდოდ დღის ბოლოს ღაზის სექტორში სახმელეთო შეჭრის გეგმებს დაამტკიცებენ. ეს გეგმები, რომლებსაც ღაზის სამმართველო და სამხრეთის სარდლობა ადგენს, შემდეგ შესაძლოა, ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განსახილველად გადაეცეს. ბოლო დღეების განმავლობაში, პოტენციური შეჭრის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მედესანტეების ბრიგადადან, გოლანის ქვეითი ბრიგადადან და მე-7 ჯავშანსატანკო ბრიგადადან საზღვართან დამატებითი სახმელეთო ჯარები განალაგა. ისრაელის სამხედრო ავიაციის იერიშების დაბომბვების შედეგად, ღაზის სექტორში მსხვერპლის რიცხვი 69-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. არაბულ ანკლავში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის 17 ბავშვი და 8 ქალია. ავიაიერიშების შედეგად 400-მდე ადამიანია დაშავებული. მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა ისრაელშიც. ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ქალაქ სდეროთში საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა, რასაც ხუთი წლის წლის ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა სულ მცირე 20 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაპირისპირების შედეგად უკვე 7 ადამიანი დაიღუპა. რადიკალურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმები მას შემდეგ განაახლა, რაც ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში მესამე შენობა გაანადგურა. აღნიშნულ შენობაში „ჰამასის“ სამხედრო სტრუქტურები იყო განთავსებული. ბოლო ერთ დღეში, ისრაელის მიმართულებით, არაბული ანკალვიდან 180 რაკეტა ისროლეს, გასული კვირის შემდეგ კი, 1 600. ისრაელის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, ღაზას სექტორზე იერიშების გააქტიურების გადაწყვეტილება დაამტკიცეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას. სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა ისრაელის მოქალაქეებისა და პალესტინელების უსაფრთხო თანაცხოვრების საჭიროებას. აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ამასთან, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ შექმნილ სიტუაციაში ისრაელს ძალის გამოყენება მოუხდა, რადგან ისრაელის სახელმწიფოს თავს ესხმიან.

მოამბე