საპროტესტო აქციები სომხეთის დედაქალაქში. მოსახლეობის პროტესტი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ქუჩებში ათასობით ადამიანი მას შემდეგ გავიდა, რაც ქვეყნის პრემიერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთთან ერთად, მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შეთანხმებას ხელი მოაწერა. პრემიერის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები კანცელარიის შენობაში შეიჭრნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობაც დაიკავეს. დემონსტრანტებმა შენობაში მინები ჩაამსხვრიეს, დააზიანეს ტექნიკა, ისინი სკანდირებდნენ, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არ შეეგუებიან. პარლამენტში შეჭრილი ადამიანების ერთი ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს დაესხა თავს. გავრცელებული ცნობით, მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სომხეთის პრემიერი მთელი ღამის განმავლობაში მოუწოდებდა მომიტინგეებს სახლებში დაბრუნებულიყვნენ.