ვითარება აშშ-ში - პოლიტიკური შეფასებები საქართველოში

ქართული პოლიტიკური სპექტრი ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობის შტურმის ფაქტს ნეგატიურად აფასებს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მომხდარი ვერ შეუქმნის საფრთხეს ამერიკულ დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. რაც შეეხება საქართველოსთან პარალელის გავლებას, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ არსებული განსხვავებების გათვალისწინებით, ეს არასწორი მიდგომაა. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელის გავლების საკითხზე ოპოზიციის ერთი ნაწილი არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც. სააკაშვილის ამ განცხადებას არ ეთანხმებიან არც მმართველ პარტიაში, სადაც ამბობენ, რომ პარალელის გავლება მხოლოდ იმ მიმართულებითაა შესაძლებელი, თუ რა გავლენას ახდენს პოლიტიკური მოწოდებები ხელისუფლების დამხობის ან სახელმწიფო ინსტიტუტებში შევარდნის შესახებ.