ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის ქალაქებზე დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმისა და ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან თითქმის 11 თვის თავზე, ადგილობრივ ხელისუფლებაზე, როგორც ქვეყნის მოსახლეობის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლა ძლიერდება. ისრაელში საპროტესტო გამოსვლებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც ღაზაში ექვსი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს. მთავარი მოთხოვნა პალესტინურ ანკლავში ცეცხლის შეწყვეტისა და დარჩენილი მძევლების სახლებში დასაბრუნებლად შეთანხმების მიღწევაა. ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებს მთავარი მოკავშირე ამერიკაც. ჯო ბაიდენი პირდაპირ აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერი მძევლების გასათავისუფლებლად საკმარის ძალისხმევას არ მიმართავს.