ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ვითარება ახლო აღმოსავლეთში ისევ რთულია – თეირანში ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმები განხორციელდა. შედეგად ირანის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე უბნებში ელექტროენერგია გაითიშა. ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, იერიშის პირველი ტალღის სამიზნედ თეირანსა და თავრიზში ის ცენტრალური სამეთაურო ცენტრები იქცა, სადაც „ირანის ტერორისტული რეჟიმის მებრძოლები იყვნენ განლაგებული“. დარტყმების მეორე ტალღის სამიზნედ კი ლიბანი იყო. იერიშები განხორციელდა ბეირუთის სამხრეთ გარეუბან დაჰიეზეც.

მიზანი „ჰეზბოლას“ კუთვნილი ინფრასტრუქტურის განადგურება იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბეირუთის ცენტრში თავდასხმის სამიზნედ ერთ-ერთ მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იქცა. ირანმა კი ისრაელის მიმართულებით ღამის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე რაკეტა სამჯერ გაუშვა. საჰაერო განგაშში იყო თელ-ავივშიც, ისრაელის ცენტრალური და დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილებში.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ქუვეითში აშშ-ის ბაზას ორი რაკეტა ესროლეს. მათივე განცხადებით, უწყვეტი, მიზანმიმართული და ძლიერი დარტყმები იქამდე გაგრძელდება, სანამ ომის ჩრდილი ირანიდან არ გაქრება.