ვიტალი კლიჩკოს განცხადება

უკრაინაში მიმდინარე ომი, რუსული აგრესია და დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა – ამ თემებზე იტალიურ მედიასთან კიევის მერმა ისაუბრა. ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშეა. „გააგრძელებს ომს ახალი სიკვდილით და ნგრევით, თუ განიხილავს ტერიტორიულ კომპრომისს პუტინთან? და ამ შემთხვევაში რა ზეწოლა იქნება ამერიკიდან, თუ ტრამპი გაიმარჯვებს? და როგორ ავუხსნათ ქვეყანას, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიის ის ნაწილები, რასაც ათასობით ჩვენი მებრძოლი გმირის სიცოცხლე ემსხვერპლა? რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშეა“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

კიევის მერის თქმით, ზელენსკის, სავარაუდოდ, რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს, რადგან ასეთი მტკივნეული და მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევას სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე ვერ შეძლებს. კლიჩკოს განცხადებით, ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა იყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა, როგორიც ისრაელში ჩამოყალიბდა, თუმცა, დარწმუნებული არ არის, რომ ზელენსკი მზადაა დათმოს მის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება.